სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდა

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ორგანიზატორებისთვის რეგულაციები გამკაცრდა. შესაბამისი ბრძანება განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამოსცა.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების განხორციელების წესის“ თანახმად, ექსკურსიის ორგანიზატორმა/ხელმძღვანელმა სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღით ადრე უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების (მათ შორის, მცირეწლოვნების), პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ.

სკოლას დაევალა გადამყვანი კომპანიისგან/ფიზიკური პირისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ.

ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, თუ მოსწავლის წარმომადგენელი არ ახლავს მას ექსკურსიაზე.

აუცილებელია ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდეს სრულწლოვანი პირი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევა ექნება. სატრანსპორტო საშუალებაში უნდა იყოს განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა.

ექსკურსიის განხორციელების წესის დაცვა სავალდებულოა როგორც სკოლის, ასევე, მშობლების მიერ სასკოლო დროს ორგანიზებულ ექსკურსიებზე. აღნიშნული წესის დარღვევისას გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული წესი უკვე დაეგზავნა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. სამინისტრო მოუწოდებს ყველა საჯარო და კერძო სკოლას, რომ დადგენილი წესები ზედმიწევნით დაიცვან.

ამავე რუბრიკაში

სიახლეები პანკისიდან