23:46:35

ფირნიშები
Share |

ჟურნალისტური გამოძიება – ანაფორიანი ფეოდალი

ანაფორიანი ფეოდალისახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, საქართველოში საკუთრების უფლების დანაშაულებრივი ხელყოფის რიცხვი იზრდება. ძალოვანების მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად, მოქალაქეები იძულებულები ხდებიან, უძრავი ქონება „გააჩუქონ“. ოფიციალურად, სოლომონ ხახუტაშვილმა საკუთარი მიწის ნაკვეთი ნეკრესის ეპარქიას აჩუქა. ფაქტები კი იმაზე მიუთითებს, რომ ეპისკოპოსის დავალებით, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა და პროკურატურამ ქონება მას შანტაჟის გზით წაართვეს.

ხახუტაშვილების საქმე

სოფელ შილდაში, ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის ასასვლელთან მდებარე 1 ჰა საძოვარი მიწის ნაკვეთი სოლომონ ხახუტაშვილმა 2008 წლის 17 აპრილს აუქციონზე იყიდა. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ მიწის ნაკვეთი 90 ლარად იყო შეფასებული. მიწის პრივატიზების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ხახუტაშვილმა მიწის ნაკვეთის საფასური წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის ვადაში გადაიხადა, რის გამოც საფასური განახევრდა. 2008 წლის 24 აპრილს სოლომონ ხახუტაშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურში მიწის ნაკვეთი საკუთრებად დაირეგისტრირა.

ხახუტაშვილები ამ ნაკვეთს აუქციონის წესით შესყიდვამდეც ფლობდნენ, ოღონდ იჯარით. სოლომონ ხახუტაშვილსა და ყვარლის რაიონის გამგეობას შორის 2000 წელს დადებული იჯარის ხელშეკრულება პირველად სადაო 2008 წლის იანვარში გახდა. საქმის მასალების მიხედვით, მუნიციპალიტეტის გამგეობამ ხახუტაშვილთან დადებული საიჯარო ხელშეკრულება გადასახადის გადაუხდელობის მიზეზით გააუქმა, რაც ხახუტაშვილმა რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე ხახუტაშვილს გადასახადის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვს წარდგენილი. საქმის არსებითი განხილვის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოწინააღმდეგე მხარის სარჩელი სცნო. მოსამართლე ოლია სეფიაშვილმა 2008 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით, ხახუტაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და მიწის ნაკვეთი მის სარგებლობაში დააბრუნა. მხარეებს სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ და კანონიერ ძალაშია შესული.

მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ხახუტაშვილებს პრობლემა მეორედ 2009 წლის დეკემბერში შეექმნათ.

„2009 წლის 24 დეკემბერს სახლში სოფლის გამგებელმა რამაზ ლამაზოშვილმა მოგვაკითხა. მან გვითხრა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ზაზა ლომიძის მიერ იყო გამოგზავნილი და გვთხოვა, გავყოლოდით. საკრებულოში მე და ჩემი მეუღლე წავედით. ლომიძემ მიგვითითა, რომ მიწა, რომელიც 2008 წელს ვიყიდეთ, უსასყიდლოდ უნდა დაგვეთმო. თუ არ დათმობთ, მაინც წაგართმევენ და დავას თუ დაიწყებთ, რაც გირგვლიანის ოჯახს დამართეს, იგივე დაგემართებათო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ვკითხეთ, ვინ იყო მიწის ნაკვეთით დაინტერესებული, რომ მას მოვლაპარაკებოდით. ლომიძემ დაინტერესებული პირის ვინაობა არ გაამჟღავნა. მიწის უსასყიდლოდ დათმობაზე უარი ვთქვით“, - აღნიშნავს სოლომონ ხახუტაშვილის მეუღლე მანანა ხახუტაშვილი.

ზაზა ლომიძე, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: „ნეკრესისა და ჰერეთის ეპისკოპოსთან ახლო ურთიერთობა მაქვს. მეუფე სერგიმ მითხრა, რომ ნეკრესის შესასვლელთან მდებარე ნაკვეთი ეპარქიას სჭირდებოდა. მონასტრის შესასვლელში მუზეუმის, ავტოსადგომის, სატრაპეზოს მშენებლობაა დაგეგმილი და ეს ადგილი ამიტომ გვინდაო. მეც დავიბარე ხახუტაშვილები და ვთხოვე, რომ ნაკვეთი დაეთმოთ, რაზედაც უარი თქვეს. მე მათ არ დავმუქრებივარ“.

მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ხახუტაშვილებისგან მიწის ნაკვეთის დათმობაზე უარი მიიღო, ხახუტაშვილებს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან გამსახურდია შეხვდა. „გამგებელმა შემოგვითვალა, ეგ მიწა დათმეთ და ნაკვეთს სადმე სხვაგან მოგცემთო. ქალიშვილის დასაქმებასაც დაგვპირდა, მაგრამ არ დავთანხმდით“, - ამბობს მანანა ხახუტაშვილი.

ლევან გამსახურდია, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „ეკლესიას უნდოდა ეგ ნაკვეთი. ტურიზმი უნდა განვითარდეს. ხახუტაშვილებს მართლაც ვუთხარი, რომ ნეკრესის შესასვლელთან მდებარე ნაკვეთის დათმობის სანაცვლოდ, მიწის ფართობს სხვაგან გამოვუძებნიდი, მაგრამ იუარეს. მეტი შეხება აღარ მქონია“.

ნეკრესისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა სერგიმ (ჩეკურიშვილი) ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ სოლომონ ხახუტაშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით ნამდვილად ეპარქია იყო დაინტერესებული. მეუფეს თქმით, ნაკვეთის გადაცემის სანაცვლოდ, ხახუტაშვილს ის გარკვეულ თანხასაც სთავაზობდა, თუმცა ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

ამის შემდეგ საქმეში კახეთის საოლქო პროკურატურა ჩაერთო.

სოლომონ ხახუტაშვილი: „2010 წლის 8 იანვარს კახეთის საოლქო პროკურატურაში დაგვიბარეს. პროკურორის პირველი მოადგილე ვაჟა მაღრაძე და გამომძიებელი ილია ჯანგულაშვილი შეგვხვდნენ. მაღრაძემ ფასი გვკითხა. ვუთხარით, რომ ნაკვეთს 10 000 დოლარად გავყიდდით. მიწის ნაკვეთი 45 ლარად იყიდეთ და 10 000 დოლარად გაყიდვა გინდათ, თქვენთან ლაპარაკი არ შეიძლება, ამ საქმეს ჩვენ მივხედავთო“, - გვითხრა მაღრაძემ“.

2010 წლის 11 იანვარს კახეთის საოლქო პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მუშაკების მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. ოფიციალური ცნობით, საქმის აღძვრას საფუძვლად ოპერატიული ინფორმაცია დაედო.

„2008 წლის 17 აპრილს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამმართველოს მეშვეობით სოლომონ ხახუტაშვილმა ყვარლის რაიონის სოფელ შილდის ტერიტორიაზე შეიძინა ერთი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი (საძოვარი) 45 ლარად. როგორც გამოძიებით დადგინდა, 2000 წლის 10 ნოემბრით დათარიღებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სოლომონ ხახუტაშვილი ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფლობდა, უკანონოა და კანონმდებლობის უხეში დარღვევით არის გაფორმებული. კერძოდ, იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მას შემდეგ რაც მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისია განიხილავდა მოქალაქეზე მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის საკითხს, აღნიშნული გადაწყვეტილება  სხდომაზე რაიონულ გამგეობას უნდა დაემტკიცებინა და მხოლოდ ამის შემდეგ იყო შესაძლებელი მოქალაქესთან გაფორმებულიყო ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში კანონის ეს მოთხოვნა უხეშად იქნა დარღვეული. კერძოდ, რაიონულმა გამგეობამ ხახუტაშვილისთვის მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის საკითხი განიხილა 2000 წლის 16 ნოემბერს, მაშინ როდესაც 2000 წლის 10 ნოემბერს მასთან უკვე გაფორმებული იყო უკანონო ხელშეკრულება.

ამასთან, გამოძიებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული დარღვევის დასაფარავად, 2008 წლის აპრილის თვეში ქონების მართვის სამმართველოში სოლომონ ხახუტაშვილმა წარადგინა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაყალბებული ერთი პირი. კერძოდ, გადასწორებული იყო ხელშეკრულების გაფორმების თარიღი და ნაჩვენები იქნა თითქოს ხელშეკრულება გაფორმდა 2000 წლის დეკემბრის თვეში“, - განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში.

სოლომონ ხახუტაშვილი: „ხელშეკრულება მე არ გამიყალბებია. დოკუმენტში რომაული ციფრებით დაწერილ თერთმეტზე ერთი ხაზი პროკურატურაში თვითონ დაამატეს და მეთერთმეტე თვე მეთორმეტედ, ანუ დეკემბრად გადააკეთეს. ამით სურდათ ჩემი ბრალეულობა გამოეკვეთათ. ხელშეკრულების სხვა პირებში ყველგან 10 ნოემბერია მოცემული. იჯარის ხელშეკრულება 2000 წელს დარღვევითაც რომ გაეფორმებინათ, მე რა შუაში ვარ თუ მათ მოგვიანებით დაამტკიცეს სხდომაზე. მიწის ნაკვეთს იჯარით გამგეობა გასცემს, ხელშეკრულებასაც გამგეობა ადგენს, მე მხოლოდ ხელი მოვაწერე“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის თამარ კორძაიას თქმით, კახეთის საოლქო პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის უფლება არ ჰქონდა. „უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ხახუტაშვილების მიერ მიწის ნაკვეთი პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობის დაცვით იყიდეს, ანუ მათ ადმინისტრაციულ ორგანოსთან ჰქონდათ ურთიერთობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ გასცა დოკუმენტი (პრივატიზაციის ხელშეკრულება), რომელიც ადასტურებდა, რომ მიწა კერძო პირის საკუთრებაში გადავიდა. ასეთ აქტებს კანონმდებლობა უწოდებს აღმჭურველ აქტებს. კანონმდებლობითვე ასეთი აქტების ბათილად ცნობისათვის გათვალისწინებულია განსაკუთრებით რთული პროცედურების გავლა. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი აქტი უკანონო აღმოჩნდა, კანონმდებელი კერძო პირის ინტერესების დაცვის მიზნით ადგენს კანონიერი ნდობის პრინციპს, რომლის თანახმად ასეთი აქტების გაუქმება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ არ ილახება სხვა პირთა კანონიერი ინტერესები. ხახუტაშვილების საქმეში აშკარად ჩანს, რომ სხვა პირების ინტერესები მათთვის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის დროს არ შეზღუდულა. რაც შეეხება უშუალოდ ხანდაზმულობის ვადებს, პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ დანაშულის ნიშნები არ იკვეთება, მაგრამ რომც იკვეთებოდეს გასულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ვადა“, - აღნიშნავს კორძაია.

იმის დასაზუსტებლად, თუ როდის იმსჯელა ყვარლის რაიონის გამგეობამ სოლომონ ხახუტაშვილისთვის მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 2000 წლის 16 ნოემბრის სხდომის ოქმი მოვითხოვეთ. 2010 წლის 26 იანვარს ყვარლის გამგეობიდან გვაცნობეს, რომ დოკუმენტაცია კახეთის საოლქო პროკურატურას აქვს ამოღებული 2010 წლის 11 იანვარს.

სოლომონ ხახუტაშვილის საქმესთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციის ასლები გამოვითხოვეთ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოდანაც. სამმართველოს უფროსმა კობა ბურკიაშვილმა 2010 წლის 29 იანვრის წერილით გვაცნობა, რომ დოკუმენტაცია ამოღებულია კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ 2010 წლის 11 იანვარს 13 საათსა და 55 წუთზე, თელავის რაიონული სასამართლოს 11 იანვრის ბრძანებით.

გამოდის, რომ 2010 წლის 11 იანვარს კახეთის საოლქო პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, გამოძიებამ იმავე დღეს გაარკვია დეტალები რა დოკუმენტები უნდა მოეთხოვათ და საიდან. იმავე დღეს პროკურატურამ მოამზადა შუამდგომლობა და მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს. მოსამართლემ მაშინვე განიხილა შუამდგომლობა, დააკმაყოფილა და გადაწყვეტილებაც გასცა. ამასთან ერთად, გამომძიებელმა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოში, ასევე ყვარლის გამგეობაში გადაწყვეტილებით მისვლა და დოკუმენტაციის ამოღება 13:55 საათამდე მოასწრო.

იმისათვის, რომ დაგვედგინა, ყვარლის რაიონის გამგეობამ 2000 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე რა საკითხებზე იმსჯელა, 2010 წლის 26 იანვარს, ყვარლის რაიონულ სასამართლოში იმ საქმის მასალების გაცნობა მოვითხოვეთ, სადაც სოლომონ ხახუტაშვილი ყვარლის გამგეობისგან, საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შესახებ დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვდა.

სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა ნანული ტუხაშვილმა ჩვენი განცხადება სასამართლოს თავმჯდომარეს გააცნო. დაახლოებით ორსაათიანი ლოდინის შემდეგ ტუხაშვილმა მასალების გაცნობაზე უარი გვითხრა: „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ პირის თანხმობის გარეშე. აქედან გამომდინარე, თუ საქმის მასალები შეიცავს მონაცემებს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობის, მისი ფინანსური მდგომარეობის ან სხვა კერძო საკითხების შესახებ, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცეს აღნიშნული მასალები ერთდროულად ორივე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე“, - ნათქვამია სასამართლოს წერილში.

თამარ კორძაია, იურისტი: „სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის მასალების გასაიდუმლობის შესახებ, არ შეესაბამება ინფორმაციის თავისუფლების საკანონმდებლო მოთხოვნებს, რადგან ინფორმაციის გასაიდუმლოება მოხდა დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ. მნიშვნელოვანია, რომ საქმე არის უკვე დასრულებული და მით უფრო, საქმეში ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, ასეთი საქმეების მიმართ არსებობს საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესი და იგი ღია უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“.

28 იანვარს სოლომონ ხახუტაშვილის მეუღლე მანანა ხახუტაშვილი დაგვიკავშირდა და გვთხოვა, მათ საქმესთან დაკავშირებით მუშაობა შეგვეწყვიტა: „შემოგვითვალეს და დაგვემუქრნენ, დოკუმენტის გაყალბებისთვის თქვენს მეუღლეს დავიჭერთ თუ ჟურნალისტებს საქმეს არ ჩამოაცილებთო“.

ზაქარია ბუთიაშვილი, ხოლომონ ხახუტაშვილის ადვოკატი: „11 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით კახეთის საოლქო პროკურატურაში სამჯერ დამიბარეს. საოლქო პროკურორის მოადგილეს აინტერესებდა პასუხი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პოზიცია ხომ არ შეცვალა და მიწის ნაკვეთს ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიას ნებით ხომ არ გადასცემდა. თუ ეს მოხდებოდა, პროკურორი მპირდებოდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდებოდა. სამჯერვე უარი ვუთხარი“.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის 09 თებერვალს სოლომონ ხახუტაშვილმა სადაო მიწის ნაკვეთი საქართველოს საპატრიარქოს ნეკრესის ეპარქიას აჩუქა. მიწის ნაკვეთი ეპარქიის წარმომადგენელს ილია ჯაფოშვილს აქვს მიღებული.

გელა მთივლიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

 

რედაქტორის რეკომენდაციით

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 26.05.17
04:00-06:00
Fairfrom south-southeast12°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest10°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast18°C1.7m/s
0mm
შაბათი 27.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C1.4m/s
0mm
კვირა 28.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast19°C0.5m/s
1.1mm
ორშაბათი 29.05.17 10:00-16:00
Rain showersfrom east17°C1.5m/s
3.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31