სირიიდან პანკისში დაბრუნებული 40-მდე ბავშვი ფსიქოლოგიური დახმარების გარეშეა დარჩენილი

სირიიდან პანკისში დაბრუნებული 40-მდე ბავშვი ფსიქოლოგიური დახმარების გარეშეა დარჩენილი

„სირიიდან პანკისის ხეობაში დაბრუნებული 40-მდე ბავშვი და 10-მდე ქალი ყოველგვარი ფსიქოლოგიური დახმარების გარეშეა დარჩენილი. ისეთ სიტუაციაში იყვნენ, ისეთი რაღაცეების გადატანა მოუხდათ, განსაკუთრებით ამ პატარა ბავშვებს, რომ მათთვის აუცილებელია ფსიქოლოგის დახმარება“, - ამის შესახებ პანკისის სათემო რადიოს ეთერში, გადაცემაში „მე და სახელმწიფო“ სოფელ დუისის მკვიდრმა მარინა გუმაშვილმა განაცხადა, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის სამსახურის იურისტია.

მარინა გუმაშვილის ინფორმაციით, სირიიდან დაბრუნებული რამდენიმე მრავალშვილიანი ოჯახი, 4-5 მცირეწლოვანი ბავშვით, სოციალურ დახმარებასაც ვერ იღებს.

„რამდენიმე ქალს არ აქვს მეუღლის გარდაცვალების მოწმობა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში არაერთი მიმართვის მიუხედავად, გარდაცვალების მოწმობის აღება დღემდე ვერ შეძლეს. ასევე, ბავშვებს, რომლებიც სირიაში არიან დაბადებული, არ აქვთ დაბადების მოწმობები. ფაქტობრივად მთელი ჯაჭვია, რის გამოც ვერ ახერხებენ, რომ მოგვმართონ საარსებო შემწეობის მისაღებად და ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან.

მაგალითად, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის ძმის, თამაზ ბათირაშვილის გარდაცვალების მოწმობის არგაცემის მიზეზად, მეუღლეს ის დაუსახელეს, რომ მედიით გავრცელდა, რომ გარდაიცვალა თამაზ ბათირაშვილი, დოკუმენტებში კი ის ცათიაშვილად არის გატარებული“, - აღნიშნა მარინა გუმაშვილმა.

პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, ბოლო წლებში სირიაში საბრძოლო მოქმედებებს 32 პანკისელი ემსხვერპლა.