ბესიკ შუბითიძის დაჭრის საქმეზე ბრალდებული უჩა ილაშვილი პოლიციაში სასტიკად ცემეს - ადვოკატი

ბესიკ შუბითიძის დაჭრის საქმეზე ბრალდებული უჩა ილაშვილი პოლიციაში სასტიკად ცემეს - ადვოკატი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსის ბესიკ შუბითიძის დაჭრის საქმეზე ბრალდებული 34 წლის უჩა ილაშვილი, გურჯაანის პოლიციაში, დაკავებისას ცემეს და ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ამის შესახებ დღეს, გამართულ ბრიფინგზე ილაშვილის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.

საქმე ეხება 22 მარტს, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, მდინარე ალაზანზე მომხდარ ინციდენტს.პროკურატურის ინფორმაციით, სამოქმედო ტერიტორიის გეგმური შემოვლის დროს, ბრაკონიერებმა ბესიკ შუბითიძეს სანადირო თოფიდან ესროლეს და დაჭრეს.

უჩა ილაშვილის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, მომხდარი ისე გაშუქდა, თითქოს, ბრაკონიერი თორნიკე ტურიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რაც საეჭვოა და გამოძიებას საჭიროებს. ჩოფიკაშვილის თქმით, თორნიკე ტურიაშვილს ზურგში 5 ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს, რომელიც ბესიკ შუბითიძემ მიაყენა.

„თუ ეს ადამიანი თავდამსხმელი იყო და გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი შუბითიძე თავს იცავდა, გამორიცხულია, რომ ე.წ. ბრაკონიერს ცეცხლნასროლი ჭრილობები ზურგის არეში ჰქონდეს მიყენებული. არცერთ გამომძიებელს და პროკურორს ეს საკითხი დღემდე არ გაურკვევია. არ გამოკვლეულა, თუ რატომ ასრულებდა გარემოს დაცვის თანამშრომელი სამსახურებრივ მოვალეობას შიშველ მდგომარეობაში და რა ნორმატიული აქტით ხელმძღვანელობდა ის.

ასევე, არ ყოფილა გამორკვეული, რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსმა ორი ადამიანი, რომელთაც, ნავში მჯდომებს, პისტოლეტიდან გაუხსნა ცეცხლი და 10-ზე მეტი ტყვია დაახალა. აქედან 5 ტყვია გაარტყა ტურიაშვილს“, – ამბობს ადვოკატი.

არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, პოლიციელებმა თორნიკე ტურიაშვილს და უჩა ილაშვილს, სხვა ორ პირთან ერთად, დაკავების დროს, სასტიკად ცემეს.

ჩოფიკაშვილის განცხადებით, გურჯაანის პოლიციის სამმართველოში მიყვანის შემდეგ, მთელი ღამის განმავლობაში, პოლიციელები უჩა ილაშვილს ცემით აიძულებდნენ თორნიკე ტურიაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. ილაშვილი ცემაში ადანაშაულებს პოლიციის უფროსის მოადგილეს ბექა ახალაურს და ერთ-ერთ პოლიციელს ალექსანდრე შაკიაშვილს.

„მას სთხოვდნენ არასწორი ჩვენების მიცემას, რომელიც დაემთხვეოდა გარემოს დაცვის თანამშრომლების ჩვენებას, თითქოსდა გარემოსდაცვის თანამშრომელი თავს იცავდა თავდამსხმელი ბრაკონიერისგან.

მთელი ღამის ცემის და არასათანადო მოპყრობის შემდეგ ის დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის და შეასახლეს ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში. სწორედ იზოლატორის თანამშრომლების დროული და კანონიერი რეაგირების შედეგად დაფიქსირდა ის ფიზიკური დაზიანებები, რაც ილაშვილს აღენიშნებოდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

მოგვიანებით პროკურატურამ უჩა ილაშვილს ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად მისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. როგორც არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, მოსამართლემ გაითვალისწინა ის დაზიანებები, რაც ბრალდებულს ჰქონდა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

უჩა ილაშვილი და მისი ადვოკატი ითხოვენ, რომ გამოძიების დასრულებისა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ბექა ახალაურს და ალექსანდრე შაკიაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდეთ.

„ასევე,თანამდებობიდან აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსი შუბითიძე, რომელიც ყოველგვარი წესების გარეშე მოქმედებდა და მკველელობის მცდელობა ჩაიდინა ორი ადამიანის მიმართ.

უნდა მოხდეს მტკიცებულებების მოპოვება - ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების დროული ამოღება გურჯაანის პოლიციის განყოფილებიდან და სხვა წყაროებიდან; სამხრე ვიდაოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება - წესით გარემოს დაცვის თანამშრომლებს გადაღებული უნდა ჰქონდეთ ეს ფაქტი; ასევე, ამოღებული უნდა იქნეს, პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერები“, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

როგორც „რეგინფოს“ გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცავების მიერ უჩა ილაშვილის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ამავე რუბრიკაში

სიახლეები პანკისიდან