21:10:55

ფირნიშები
Share |

ჟურნალისტური გამოძიება – თელავის ძვირადღირებული რეაბილიტაცია [Video]

ჟურნალისტური გამოძიება – თელავის ძვირადღირებული რეაბილიტაცია თელავის ძველი უბნები ხელისუფლებამ 2012 წელს აღადგინა, რაზედაც ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა. აღმოჩნდა, რომ იქ მომუშავე ასზე მეტ ადამიანს კუთვნილი ანაზღაურება სამი წლის შემდეგაც არ მიუღია. გამოიკვეთა რომ შესრულებულ სამუშაოებში სახელმწიფო ხელოვნურად გაზრდილ ფასებს შუალედურ კომპანიებს უხდიდა, ახალმა ხელისუფლებამ კი ეს სამუშაოები უპრობლემოდ ჩაიბარა.

 თელავის ერთ–ერთ ძველ უბანში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე შეკრებილი ადამიანები, სტუდია „მონიტორის“ გადამღებ ჯგუფთან ყვებიან, რომ 2 წლის წინ ამ ქუჩის რეაბილიტაციაზე იმუშავეს და ანაზღაურება დღემდე არ მიუღიათ. შეკრებილების ნაწილი ხის ხელოსანია, ნაწილი მღებავი.

თელავის რეაბილიტაცია 2012 წლის გაზაფხულზე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. პროექტი 60 მილიონ ლარამდე დაჯდა. სამუშაოების დაწყება და დასრულებაც საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად მიულოცა თელაველებს.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში თელავის ძველ უბნებში მდებარე სახლების აღდგენა მოხდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ასეულობით ადამიანი, თითქმის 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა, სამუშაოების დასრულება 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე უნდა მომხდარიყო და დასრულდა კიდეც.

თელავის რეაბილიტაციისთვის ჯგუფები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან იყვნენ ჩასული. ერთდროულად რამდენიმე პროექტი ხორციელდებოდა. ჩოლოყაშვილის ქუჩაზე შეკრებილი ადამიანები 17 მილიონიანი პროექტის ფარგლებში მუშაობდნენ. მათ ხის სამუშაოები შეასრულეს, თითქმის ყველა მათგანს გარკვეული თანხა აქვს ასაღები.

„2012 წელი იყო, ზაფხულში 65 დღე მაქვს ნამუშევარი. ჩვენს მოვალეობაში შედიოდა აივნების დაყენება, ფანჯრები, ვიტრაჟები“, – ამბობს გოჩა ალბორიშვილი.

 „ყოველ კვირა ფულს მოგცემთო შეგვპირდნენ. თავიდან გვაძლევდნენ, მაგრამ სულ არ იძლეოდნენ. რომ მორჩებით ერთიანად მოგცემთო. ბოლოს ეგრე გამოვიდა, რომ აირ დაირია. ახლა ის გვითხრეს ფულს არ გვიხდიანო. გადაგიხდითო. მე 1000 ლარი კიდევ მაქვს ასაღები“, – ამბობს გია ტუხიაშვილი.

„თავზე პროკურორები გვადგნენ. ინჟინერი იშვიათად თუ მოვიდოდა, არქიტექტორი რომ მოვდიოდი მაშინ ვნახე“...

„ყველაფერი ეგენი იყვნენ. გასცემდნენ განკარგულებას, როგორ უნდა გაგვეკეთებინა, რა უნდა გაგკვეკეთებინა“...

აქ მომუშავე ჯგუფების ხელმძღვანელი სოსო წითელაშვილი იყო, დამკვეთთან ურთიერთობა ძირითადად მას ჰქონდა.

„52 კაცს ვამუშავებდი. გვთხოვდნენ ჩქარა, ჩქარა, თელავი სასწრაფოდ უნდა მოესწროსო. დღე და ღამე ვმუშაობდით. ხალხს ძველ, ჩამოხსნილ კარებებზე ეძინა. თავზე გვადგნენ დაგიჭერთ თქვენი დედა, შენი გასაკეთებელი იყო თუ არა მაინც გაკეთებინებდნენ. პრეზიდენტი რომ ჩამოვა მზად უნდა იყოსო. გავაკეთეთ ყველაფერი. შეამოწმეს მათთმა წარმომადგენლებმა. კარგიაო გვითხრეს და წამოვედით. მას შემდეგ რა მოხდა თელავში, აღარ ვიცით. ერთი ის ვიცი, რომ ფული არ მოგვცეს და ვართ უფულოდ. 21 600 ლარია ასაღები.  10 ათასი დოლარი მე გამოვიტანე ბანკიდან და ამ ხალხს მე გავუსტუმრე. სახლი ცავდე ბანკში და წვალებით ვიხდი იმ 300 დოლარს თვეში“, – აღნიშნავს სისო წითელაშვილი.

ამ ადამიანებმა ჩოლოყაშვილის, კოსტავას, ერისთავის ქუჩებსა და ერეკლეს მოედანზე იმუშავეს. მათ მოვალეობაში ხის აივნების, კარ-ფანჯრების, ვიტრაჟების სადარბაზოს და ეზოს კარებების  მონტაჟი გალაქვა და შეღებვა შედიოდა. ხის მზა ნაკეთობები თბილისიდან ჩამოჰქონდათ, მათი ნაწილი თბილისში მდებარე საწარმო შპს „პერსპექტივაში“ დაამზადეს, ფირმის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თანხა სრულად არც მას გადაუხადეს.

„აგვისტოს ბოლომდე გვქონდა დრო და უნდა დამთავრებულიყო. ჩვენს საამქროს უხდებოდა 2 სმენაში მუშაობა, დავამატეთ ხალხი და დღე და ღამე ვმუშაობდით. გადახდა უნდა ყოფილიყო ეტაპობრივად. 360 ათასი ლარის სამუშაოები შესრულდა ჩვენს მიერ მაისიდან აგვისტოს ჩათვლით და დარჩენილია გადასახდელი 120 ათასი ლარი. ეს თანხა შეადგენს პერსონალის ხელფასებს. აგრეთვე ჩვენს შპს-ს გადასახდელი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 30 ათასი ლარი. ამ თანხის მიუღებლობის გამო ვერ გადავიხადეთ გადასახადი. დაგვიყადაღეს ანგარიშები, ქონება, შეჩერებული გვაქვს მუშაობა. აგვისტოს შემდეგ ჩვენ ფული აღარ მიგვიღია, ხარაულისგან ვთხოვთ და ხარაული ამბობს, რომ თვითონ აქვს ფული მისაღები გენერალური დამკვეთისგან“, – აცხადებს ნუგზარ ბუგიანაშვილი, შპს „პერსპექტივას“ დირექტორი.

მეწარმე, რომელზეც „პერსპექტივას“ ხელმძღვანელი საუბრობს ზაურ ხარაულია. სწორედ მან დაუკვეთა ზემოთ ნახსენებ ადამიანებს თელავში ხის კონსტრუქციების დამზადება და მონტაჟი. ხარაული თვითონაც ხის ხელოსანია. თელავის რეაბილიტაციის პროექტში შპს „კაპიტალ ინვესტის“ დაკვეთის შესასრულებლად ჩაერთო.

პროექტი რომლის ღირებულებაც 17 მილიონი ლარი იყო სახელმწიფომ  კომპანიებს „ინსის“ და „არტესს“ დაუკვეთა. „ინსიმ“ ხის სამუშაოების ნაწილის შესასრულებლად „კაპიტალ ინვესტი“ დაიქირავა, „ინვესტმა“ კი ზაურ ხარაული. საბოლოოდ სამუშაოების შემსრულებელი და მუშა მოსამსახურეების დამქირვებელი ი/მ ზაურ ხარაული აღმოჩნდა.

„მასალებიც ჩვენი იყო, გალაკვაც, მუშახელიც, მონტაჟიც. მინიმალურ თანხებზე შევთანხმდით. გვემუშავა და მშივრები არ დავხოცილიყავით.დაახლოებით 1 მლნ 200 ათასის სამუშაო შევასრულეთ და ავიღეთ 912 ათასი. აქედან ბიუჯეტში მაქვს გადახდილი 216 ათასი + საშემოსავლო 30 ათასი. სახლი ჩადებული მაქვს, რაიონის სახლი ჩადებული მაქვს, პრარაბს სახლი ჩადებული აქვს, ოქროულობა ჩადებული აქვს. ვეღარ ვიხდი ამ პროცენტებს, მუშებს ფული აქვთ ასაღები. ერთი 100 კაცს აქვს ცოტ ცოტა, მაგრამ საბოლოოდ დიდი თანხა გროვდება. ყურადღებას არავინ არ მაქცევს არც ამ მთავრობაში არც იმ მთავრობაში“, – ამბობს ზაურ ხარაული.

ხელშეკრულების მიხედვით „კაპიტალ ინვესტს“ ხარაულისთვის შესრულებული სამუშაოების საფასური ეტაპობრივად უნდა გადაეხადა. პროცედურა შემდეგნაირი იყო. ხარაული შეასრულებდა გარკვეული რაოდენობის სამუშაოს, ხდებოდა მისი აზომვა ორივე მხარის მონაწილეობით. ამის შემდეგ ხარაული ანგარიშფაქტურას შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით ელექტრონულად უგზავნიდა დამკვეთს ანუ „კაპიტალ ინვესტს“, რასაც „კაპიტალ ინვესტი“ გაეცნობოდა და თუ იქ აღწერილი სამუშაოების მოცულობას და სამუშაოების ღირებულებას ეთანხმებოდა ელექტრონულადვე დაუდასტურებდა. ამ მეთოდით ხარაულმა აგვისტოს ბოლომდე ჯამში დაახლოებით 1 მლნ 200 ათასი ლარის ანგარიშფაქტურა გაუგზავნა „კაპიტალ ინვესტს“, რაც კომპანიამ დაადასტურა. დადგა დრო, რომ „ინვესტს“ ხარაულისთვის თანხა უნდა გადაეხადა.

„ჩვენც ვზომავდით, „კაპიტალ ინვესტიც“ ზომავდა, „ინსიც“ ზომავდა და მგფ-ც ზომავდა. 11 ოქტომბრამდე ვიდრე ფულს მოვითხოვდით, პრობლემა არ იყო, ყველაფერზე გვეთანხმებოდნენ, თანხის მოთხოვნის მერე აირია“, – აღნიშნავს ინდ.მეწარმე ზაურ ხარაული.

ხარაულმა აღმოაჩინა, რომ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე მის მიერ აგვისტოს ბოლომდე ატვირთული და „კაპიტალ ინვესტის“ მიერ დადასტურებული ანგარიშ ფაქტურების კორექტირება მოხდა. კორექტირების შედეგად, ხარაულს „კაპიტალ ინვესტისგან“ მისაღები თანხის მოცულობა შეუმცირდა. 

„უკვე ოქტომბერ ნოემბერში იწყება ანგარიშფაქტურების კორექტირება, რომლის მიხედვითაც ზაურ ხარაულს უმცირდება შესრულებული სამუშაოები. კორექტირებული ფაქტურებით ხარაულს შეუმცირდა თანხა 130 ათასი ლარით, თუმცა კორექტირებული რაც დარჩა ამ ანგარიშ ფაქტურებით თანხის ჯამი გამოდის მილიონ 88 ათასი ლარი. ამ კუთხით კორექტირება ზაურ ხარაულის ინტერესში არ შედიოდა, ზაურ ხარაულის პაროლი მათ იცოდნენ, რადგან ერთობლივ საქმიანობას ეწეოდნენ“, – ამბობს ხარაულის ადვოკატი კობა ხუჭუა.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, 2013 წლის დასაწყისში, ზაურ ხარაულმა და მისმა ადვოკატმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს წერილობით მიმართეს. ხარაული „ინვესტის“ ხელმძღვანელებს მათივე კომპიუტერით, ვებ გვერდ rs.ge–ზე მისი პაროლის და მონაცემების უნებართვოდ გამოყენებით ანგარიშფაქტურების კორექტირებას და ამ ანგარიშფაქტურებში თანხის რაოდენობის შემცირებაში ადანაშაულებდა.

საფინანსო პოლიციიდან უპასუხეს, რომ დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს და კუთვნილი თანხის მისაღებად სამოქალაქო წესით უნდა ედავა.

ამის შემდეგ ხარაულმა საჩივარი თელავის პროკურატურაში შეიტანა. პროკურატურამ ფინანსური პოლიციისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და სისხლის სამართლის საქმის გამოძიება „კაპიტალ ინვესტის“ ხელმძღვანელის მიერ ხარაულის თანხის თაღლითურად მითვისების ფაქტზე დაიწყო. დაინიშნა რამდენიმე სახის ექსპერტიზა.

პროკურატურამ მიიჩნია, რომ ხარაულის ანგარიშფაქტურები მართლაც „კაპიტალ ინვესტმა“ გააყალბა, რის გამოც 2013 წლის დეკემბერში თელავის პროკურატურის პროკურორმა გველესიანმა თელავის სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და „კაპიტალ ინვესტის“ ხელმძღვანელის დაპატიმრება მოითხოვა.

შუამდგომლობის მიხედვით ზაურ ხარაულის ანგარიშფაქტურების უკანონოდ კორექტირებით „კაპიტალ ინვესტის“ ხელმძღვანელმა ფაქტურებში ხარაულის შესრულებული სამუშაოები შეამცირა და ამით მისი კუთვნილი თანხები თაღლითურად მიითვისა.

სასამართლომ პროკურატურას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, „ინვესტის“ დირექტორს პატიმრობა არ შეუფარდა, რის შემდეგაც თითქმის დასრულებულ გამოძიებას მთავარმა პროკურატურამ თელავის პროკურატურა ჩამოაშორა და საქმე თბილისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადასცა გამოსაძიებლად. ნიშანდობლივია, ის რომ ფინანსურმა პოლიციამ ხარაულს რამდენიმე თვის უთხრა, რომ ამ საქმეში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავდნენ.

გამოძიება დაახლოებით 6 თვეა მიმდინარეობს. წერილობითი მიმართვის მიუხედავად ფინანსურ პოლიციასა და პროკურატურაში გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

ხარაული თელავში დამონტაჟებული ხის ნაკეთობების ღირებულების სრულად ანაზღაურებას ითხოვს. გამოძიების მოთხოვნით სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ მის მიერ თელავში შესრულებული სამუშაოები გადაამოწმა. დასკვნის მიხედვით ხარაულმა  1 მლნ 116 ათასი ლარის სამუშაოები შეასრულა, საიდანაც ნაწილი, 912 ათასი ლარი აქვს მიღებული. ამ დასკვნიდან გამომდინარე ხარაულს კიდევ 204 ათასი ლარი აქვს ასაღები „კაპიტალ ინვესტისგან“.

ხარაულის დამკვეთი „კაპიტალ ინვესტი“ თელავის რეაბილიტაციის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიქმნა. კომპანიის დამფუძნებელი სპარტაკ თოდუაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „კაპიტალ ინვესტმა“ შპს „ინსისგან“ მიიღო სამუშაოების შესრულების შეკვეთა, თვითონ კი ზაურ ხარაული დაიქირავა. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით შუამავალმა კომპანიამ „კაპიტალ ინვესტმა“ იმ სამუშაოების შესრულებისთვის რაც ხარაულმა შეასრულა შპს „ინსისგან“ დაახლოებით მილიონნახევარი ლარი აიღო, ეს თანხა ხარაულისთვის გადასახდელ თანხაზე დაახლოებით 400 ათასი ლარით მეტია.

ჩვენ „კაპიტალ ინვესტის“ წარმომადგენელს დავუკავშირდით. რევაზ თოდუამ გვითხრა, რომ გამოძიების დასრულებას ელოდება და კომენტარს ვერ მოგვცემს.

„ამ ფირმების მუშაობის სტილი იყო ეს მაქინაციები, რომ თვითონ მიეღოთ და სხვებისთვის დაეკლოთ. თვითონ საქმიანობას არ ეწეოდნენ, იყვნენ უბრალოდ გამტარები. თანხა ილექებოდა მათთან. ამ საქმიანობაში გაწვრთნილები და პროფესიონალები ერთ მხარეს და მეორე მხარეს ზაური, ხელოსანი რომელმაც იცის ჩაქუჩი და ლურსმანი. ანუ მილიონი თუ დაჯდა სამუშაო, 2 მილიონი აღებული და ამ მილიონის დალექვის გზაა ამ შუამავალი ფირმების არსებობა. რაშიც ხარაულს უნდა მიეღო მილიონ 116 ათასი, „ინსმა“ რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია, მიიღო 2 მლნ ლარი“, – აღნიშნავს ზაურ ხარაულის ადვოკატი კობა ხუჭუა.

 ჩვენ ხარაულის ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადავამოწმეთ. გავარკვიეთ, რომ თელავის რეაბილიტაციის პროექტის დამკვეთი სახელმწიფო იყო, რომელსაც ამ შემთხვევაში მუნიციპალური განვითარების ფონდი იგივე მგფ წარმოადგენდა. 2012 წელს დაწყებული პროექტი რომელშიც სამუშაოები ხარაულმა შეასრულა ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის სექტემბერში ჩაიბარა. მიღება ჩაბარების აქტი ხელმოწერით დაამტკიცა მგფ-ს მაშინდელმა ხელმძღვანელმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, რომელიც მოგვიანებით ინფრასტრუქტურის მინისტრი გახდა.

თელავის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ინტერვიუზე მუნიციპალური განვითარების ფონდში უარი გვითხრეს და კითხვებზე წერილობით გვიპასუხეს. ფონდიდან მოგვწერეს, რომ „ინსის“ შესრულებული სამუშაოების ჩაბარებისას საბაზრო ფასთან შეუსაბამობები არ გამოვლენილა და პირიქით, სამუშაოები დაგეგმილზე 0.5%-ით იაფად შესრულდა.

„ინსის“ და სახელმწიფოს შორის გაფორმებული მიღება ჩაბარების აქტში კონკრეტული სახლები, ამ სახლებზე ჩატარებული სამუშაოები და მათი ფასებია მოცემული.

ჩვენ ის სახლები შევარჩიეთ და გადავამოწმეთ, სადაც სამუშაოები ი/მ ზაურ ხარაულმა შეასრულა და იქ დამონტაჟებული ხის ნაკეთობების ხარაულის და „ინსის“ ფასები ერთმანეთს შევადარეთ. აღმოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ „ინსისთვის“ გადახდილი თანხა რამდენჯერმე აღემატება იმ ფასს, რა ფასშიც ეს სამუშაოები ხარაულმა შეასრულა.

მაგალითად, ზაურ ხარაულმა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე დამონტაჟებული ფიჭვის კარებები 1 კვ.მ. 160 ლარად დაამზადა და დაამონტაჟა. ამ კარებებში კი სახელმწიფონ „ინსის“ რამდენჯერმე მეტი 1 კვ.მ.-ში 539 ლარი გადაუხადა.

ხარაულმა 1 კვ.მ. ხის აივანი 230 ლარად დაამზადა, სახელმწიფომ „ინსის“ ამ აივანში 1კვ.მ.-ში 436 ლარი გადაუხადა.

ხარაულმა ფიჭვის ალაყაფის კარი 1 კვ.მ. 300 ლარად დაამზადა. სახელმწიფონ „ინსის“ კი 1 კვ.მ.-ში 540 ლარი გადაუხადა.

ხარაულმა 1 კვ.მ. წაბლის ვიტრაჟი 380 ლარად დაამზადა, რაშიც სახელმწიფომ „ინსის“ საშუალოდ 490 ლარი გადაუხადა.

ხარაულმა კიბის 1 საფეხური 85 ლარში დაამზადა, სახელმწიფომ „ინსის“ ერთ საფეხურში 210 ლარი გადაუხადა.

სახელმწიფოს მიერ საბაზრო ფასზე რამდენჯერმე მაღალი ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელს ვაჩვენეთ.

კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს სამუშაოების მაღალ ფასში შესრულებაზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოეხდინათ.

მუნიციპალური განვითარების ფონდიდან წერილობით გვიპასუხეს, რომ მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებისას სამუშაოების ღირებულებების სიდიდე არ დაუფიქსირებიათ და აქედან გამომდინარე ამის შესახებ არც სამართალდამცავებისთვის შეუტყობინებიათ.

გარდა ხის სამუშაოებისა, აქტში ასევე საეჭვოდ მაღალია ბეტონის ფასი. „ინსიმ“ სახელმწიფოს 1 კბ.მ. 20 კლასის ბეტონი 252 ლარად უანგარიშა, ვებ გვერდზე masalebi.ge- 10 -მდე ბეტონის მწარმოებელის ფასებია მოცემული, საიდანაც ირკვევა რომ ანალოგიური კლასის ბეტონის ფასი დამატებითი ღირებულების გარეშე 97 ლარია, დღგ-ს ჩათვლით კი დაახლოებით 115 ლარი. ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით, დღეს და 2012 წელსაც ასეთი ბეტონის ფასი დაახლოებით 130 ლარს არ აღემატებოდა..

 „ეს სხვაობა არ არის ათასი და 2 ათასი ლარი. ასიათასობით ლარზეა საუბარი. ასეთ შემთხვევაში როგორც მინიმუმ უნდა დაინტერესებულიყო, რით იყო გამოწვეული ამხელა სხვაობა. ეს შეიძლება ყოფილიყო კორუფციული ტიპის გარიგება, გარკვეული სახით ე.წ. „ატკატების“ სისტემა. ასეთ შემთხვევაში უპრიანი იქნებოდა ჩართულიყო სამართალდამცავი ორგანო და მომხდარიყო რეაგირება“, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა სულხან სალაძემ.

ჩვენ კომენტარის ჩასაწერად კომპანია „ინსიშიც“ მივედით, თუმცა ინტერვიუზე უარი გვითხრეს. განგვიმარტეს, რომ კომპანიას ახალი მენეჯმენტი ყავს და ძველ კონტრაქტზე ვერ ისაუბრებენ. საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ 2014 წლის აპრილში „ინსის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი და ხელმძღვანელი მართლაც შეიცვალა. „ინსი“ სოლიდური სამშენებლო კომპანიაა, ბოლო 5 წელია ერთ ერთი ყველაზე მსხვილი სახელმწიფო შეკვეთების შემსრულებელია, სახელმწიფოს მიერ ამ კომპანიისთვის გადახდილი თანხა ჯამში ასეულ მილიონს აჭარბებს. „ინსის“ ვებ გვერდის მიხედვით მათი შესრულებულია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია, ბარათაშვილის ქუჩის აღდგენა და კიდევ ათეულობით პროექტი.

როგორც გავარკვიეთ თელავის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკისგან ნასესხები 60 მილიონ დოლარიანი კრედიტიდან დაფინანსდა. სესხი საქართველომ 25 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს. თელავის რეაბილიტაცია ჯამში 56 მილიონი ლარი დაჯდა. სოლიდურია თითოეულ სახლზე დახარჯული თანხა. მაგალითად, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე თითოეულ სახლში სახელმწიფომ საშუალოდ 50 ათასიდან 150 ათასამდე ლარი დახარჯა. აქ მცხოვრები ადამინების ნაწილი უკმაყოფილოა, ამბობენ, რომ რეაბილიტაციის დროს სახლის სახურავები რამდენიმე თვე ჰქონდათ მოხსნილი რამაც მათი სახლები დააზიანა.

თელაველები რეაბილიტაციის გაგრძელებას და მათი სახლების შეკეთებას ელიან, მუშები კუთვნილი ხელფასის მიღებას, ზაურ ხარაული კი საფინანსო  პოლიციის რამდენიმე თვიანი ძიების დასრულების მოლოდინშია და საკუთარი, დაყადაღებული სახლების ბანკებიდან გამოხსნაზე ოცნებობს.

გიორგი მგელაძე | სტუდია „მონიტორი“

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

რედაქტორის რეკომენდაციით

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml:74: parser error : attributes construct error in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: <precipitation value="0""0" /> in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: ^ in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml:74: parser error : Couldn't find end of Start Tag precipitation line 74 in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: <precipitation value="0""0" /> in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: ^ in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2014 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
        1 2 3
4 5 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31