მეუფე ვერტმფრენიდან კურთხევაზე - მოსკოვს ასე იცავდნენ და მტერი არ შევიდა

მეუფე ვერტმფრენიდან კურთხევაზე - მოსკოვს ასე იცავდნენ და მტერი არ შევიდა

ჩვენს ეპარქიას და საქართველოს საზღვრებს ხანდახან შემოვიფრენთ ხოლმე ხატებით და საზღვრებს ვაკურთხებთ. ადრე პატრიარქის კურთხევა იყო, რომ ყოველთვე თუ ვერ მოვახერხებთ, სამ თვეში ერთხელ მაინც ვაკურთხოთ. ამით საქართველოს ვიცავთ. ომიანობის პერიოდში, ასე, ხატები შემოატარეს მოსკოვს და მტერი ვერ შევიდა“, - აცხადებს ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი).

რაც შეეხება გრემის მონასტრის სასულიერო პირების მიერ, ვერტმფრენიდან,ყვარლის რამდენიმე სკოლაში ღია ცის ქვეშ, საგანგებოდ გამოყვანილი ბავშვების კურთხევას და მათთვის კანფეტების ჩაყრას, მეუფე ამბობს, რომ „ბავშვები გაახარეს“.

გრემის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის მამა იოანეს თქმით, კანფეტები ვერტმფრენიდან გასულ წელსაც ჩაუყარეს ბავშვებს ახალსოფლის საჯარო სკოლაში. „მომავალ წელს სხვა სკოლებს შემოვუფრენთ და სხვა ბავშვებს გავახარებთ.

ვერტმფრენის გამოყენებას რაც შეეხება, შინაგან საქმეთა სამინისტროში იცოდნენ ამის შესახებ, მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილიც საქმის კურსში იყო“, - უთხრა მამა იოანემ „რეგინფოს“.

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფომ“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში, გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა ბავშვები ვერტმფრენიდან აკურთხეს და კანფეტები ჩაუყარეს. შილდის N1 სკოლის მოსწავლეების თქმით, ისინი აქციის შემდეგ სკოლაში აღარ დაბრუნდნენ და გაკვეთილები გააცდინეს.სასულიერო პირები მსგავს აქციას რომ გეგმავდნენ, მოსწავლეები მასწავლებლებმა გააფრთხილეს, მასწავლებლების თქმით კი, ეს ინფორმაცია სკოლის დირექტორებისგან მიიღეს და ბავშვები სკოლის მოედნებსა თუ ეზოებში საგანგებოდ გაიყვანეს.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 15 ნოემბერს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენით კახეთის რეგიონის სოფელ ენისელის მიმართულებით გახორციელებული სავარჯიშო ფრენების დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

მომხდარი ფაქტის გამო, შსს-სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

ამავე რუბრიკაში

სიახლეები პანკისიდან