გურჯაანში სავარაუდო მკვლელობის საქმეზე მოწმეები პოლიციას ძალადობაში ამხელენ

გურჯაანში სავარაუდო მკვლელობის საქმეზე მოწმეები პოლიციას ძალადობაში ამხელენ

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე დაკითხული მოწმეები პოლიციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი, არასრულწლოვანი მოწმე, რომელმაც პოლიციისთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში დანაშაულში მონაწილეობა აღიარა, ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ის ცემეს, აწამეს და აღიარებითი ჩვენება ისე დააწერინეს.

16 წლის მოწმეს სხეულის დაზიანებებიც აღენიშნება მარჯვენა თვალბუდისა და მუცლის არეში. პოლიციის მხრიდან ზეწოლის შესახებ მან ადვოკატის და სოციალური მუშაკის თანდასწრებით განაცხადა და თქვა, რომ პირველ ჩვენებას უარყოფს.

პოლიციის მხრიდან არასრულწლოვანი მოწმის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურამ დაიწყო. 16 წლის მოწმე დღეს დაკითხეს. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისი იცავს. მოზარდზე შესაძლო ზეწოლის საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს.

პოლიციისთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში არასრულწლოვანი მოწმე აღნიშნავს, რომ 34 წლის ვ. მ-შვილი მის ოჯახში ხშირად დადიოდა. მოწმის ჩვენების მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს, მის დას ვ. მ-შვილთან კონფლიქტი მოუვიდა, რა დროსაც თავში რკინის ნაჭერი ჩაარტყა, რის შედეგადაც ვ. მ-შვილი ძირს დაეცა და გარდაიცვალა. ჩვენების მიხედვით, რომელსაც არასრულწლოვანი მოწმე ახლა უარყოფს, მისმა დამ და მასთან ერთად მცხოვრებმა მამაკაცმა გვამი ტომარაში მოათავსეს, ტაქსი გამოიძახეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს.

გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს, პოლიციამ მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიდაწყვიტა, მაგრამ ცხედარი ვერ იპოვეს.

გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს 66 წლის თ. ა-შვილიც - იმ ტაქსის მძღოლი, რომლის მანქანითაც, არასრულწლოვანი მოწმის პირველი ჩვენებით, გვამი სახლიდან მდინარემდე ჩაიტანეს.

თ. ა-შვილის თქმით, პოლიციელები მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. ის დაკითხვის მიზნით, შს გურჯაანის სამმართველოში 20 აგვისტოს, შუადღეს გადაიყვანეს და 21 აგვისტოს, გვიან ღამით გაათავისუფლეს, ავტომობილი კი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. მოწმეს მარცხენა ყურზე და მუცლის არეში სისხლჩაქცევები აქვს. მან ადვოკატს მიმართა, თუმცა პროკურატურისთვის პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე ამ დრომდე არ უცნობებიათ.

არსებული ინფორმაციით, გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი სავარაუდოდ მოკლესდა მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამავე რუბრიკაში

სიახლეები პანკისიდან