14:34:52

ფირნიშები
Share |

რთველი ნებართვით

რთველი ნებართვითკახეთში მევენახეები ყურძენს ვერ კრეფენ. ქარხანაზე ყურძენი რომ ჩააბარონ, სოფლის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა სჭირდებათ. ცნობის გარეშე ღვინის ქარხანა ყურძენს არ იღებს. რწმუნებულები ცნობებს არ გასცემენ. გვითხრეს, რომ უარს რთველის საკოორდინაციო შტაბში ამბობენ. შტაბის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ მოსავალს ყველა ერთბაშად ვერ ჩააბარებს, სოფლის გამგეობაში ვინც პირველი მივა, ცნობასაც ის აიღებს. ცნობა თუ აიღო და ყურძენიც დაკრიფა, ამის შემდეგ მევენახეები რიგში ღვინის ქარხნებთან დგანან, ღამის 3 საათზეც.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტები კოტეხის, ჩუმლაყის და ჭანდრის ღვინის ქარხნებთან 9 სექტემბერს, საღამოს 9 საათიდან ვმუშაობდით. ჭანდრის ღვინის ქარხანასთან რიგში ყურძნით დატვირთული 18 სატვირთო მანქანა, 6 მიკროავტობუსი და 7 მსუბუქი მანქანა იდგა; 10 სექტემბერს, ღამის 3 საათის მონაცემებით, რიგში კიდევ იდგა 12 სატვირთო მანქანა, 4 მიკროავტობუსი და 5 მსუბუქი მანქანა.

10 სექტემბერის, ღამის 1 საათის მონაცემებით, ჩუმლაყის ღვინის ქარხანაში ყურძენს საერთოდ არ იღებდნენ. ღვინის ქარხანასთან რიგში 13 სატვირთო მანქანა იდგა. მევენახეებმა გვითხრეს, რომ რიგში 9 სექტემბრის, საღამოს 5 საათიდან იდგნენ. მათივე თქმით, საწარმოს წარმომადგენლებს არ განუმარტავთ ყურძენს რა მიზეზით არ იღებდნენ. მევენახეები აღნიშნულ ღვინის ქარხნებში სოფლების რწმუნებულების მიერ იყვნენ დამისამართებულები.

„სამი დღეა სოფლის რწმუნებულს ყოველდღე ვურეკავ, მაგრამ ყურძენი რომ დავკრიფო, ცნობას არ მაძლევს. რწმუნებულისგან გაცემული ცნობა თუ არ გაქვს, ღვინის ქარხანა ყურძენს არ იბარებს. თელავიდან მოყოლებული, გურჯაანის ჩათვლით რქაწითელს არცერთი ღვინის ქარხანა აღარ იბარებს, ჯერ–ჯერობით მარაგი ამოიწურაო, გვეუბნებიან. არადა, ყურძენი კონდიციაშია, შაქრიანობა საკმარისზე მაღალია, გვეშინია, რომ სეტყვა არ მოვიდეს და ცარიელები არ დავრჩეთ“, – უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ გურჯაანის მკვიდრმა გიორგი მამულაშვილმა.

„მარტო ამ მიწას ჩავტირივარ. ველოდები, რომ მივიღებ 8–9 ტონა ყურძენს. მათ შორის 3–4 ტონა საფერავი და დანარჩენი რქაწითელი. გაჩერებული ვარ და ვერ ვკრეფავ. ქარხნები აბრკოლებენ, შეფერხებაა. გლეხი ვარ, ღმერთს შევყურებ, შარშან სტიქიამ დამაზარალა, ვუყურებ, რომ იქნებ დროულად ავიღო მოსავალი. ტელევიზია სეტყვას აცხადებს. ცოტა აჩქარდეს ეს ქარხანა, რომ მივიტანოთ და ჩავაბაროთ“, – ამბობს სოფელ ჭანდარში მცხოვრები ზირა სეფიაშვილი.

„მარანმა მუშაობა დილით უნდა დაიწყოს. საღამოს 6 საათზე იწყებს მუშაობას, ეს ვის გაუგია? 76 წლის კაცი ვარ. არ მახსოვს, რომ მარანი დღისით არ მუშაობდეს. ვიღაცა ხელს უშლის ალბათ „ოცნებას“, მაგრამ არც მაგათ გააკეთეს დიდი რამე“, – გვითხრა ავთო მთივლიშვილმა.

„ვერ ვაბარებთ ყურძენს. ცნობაო, იქ მიდიო, აქ მოდიო. როცა დაკრეფავ, ცნობას მაშინ მოგცემო. ეგ სადაური წესია, დავკრიფო და მერე ვირბინო, მოიტა ცნობა მეთქი. ყოველდღე სეტყვაა მოსალოდნელი. მინდა, სწრაფად დავკრიფო და ჩავაბარო. გააკონტროლონ, ამდენი ქარხანაა და ვერცერთი ქარხანა წესიერად ვერ მუშაობს. რატომ არ ჩამოდიან და არ აკონტროლებენ? იქიდან იქ უნდა წაიღოო... წუხელ, ჩემმა ბიძაშვილმა ყურძენი გურჯაანიდან თელავში წაიღო, ტრანსპორტირების ხარჯი გაიზარდა. ღვინის ქარხნები საღამოს იწყებენ მუშაობას და რიგები იქნება, მაშ რა იქნება. მთელი დღე არ უნდა იმუშაოს ქარხანამ? პატრონი არ გვყვავს. ყურძენი უკვე ჭკნება, უკან და უკან მიდის. წონაშიც იკლებს და დასაწურადაც უვარგისი ხდება“, – აღნიშნა მერაბ სეფიაშვილმა. 

მევენახეს ვურჩიეთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე დაერეკა. სამინისტროდან მერაბ სეფიაშვილს უპასუხეს, რომ სოფლის რწმუნებულს უნდა მიმართოს: „ბატონო მერაბ, თქვენ რომ ყურძენი დაკრიფოთ, უნდა მიბრძანდეთ თქვენი სოფლის რწმუნებულთან. რწმუნებული არის საქმის კურსში, რომელი საწარმო მუშაობს, რამდენ ტონა ყურძენს ჩაიბარებს და დაგაკვალიანებთ. მოგცემთ იმ საწარმოში თქვენი რიგის ნომერს. მიბრძანდით თქვენი სოფლის რწმუნებულთან“.

ჩვენი რესპოდენტი სოფლის ტერიტორიულ ორგანოში კიდევ ერთხელ წავიდა, ჩვენც გავყევით. სოფლის გამგეობაში მევენახეს ცნობის გაცემაზე ისევ უარი უთხრეს. ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტმა მას აუხსნა, რომ რთველის საკოორდინაციო შტაბიდან თუ არ მისცეს ნებართვა, ცნობას ვერ დაწერს. რწმუნებული მარიამ თევდორაშვილი 10:15 საათისთვის სამსახურში არ იმყოფებოდა. ამიტომ მას ტელეფონით დავუკავშირდით.

– ქალბატონო მარიამ, თქვენთან ვართ სამსახურში, ყურძენი გვაქვს დასაკრეფი და ცნობა გვჭირდება, რომ ღვინის ქარხანამ მიიღოს. აქ უარი გვითხრეს ცნობის გაცემაზე.

– არა, რა უარი, აუცილებლად დავწერთ ცნობას.

– როდის გასცემთ?

– დავურეკავ ახლავე სპეციალისტს და ცნობას დაწერენ.

რწმუნებული სპეციალისტს დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დაუკავშირდა და უთხრა, რომ ცნობას ვერ გასცემენ, რადგან გამგებლის მოადგილე გიორგი ჩეკურიშვილისგან უარი მიიღო.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი გამგებლის მოადგილესაც დაუკავშირდა. „მევენახეებს პრობლემები არ შეექმნებათ. ჩვენ სწორედ იმიტომ ვართ ჩართულები, რომ პრობლემები არ შეექმნათ. უბრალოდ, ქარხანა როცა ივსება, იმას ხომ გადამუშავება და დაბინავება უნდა, ეგენი მუშაობენ 24 საათიან რეჟიმში.

– საღამოს 6 საათზე იწყებენ მუშაობას, ღამით დგას რიგები და რიგებში ის მევენახეებიც, ვისაც 400 – 500 კილო გრამი ყურძენი აქვს ჩასაბარებელი.

– ყველას ეჩქარება, მაგრამ რქაწითელს იღებენ მხოლოდ და მხოლოდ სოფელ ჭანდარში. მეპატრონე გასცემს განკარგულებას და ამ განკარგულების საფუძველზე სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გასცემს ცნობას.

– არ გასცემენ ამ ცნობებს, პირადად ვიყავი ახლა ერთ–ერთ მევენახესთან ერთად და ცნობა არ მისცეს, რამდენიმე წუთის წინ.

– არ არსებობს“.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის მოადგილის პეტრე მესხიძის განცხადებით, კახეთში რთველი ძალიან კარგად მიდის.

„გუშინდელი სტატისტიკით, ერთ დღეში, 3 500 ტონა ყურძენი გადამუშავდა. ეს არის მგონი სარეკორდო მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში. რთველის დაწყებიდან 44 კომპანია იღებს ყურძენს. არაფერი შეზღუდვები ცნობების გაცემაში არ არის, მაგრამ ეს რომ წავიდეს უმართავად, ასე ვთქვათ რწმუნებულთა პირადი ინიციატივითა და ყოველგვარი კოორდინაციის გარეშე, მაშინ მართლა შეიძლება ამან გამოიწვიოს ის, რომ ქარხნებთან გაჩნდეს რიგი. რასაც თქევენ დღეს ხედავთ, ეს ფაქტობრივად რიგი არ არის. ეს არის ყველა რთველის დამახასიათებელი მომენტი. არ არსებობს ქარხანა, რომელთანაც რამდენიმე მანქანა არ იყოს გაჩერებული“, – განაცხადა შტაბის უფროსის მოადგილემ.

მისივე თქმით, სოფლის რწმუნებულმა იცის, რომელი კომპანია რამდენს ტონა ყურძენს იღებს იმ დღის განმავლობაში. „დაახლოებით იციან, რამდენი ცნობა უნდა გაიცეს იმ დღეს. ცნობებს რწმუნებული ალბათ რიგის მიხედვით ანაწილებს. ვინც ადრე მივიდა, იმას აძლევს“, – აღნიშნა პეტრე მესხიძემ.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

11 სექტემბერი, თელავი

„რავიცი შვილო, რატომ ვართ ამხელა რიგში, ვინა გვყვავ პატრონი? 5 საათის შემდეგ აქ ვდგავართ. არც არავინ პასუხის მამცემია, რომ მივდივართ იქ, არც არავინ პასუხს არა გვცემს. აი, რო იტყვიან სისხლი შრება... მშიერ–მწყურვლები, არც მაღაზიაა ახლომახლო, არაფერი. აი, ეგრე ვსხედვართ და ვიყურებით, აბა რა ვქნათ? სოფლის მეურნეობის მინისტრი იძახის, რომ რთველი მიდის უმაღლეს დონეზეო. ეს არის უმაღლესი დონე? შაღონებული ადამიანი, ვენახში ნამუშევარი ადამიანი, მოვა, დგა და ელოდება, როდის დაიძახებენ ქაჯანასავით, წადით, წადით... ეს არის სიცოცხლე შვილო?“

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრები ფირუზ ღარიბაშვილი თელავის ღვინის მარანთან, სატვირთო მანქანების რამდენიმე ასეულ მეტრიან რიგში 11 სექტემბერს, გვიან ღამით ჩავწერეთ.

„ამ მოყვანას, სულ არ მოსულიყო ისა სჯობდა. კაცს წნევამ აუწია, რაღაცა წამალი მქონდა, დავალევინე. ნერვიულობს, როდემდე ვიყო აქაო. პასუხს არავინ არა გვცემს ნორმალურად“, – აღნიშნა ფირუზ ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ ჩააბარეს ყურძენი გურჯაანის რაიონში მდებარე ღვინის ქარხნებს, გვიპასუხა, რომ სოფლის რწმუნებულმა, რთველის საკოორდინაციო შტაბთან შეთანხმებით, თელავის ღვინის მარანში დაამისამართა. როგორც ცნობილია, მევენახემ ქარხანაზე ყურძენი რომ ჩააბაროს, სოფლის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა სჭირდება. ცნობის გარეშე ღვინის ქარხანა ყურძენს არ იღებს.

გივი კაპანაძე ლაგოდეხის რაიონში ცხოვრობს. საფერავის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებლად სოფლის რწმუნებულმა ცნობას მასაც თელავის ღვინის მარანზე მისცა. „ცუდად ვარ კაცო, ეს მოსაწონია? რა გავაკეთო, როდემდე ვიდგე აქ, ასე შეიძლება ხალხო? მთავრობა შეიცვალაო და ეს შეცვლა არის კაცო? უარესი მდგომარეობა არის. არ ვიცი რა ხდება. ასე უნდა ვიდგე დილამდე და ხვალ რაღა გავაკეთო“, – გვითხრა გივი კაპანაძემ.

საღამოს 10 საათის შემდეგ, თელავის ღვინის მარანთან, თელავი – ყვარლის გზაზე დაახლოებით ერთ კილომეტრიან რიგში ისეთი მევენახეებიც აღმოვაჩინეთ, რომლებიც იქ შუადღის პირველი საათიდან იდგნენ. „პირველი საათიდან აქ ვდგავარ და ერთი 50 მეტრი მაქვს გამოვლილი. სხვა დროს რიგები არ იყო, შარშან არ იყო, იმის წინ არ იყო, ეს რამდენიმე წელიწადი კარგად იყო, გამოსწორდა და ეხლა ცოტა გაფუჭდა, რავიცი“, – გვითხრა მევენახემ, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. „ჩემი შვილი სახელმწიფო სამსახურში მუშაობს და არ მინდა მას პრობლემები შეექმნას“, – აღნიშნა მევენახემ.

„ჩვენ ორი საათიდან ვდგევართ და რომელი საათია ეხლა? თერთმეტი დაიწყო. როდის გავალ, არვიცი. 30–ე კი ვარ რიგში და შეიძლება გათენებამდე ვიყო, მაგრამ ხვალ დილითაც ხომ ვენახში ვარ წასასვლელი? რა უნდა გავაკეთოთ, ყურძენი ჩავაბაროთ, ვენახი დავკრიფოთ, რომელიც უკან–უკან იწევს თუ, რა გავაკეთოთ? ამინდმაც შეიძლება ხელი არ შეგვიწყოს და ისე გამოდის, რომ  ვენახს ძლივს ვუვლით და ჩვენთვის არანაირი ხელშეწყობა არ გამოდის. დღისით მთელი დღე უნდა ვიყოთ ვენახში და საღამოს კიდევ, აქ, ღამე უნდა ვათენოთ. ყურძენი ყოველ დღე უკან მიდის, ერთი კვირა უკვე მაქსიმუმ, რომ რაღაც იყოს მაგრამ ერთი კვირაც გავიდა და მეორე კვირა დაიწყო და ყურძენი რომ იტყვიან, დაჩამიჩდება და შეიძლება ვერაფერიც ვერ მივიღოთ. მევენახეობა არის ძალიან წამგებიანი და ალბათ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ამოვძირკვოთ“, – განაცხადა კიდევ ერთმა მევენახემ.

თელავის ღვინის მარანში რთველის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა არ გააკეთა კომენტარი, რამ გამოიწვია კილომეტრიანი რიგი ღვინის ქარხანასთან.

მევენახეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ ღვინის ქარხანა ნაცნობ – მეგობრების ყურძენს ურიგოდ იღებს, რაც ქარხნის წარმომადგენელმა უარყო. თელავის ღვინის მარანთან პოლიციის თანამშრომლებიც იდნენ, თუმცა ისინი მანქანიდან მას შემდეგ გადმოვიდნენ, რაც ჩართული კამერა შენიშნეს. მანამდე, ღვინის მარნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თელავი – ყვარლის გზაზე საცობი არაერთხელ შეიქმნა და მოძრაობა შეიზღუდა, თუმცა პოლიციელებს ყურადღება არ მიუქცევიათ.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

18 სექტემბერი, ყვარელი

ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში, რთველის მიმდინარეობით უკმაყოფილო მევენახეებმა, პროტესტის ნიშნად, ლაგოდეხი – ყვარელი – თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. გზა რამდენიმე წუთში, ვიდრე ადგილზე ჟურნალისტები მივიდოდნენ, პოლიციამ გახსნა. მევენახეების თქმით, ღვინის ქარხანასთან ღამეების თევა უწევთ, რომ ყურძენი ჩააბარონ.

„12 საათის მერე მოვედი. 5 საათზე გახსნეს მარანი დაკეტილი იყო მანამდე. ტელევიზორს რომ უყურებ, გესიამოვნება, ყველაფერი ნორმალურად არის, ყველაფერი კარგად არის, მიხვალ ადგილზე და პირიქითაა ყველაფერი. დღეს 20 კაცი მყავდა მუშა, 7 ტონა ყურძენი დავკრიფე, მოვედი და აბა გახედე, სადამდეა რიგი. ხვალ დასაკრეფი მაქვს კიდევ, როდის უნდა დავკრიფო. ქარხანა მუშაოპბას საღამოს იწყებს, მთელი დღე არ მუშაობენ, სადაური წესია ეგ? დაამატონ ხალხი სეზონზე და დღისითაც იმუშაონ. ყურძენს წვენი გასდის, ცოდო არ ვართ გლეხები?“, – განაცხადა სოფელ ჭიკაანში მცხოვრებმა მევენახემ.

„გასულ წლებში ამხელა რიგები არ იდგა. შარშანაც 1 ლარი ღირდა ყურძენი და რიგებში მაინც არ ვათევდით ღამეებს. ხომ შეიძლება რომ ქარხნებმა უკეთესად იმუშაონ და მთავრობამ ყურადღება მოგვაქციოს“, – აღნიშნა მევენახემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტმა ჭიკაანის ღვინის ქარხანასთან რიგში 100–ზე მეტი სატვირთო მანქანა დააფიქსირა.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

მევენახეების უკმაყოფილების და პრობლემების მიუხედავად, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია აცხადებს, რომ კახეთში რთველი წარმატებით მიმდინარეობს და „მოსავალი ჩაუბარებელი არავის დარჩება“.

„ერთ-ერთი გამორჩეულად კარგად მიმდინარე რთველია, რაც ბოლო წლებში იყო. შეიძლება მცირე რიგები იყოს, რამდენიმე საათიანი. ეს ბუნებრივია იმიტომ, რომ ყურძნის გატარებას თავისი დრო უნდა. ეს რთველის თანმდევი პროცესია“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.

23 სექტემბერს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური გაიმართა. ჟურნალისტებს პირადად სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ უმასპინძლა. სამინისტროს კახეთის საინფორმაციო ცენტრი არ მიუწვევია. მედიატურის მონაწილე ჟურნალისტებმა კახეთში რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით პოზიტიური მასალები მოამზადეს.

 

 

სოფო მთივლიშვილი| კახეთის საინფორმაციო ცენტრი

 

 

რედაქტორის რეკომენდაციით

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.07.17
19:00-00:00
Clear skyfrom east29°C2.1m/s
0mm
პარასკევი 28.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east30°C1.9m/s
0mm
შაბათი 29.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast32°C1.2m/s
0mm
კვირა 30.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast27°C1.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< სექტემბერი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 27 28 29
30