ყვარელში ავარიის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა

ყვარელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ შილდაში მცხოვრები სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, გზიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ორად გაიყო. ერთი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, ორი კი ყვარლის კლინიკაში მიყვანისთანავე. გარდაცვლილები არიან 17, 21 და 22 წლის ახალგაზრდები. მძიმედ არის დაშავებული 19 წლის ბიჭი, რომელიც ავტომობილს მართავდა.

დაშავებული ყვარლის კლინიკიდან კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები და მუცლის ღრუში ორგანოების დაზიანებები აქვს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დაშავებული სოფელ შილდის მკვიდრია. ამავე სოფლის მცხოვრებლები იყვნენ გარდაცვლილებიც.

გაფრთხილებთ, ვიდეომასალა შეიცავს მძიმე კადრებს!

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის პირველ 6 თვეში 2729 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 224 და დაშავდა 3708 ადამიანი.

ყველაზე ხშირად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი სავარაუდო მიზეზებია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში; დისტანციის დაუცველობა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება.

ამავე რუბრიკაში

სიახლეები პანკისიდან