კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ზურაბ ბერიკაშვილი დაინიშნა

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ზურაბ ბერიკაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ზურაბ ბერიკაშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

2016 წელს ბერიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

მის სახელს უკავშირებენ საპატრულო პოლიციასთან მომხდარ ინციდენტს, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც 2015 წელს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა. ვიდეოდან ჩანს, რომ მოქალაქე პოლიციელს წინააღმდეგობას უწევს და საბუთების ჩვენებაზე უარს ეუბნება.

„ბიჭებო, ძალიან დიდ შეცდომას აკეთებთ და ერთ რამეს გეტყვით. დაიმახსოვრეთ, ზურა ვარ ბერიკაშვილი. ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ და სამხრეებს გაუფრთხილდით“, - ასე მიმართავს მოქალაქე პოლიციელს, რომელიც თავს პოლკოვნიკად წარადგენს.

კადრებში ასევე ჩანს, რომ მოქალაქე პოლიციასთან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას ცდილობს, პოლიციის რეაგირების შემდეგ კი ყვირის, რომ მას იარაღი ამოუვარდა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ბერიკაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ინციდენტში სხვა პირი მონაწილეობს, რომელიც ასევე ზურა ბერიკაშვილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ინციდენტში მონაწილე პირი ზურაბ ანზორის ძე ბერიკაშვილია, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა, გენერალურმა ინსპექციამ კი საკითხი შეისწავლა და საყვედური გამოუცხადეს. შსს-ს განმარტებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ზურაბ რობიზონის ძე ბერიკაშვილი დაინიშნა.

შოთა ჭანუყვაძე, რომელიც კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაიყვანეს.    

ამავე რუბრიკაში

სიახლეები პანკისიდან