საქართველო-დაღესტნის საზღვარზე აფეთქების შედეგად მესაზღვრე დაიღუპა

საქართველო-დაღესტნის საზღვარზე აფეთქების შედეგად მესაზღვრე დაიღუპა

საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთში, სასაზღვრო პოლიციის მე-5 სამმართველოში (ლაგოდეხი) მომხდარი აფეთქების შედეგად ქართველი მესაზღვრე დაიღუპა. როგორც „რეგინფოს“ სასაზღვრო პოლიციაში განუცხადეს, გუშინ საზღვართან გაზის ბალონი აფეთქდა. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი მესაზღვრეც.

„რუსთავი 2“-თან საუბარში ლაგოდეხის სამმართველოს ერთ-ერთი მესაზღვრე ამბობს, რომ დამწვრობები სამმა მესაზღვრემ მიიღო.

„ბიჭები კარავში იმყოფებოდნენ. შეშის ღუმელი ენთოთ. მის გვერდით მდგარა 4-კილოიანი გაზის ბალონი, რომელიც ეტყობა გახურდა და აფეთქდა. ვინც მასთან ახლოს იწვა, რუსთაველი ბიჭი, დაიღუპა. სამი ყოფილა დამწვარი“,- ამბობს ერთ-ერთი მესაზღვრე.

დაშავებული ორი მესაზღვრე დღეს თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ისინი სხეულის 27 და 45 %-ანი დამწვრობებით რეანიმაციაში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ქაშიბაძის ინფორმაციით, მესაზღვრეებს სასუნთქი გზები აქვთ დაზიანებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე რუბრიკაში

სიახლეები პანკისიდან