ლაგოდეხში ბრაკონიერმა ტყის მცველებს წინააღმდეგობა ბენზოხერხით გაუწია

ლაგოდეხში ბრაკონიერმა ტყის მცველებს წინააღმდეგობა ბენზოხერხით გაუწია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე ჭალის მუხის სახეობის ხეებს ბენზოხერხის გამოყენებით უკანონოდ ჭრიდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მოქალაქეს ხე-ტყის მოპოვების სათანადო დოკუმენტაცია მოსთხოვეს, მოქალაქემ ჩართული ბენზოხერხის საშუალებით მათ წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ დაემორჩილა ხეების ჭრის შეჩერების მოთხოვნას.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და სამართალდამრღვევი ლაგოდეხის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეს 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა და დარბაზიდან გათავისუფლდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, ამ მოქალაქის მიმართ შედგენილია 17 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ხე-ტყის უკანონო ჭრასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ჯარიმისა და გარემოზე მიყენებული ზიანის სახით, მას საერთო ჯამში 12 000 ლარი აქვს დაკისრებული.

სიახლეები პანკისიდან