05:53:48

Share |

დუშეთის საკრებულომ ყოფილ შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს 1,5 ჰა მიწის ნაკვეთი გადასცა

ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დგნალში მდებარე 15 000 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 4 შენობა-ნაგებობა გადასცა. საჯარო რეესტრის მონაცემებში მითითებულია, რომ უძრავი ქონება სახელმწიფოს მიერ იქნა პრივატიზებული, თუმცა სინამდვილეში იგი ყოფილმა მინისტრმა დუშეთის საკრებულოსგან საკუთრების უფლების აღიარების გზით მიიღო. ამ მიწის შესახებ ინფორმაცია ალექსანდრე ჭიკაიძემ ქონებრივ დეკლარაციაში არ შეიტანა.

ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე მუშაობდა, ხოლო შემდეგ მალევე დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობაზე.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2016 წლის 13 მაისს ალექსანდრე ჭიკაიძის საკუთრებაში დარეგისტრირდა დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ დგნალში მდებარე 15 000 მ2 ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც 4 ერთეული შენობა-ნაგებობაა განთავსებული.

აღნიშნული მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით იკვეთება რამდენიმე გარემოება, რომელიც იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ საკუთრების უფლების აღიარება შესაძლოა კანონდარღვევით მომხდარიყო. კერძოდ:

როგორც საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებაში, ისე სარეგისტრაციო წარმოების სხვა დოკუმენტებშიც (განცხადების მიღების ბარათი, გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ) მითითებულია, თითქოს უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა სახელმწიფოს მიერ პრივატიზების აქტის საფუძველზე განხორციელდა.

თუმცა, ყურადღება მიიქცია საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებულმა ჩანაწერმა, სადაც აღნიშნულია, რომ რეგისტრაციისას უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა არა პრივატიზების აქტი, არამედ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 6 მაისს გაცემული საკუთრების მოწმობა №46.

ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დავადგინეთ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ალექსანდრე ჭიკაიძეს სახელმწიფოსგან პრივატიზების წესით არ შეუძენია, - ეს ქონება მან თვითნებურად დაიკავა, ხოლო შემდეგ მასზე საკუთრების უფლება დუშეთის საკრებულოსთან არსებული აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით დაიკანონა.

კანონის თანახმად, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პირს იგი თვითნებურად ჰქონდა დაკავებული 2007 წლის 20 სექტემბრამდე მაინც და ეს ნაკვეთი უფლების აღიარების მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ იყო განკარგული. სინამდვილეში ფლობდა თუ არა ყოფილი შს მინისტრი დაკანონებულ მიწას 2007 წლის 20 სექტემბრამდე, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ გაგვაჩნია. საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ გარემოება, რომელიც ალექსანდრე ჭიკაიძეს სოფელ დგნალთან აკავშირებს, არის ის, რომ წარმოშობით ამ სოფლიდან იყო მისი ბებია სიდო ჭიკაიძე, რომელსაც რაიმე უძრავი ქონება საკუთრებაში არ ერიცხებოდა.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, რომელიც მან 2017 წლის 18 იანვარს წარადგინა, ინფორმაცია აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საერთოდ არ ასახა.

ყოფილი შს მინისტრის დეკლარაციაში ასევე არ იქნა შეტანილი ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობაში მისი უშუალო მონაწილეობის შესახებ. კერძოდ, 2016 წლის 26 აპრილს ალექსანდრე ჭიკაიძემ, ამჟამად პარლამენტის წევრ ისკო დასენთან ერთად, დააფუძნა შპს „ლეგიონი 2016“, სადაც კაპიტალის 49 % წილს ფლობდა. 2016 წლის 1 ნოემბერს მან, ისევე როგორც ისკო დასენმა, საკუთარი წილი გაასხვისა და ამით სამეწარმეო საქმიანობა შეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები კანონში „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, რომლის თანახმადაც საჯარო სამსახურის ბიურომ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პროაქტიულად უნდა შეამოწმოს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისწორე და სისრულე, ხოლო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, თანამდებობის პირს შესაძლოა დაეკისროს ადმინისტრაციული ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.



ფირნიშები

სხვა ამბები

რუსთავის საბავშვო ბაღში შეტანილ საქონლის ხორცში თეთრი პარკუჭები აღმოაჩინეს

რუსთავის N21-ე საბავშვო ბაღში შეტანილ საქონლის ხორცში თეთრი პარკუჭები აღმოაჩინეს, ხორცს ფერი ჰქონდა შეცვლილი და ლორწოიანი იყო. ამის შესახებ „პირველ არხს“ ბაღის გამგემ განუცხადა. ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, საეჭვო ხორცის პარტიის გამოყენება ყველა საბავშვო ბაღში აიკრძალა.

დაწვრილებით  

ევროპის უძველესი პაგანები: ეთნიკური მარიელების ცხოვრება უღრან ტყეში - The Guardian [Photos]

პაგანიზმი (Paganus - ლათ: სოფლის მცხოვრები) მრავალღმერთიული ხალხური რელიგიური ტრადიციებია, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ხალხი დღესაც მისდევს. ფოტოჟურნალისტმა იკურუ კუვაძიმამ რუსეთის ფედერაციაში არსებულ მარი-ელის რესპუბლიკაში ერთი წლის განმავლობაში იმოგზაურა და თითქმის ყველაფერი გაიგო ეთნიკურ მარიელთა პაგანისტურ რელიგიასა და კუდიანობაზეც კი. დაწვრილებით  

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31