ალაზნის ველზე ძვ. წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები აღმოჩნდა

ალაზნის ველზე ძვ. წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები აღმოჩნდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ალაზნის ველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მუშაობა დაასრულა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დაახლოებით ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები გამოვლინდა.

ალაზნის ველზე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა გუნდმა, გეოფიზიკური დაზვერვების შედეგად, დაახლოებით 1 ჰექტარზე განფენილი, სავარაუდოდ, ნახანძრალი ნაგებობის ნაშთები დააფიქსირა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რთული გეგმარების ნაგებობა - სასახლის ცენტრალური ექვსსვეტიანი დარბაზი. 1,5 მეტრი სისქის კედლები ალიზის აგურითაა ნაგები. დარბაზის ხის  სვეტები კირქვის ზარისებრი ფორმის ბაზისებს ეყრდნობა. ასევე, გამოვლინდა ალიზის აგურით ნაშენები კვადრატული პოდიუმი, რომელზეც, სავარაუდოდ, ტახტი ან საკურთხეველი უნდა მდგარიყო.

მუზეუმის ინფორმაციით, ბაზისების ზარისებრი ფორმა, ისევე როგორც ამავე ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი არქიტექტურული დეტალი - სავარაუდოდ კაპიტელის დეკორი, 

შესაძლებლობას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ეს ნაგებობა აქემენიდური ხანისაა და ქრისტეს შობამდე დაახლოებით V-IV საუკუნეებით უნდა დათარიღდეს.