თუშეთის გზაზე ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი 18 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

თუშეთის გზაზე ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი 18 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, ოთხი დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაკარგული 18 წლის ბიჭის ცხედარი მდინარე სტორში იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო-საძიებო ოპერაცია დასრულებულია.

27 ივლისს, „კამაზი“, რომლითაც 12 ადამიანი ქვემო ალვანიდან თუშეთში მიდიოდა, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 23-ე კილომეტრზე, პირველ ჩანჩქერთან ახლოს, გზიდან ხევში გადავარდა. ორმა მგზავრმა მანქანიდან გადმოხტომა ხევში გადავარდნამდე მოასწრო, სამიც გადავარდნისას გადმოხტა და მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, შვიდი ადამიანი კი სატვირთო მანქანამ დაახლოებით 150 მეტრი სიღრმის ციცაბო ხევში ჩაიყოლა.

ექვსი გარდაცვლილის წყლიდან ამოყვანა პირველივე დღეებში მოხერხდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ მყვინთავებიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მდინარე სტორის უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობდა. პარალელურად სამაშველო ჯგუფები აწარმოებდნენ კალაპოტის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის დეტალურ დათვალიერებას.

ავტოავარიასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამავე რუბრიკაში

სიახლეები პანკისიდან