04:56:24

ფირნიშები
Share |

თამაზ თამაზაშვილი – „ადეიშვილმა შემომითვალა, ჩემი ბრალი არ არის, ყველაფერს სააკაშვილი მავალებდაო“

თამაზ თამაზაშვილი – „ადეიშვილმა შემომითვალა, ჩემი ბრალი არ არის, ყველაფერს სააკაშვილი მავალებდაო“„ადეიშვილთან ერთად სააკაშვილსაც ვუჩივი. სააკაშვილმა ხომ ჩამსვა ციხეში, ამასაც არ დასჯერდა და თავისი გამოსვლებით დიდი მორალური ზიანი მიაყენა ჩემს ოჯახს. ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებდა, ვითომ კრიმინალი ვიყავი. თუ ასე იყო, მაშინ სად იყო 9 წელიწადი? მე არსად წავსულვარ, საქართველოში ვცხოვრობდი“, – აცხადებს შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი.

თამაზაშვილი სამართალდამცავებმა 2011 წლის 11 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა თამაზ თამაზაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I და II ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა შენახვას და ტარებას ითვალისწინებს. თამაზ თამაზაშვილი დანაშაულს არ აღიარებდა. პატიმრობიდან ის არჩევნების შემდეგ გაათავისუფლეს. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ პროკურორსა და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება 9 ოქტომბერს დაამტკიცა და თამაზაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თამაზ თამაზაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჟურნალ „გზის“ კორესპონდენტმა თეა ხურცილავამ ჩაწერა. ინტერვიუში თამაზაშვილი მისი დაკავების დეტალებს და ციხეში გატარებულ პერიოდს იხსენებს. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას.

„ჩემი უმცროსი გოგონა სკოლაში მიმყავდა და კოსტავას ქუჩაზე გამაჩერეს. მათ შორის ერთი ნაცნობი პოლიციელი, გოჩა ბაღათრიშვილი იყო. უნდა წამოხვიდეო, გადამსვეს თავის მარშრუტკაში და ისე წამიყვანეს, რომ ბავშვიც არ მიმაყვანინეს სახლში. ძალიან ცუდი ადამიანები იყვნენ. ჩემი მანქანა ქუჩაში დამატოვებინეს, დამირეკეს, ვერ დავქოქეთო, ავუხსენი როგორ დაექოქათ, მერე მანქანა ქალაქის სამმართველოს ეზოში მოიყვანეს. არავითარი ჩხრეკა არ ჩატარებულა. პირდაპირ მითხრეს, იარაღი გქონია მანქანაშიო. ის იარაღი სასამართლო პროცესზე ვნახე პირველად. გაფორმებული იარაღები მქონდა სახლში და გაუფორმებელს მანქანაში რატომ ჩავდებდი? სისულელეა... რა თქმა უნდა, მძიმეა, პოლიციის გენერალს რომ დაგიჭერენ. 28 წელი შს ორგანოებში ოპერატიულ სამსახურში, სხვადასხვა თანამდებობაზე ვიმუშავე, მაგრამ სულიერად მომზადებული ვიყავი და ვერ გამტეხეს. 2012 წელს ციხეში შევხვდი, მძიმე იყო, მაგრამ ღმერთის წყალობით, ახლა სიტუაცია ლაგდება.

- დაკავებამდე ხომ არ გითვალთვალებდნენ?

- ჩემს შვილთან, ნუნუკასთან ავედი და იქ იდგნენ. მაშინ გამომეკიდა მანქანა ნომრით - 777. ოპერატიული სამსახურის პატარა ბიჭები ისხდნენ. ისე გათავხედებულები იყვნენ, ყველაფერზე მიდიოდნენ. იარაღს და წამალს უპრობლემოდ უგდებდნენ ადამიანებს. გლდანის მერვე დაწესებულებაში ციხის თანამშრომლების 70% მხეცები იყვნენ, 30% - ადამიანები. გვერდზეც რომ გაეხედა პატიმარს, დედას აგინებდნენ და სასტიკად სცემდნენ. პრეზიდენტი უდანაშაულო ხალხს აჭერინებდა. მათ პიარში ბადალი არ ჰყავთ, მაგრამ შინაგანი ინტელექტი არა აქვთ. ციხის უფროსს - მუხაძეს, კილერას ეძახდნენ. წარმოიდგინეთ, რა მეტსახელის ადამიანები მუშაობდნენ იქ: რობოტა, გრძელთითა, ბოროტა, დიდმუშტა... დაკავებულებზე საშინელი ზეწოლა ხდებოდა. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ეკითხებოდნენ პატიმარს, - რამდენი წლის არის შენი შვილი? მოსულა შენი შვილის ასე და ასე? საშინლად იგინებოდნენ. თუ შეეპასუხებოდა პატიმარი, ცემაში ამოხდიდნენ სულს. ურტყამდნენ ღვიძლთან, თირკმელთან, ელენთასთან, მერე საავადმყოფოში არ გადაჰყავდათ და ავადდებოდნენ. ასე იღუპებოდნენ ახალგაზრდები. ჰქონდათ ისეთი საშუალებებიც, რომ ადამიანისთვის სისხლი გაესქელებინათ. მერე ბევრი გულით იღუპებოდა, ამას ვერანაირი ექსპერტიზით ვერ დაამტკიცებდი.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოგთხოვეს, თქვენს სიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს „ქართული ოცნება“ დაეტოვებინა, ეს მართალია?

- ციხის უფროსმა მუხაძემ მითხრა, - ირაკლის გამო დაგიჭირეს, იქნებ უთხრა, რომ პარტიიდან გამოვიდეს. მერე ყველაფერს გავაკეთებ, რომ აქედან გახვიდე, შენ არ იცი, აქ რა ხდებაო. - გამეცინა. - რა გაცინებსო? - ჩამეკითხა. - ამას მე როგორ გავაკეთებ, მე თვითონ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი, ალბათ ამასაც გაიკითხავდით-მეთქი. - მოვიტყუე, მე არ ვიყავი პარტიის წევრი. ისე, რომ იცოდე, ძალიან ცუდ ადგილზე მოხვდი და გირჩევ, დამიჯეროო, - მითხრა. ჩემთვის ფიზიკური სხეული არაფერს ნიშნავდა.

ციხის კადრები რომ გავრცელდა, ამაშიც მე დამადანაშაულეს და ესეც ადეიშვილმა შეთხზა, თითქოს ყველაფერი მე მოვაწყვე. ამ ბრალდებაზე გამეცინა, რადგან აბსურდი იყო. ციხეში ისეთი დისციპლინა იყო, ეს გამორიცხულია. თუმცა ვაღიარებ, აგიტაცია-პროპაგანდას ბუნებრივია, ვეწეოდი, როცა ამის საშუალება მომეცემოდა. ადეიშვილთან ერთად სააკაშვილსაც ვუჩივი. სააკაშვილმა ფიზიკურად ხომ ჩამსვა ციხეში, მაგრამ ამასაც არ დასჯერდა და თავისი გამოსვლებით დიდი მორალური ზიანი მიაყენა ჩემს ოჯახს. ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებდა, ვითომ კრიმინალი ვიყავი, კრიმინალებთან შეკრული. თუ ასე იყო, მაშინ სად იყო 9 წელიწადი? მე არსად წავსულვარ, საქართველოში ვცხოვრობდი. უსუსურ ბრალდებებს მიყენებდნენ. ყვარელში როგორ მოვაგვარე შეიარაღებული ფორმირებების პრობლემა, კარგად იცოდა ადეიშვილმა, სოფელ მთისძირში ცხოვრობდა, მაგრამ ის წარმატებულ ადამიანებს ვერ იტანს. ცოტა ხნის წინ ადეიშვილის ახლობელი დამიკავშირდა და უცხოეთიდან მისი დანაბარები გადმომცა: - ჩემზე ძვირი გული ნუ ექნება, ჩემი ბრალი არ არის, ყველაფერს სააკაშვილი მავალებდაო. ესენი ისევ ხბოს თვალებით იყურებიან, ხომ შეიძლება დანაშაულის გრძნობა გაუჩნდეთ? მაგრამ - არა! უამრავი ადამიანი გაამწარეს და პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე.

- პრეზიდენტი პრეტენზიებს გიყენებთ და აცხადებს, რომ როცა კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი იყავით, კრიმინალებთან გქონდათ კავშირი. ისიც ყველამ ვიცით, რომ ადამიანის გატაცებები ხშირი იყო. როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს, რეალურად რა ხდებოდა პანკისში?

- მოგეხსენებათ, ჩეჩნებსა და რუსებს შორის ბრძოლა იყო, 1998-99 წლებში უამრავი დევნილი მოგვადგა ხევსურეთის მხრიდან. ახმეტის რაიონში არის ჩეჩნური დიასპორა. შევარდნაძის მთავრობას სხვა გზა არ ჰქონდა - დაჭრილი ბავშვები და ქალები როგორ შეიძლებოდა, არ შემოეშვათ? თან იმ პერიოდში დიდი თოვლი მოვიდა. ყველანი პანკისში შევიდნენ. ასევე, იქ აღმოჩნდნენ მეომარი ჩეჩნებიც და კრიმინალებიც. მათ კრიმინალებს ჩვენი კრიმინალები დაუკავშირდნენ და დაიწყო ადამიანთა გატაცებები. უკონტროლო გახდა სიტუაცია. იმდენი ბილიკებია, ნარკოტიკებიც გადმოდიოდა. რეალურად ჩვენი გადარჩენილია პანკისი, ნელ-ნელა აღვკვეთეთ დანაშაულები. ესენი მზამზარეულზე მოვიდნენ და ახლა ბევრს საუბრობენ. ამდენს რომ მაბრალებდნენ, თუ ასე იყო, ხომ შეეძლოთ, ერთი ადამიანი მოეძებნათ, რომელიც ამას იტყოდა, მაგრამ რაც არ იყო, იმას ვინ იტყოდა? იმიტომ ვუჩივი სააკაშვილს, - იმის მტკიცებულება დადოს, რასაც ამბობდა. ისტორიული პროცესები იყო, ასე იოლი არ იყო სიტუაციის გაკონტროლება. რუსეთს კავკასიური ომის დაწყება სურდა და ჩვენ ეს არ დავუშვით. რა თქმა უნდა, კარგია, პატრულის თანამშრომლები ქრთამს რომ არ იღებენ, მაგრამ ოპერატიული სამსახური ხალხს წამალს და იარაღს უდებდა, მერე „საპროცესოებს“ უფორმებდნენ. ოფიციალურის გარდა, არაოფიციალურად, ხალხს მილიონებს ართმევდნენ. სად წაიღეს ამხელა თანხები?

- ამბობენ, რომ მინისტრი თქვენთან შეთანხმებით ნიშნავს კადრებს. მათ რიცხვში მისი მოადგილე ალეკო ტაბატაძე დაასახელეს. რჩევებს აძლევთ, როგორც ყოფილი ძალოვანი?

- შვილს რჩევას არ აძლევს ადამიანი? სამსახურებრივ რჩევას არ ვაძლევ. იმიტომ, რომ ჩემს დროს სხვა სიტუაცია იყო, თან თვითონ იმდენი იცის, ჩემი დახმარება არ სჭირდება. რაც შეეხება ალეკო ტაბატაძეს, შეიძლება ადრე შევხვედრივართ, მაგრამ არავითარი კონტაქტი მასთან არ მქონია. ნაცვლიშვილსაც შორიდან ვიცნობდი“, – წერს გამოცემა.

სხვა ამბები

ჩინეთში საქმრომ თავის საცოლეს სახლის ნაცვლად 33-ტონიანი ქვა აჩუქა [Photos]

ჩინეთის ქალაქ ურუმჩის მკვიდრმა თავის საცოლეს 33-ტონიანი ქვა აჩუქა, რომელშიც 160 000 დოლარი გადაიხადა. ლიუ ფეიმ საცოლე ვან ფანფანს შეპირებული სახლის სანაცვლოდ ქვა აჩუქა, რომელიც კოლექციონერისგან იყიდა, ვისი თქმითაც ქვა მეტეორია. დაწვრილებით  

14 აპრილი ქართული ენის დღეა

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 24.08.17
09:00-12:00
Clear skyfrom northeast24°C1.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east27°C3.5m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast28°C2.8m/s
0mm
პარასკევი 25.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
შაბათი 26.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.5m/s
0mm
კვირა 27.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east23°C2.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 26 27
28 29 30 31