14:33:13

ფირნიშები
Share |

ისლამის გამო ვიდევნებით – მტკიცებულებები, რომლებიც შს სამინისტროს ამხელს

ისლამის გამო ვიდევნებით – მტკიცებულებები, რომელიც შს სამინისტროს ამხელსჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი 20 წლის ფირუზ წულუკიძე და მისი მწვრთნელი თემურ ბახუნტარაძე 13 სექტემბერს, ბათუმში დააკავეს. მათ ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ. წულუკიძე და ბახუნტარაძე დაპატიმრებამდე აცხადებდნენ, რომ ისინი შსს–ს მიერ რელიგიური ნიშნით იდევნებოდნენ. შსს–მ ეს ბრალდება უარყო. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა მტკიცებულებები, რომლებიც კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს მუსლიმ მწვრთნელზე და მის მოსწავლეებზე ზეწოლაში ამხელს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფირუზ წულუკიძის, თემურ ბახუნტარაძის და რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, 25 წლის იუსუფ ლაკაევის დაკავების ფაქტზე განცხადება 2013 წლის 13 სექტემბერს გაავრცელა.

შსს–ს ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფირუზ წულუკიძე, ბათუმში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს იუსუფ ლაკაევს მალავდა, რომელიც საქართველოს საზღვრის გვერდის ავლით, უკანონოდ უნდა გადაეყვანა თურქეთის რესპუბლიკაში. მათ აღნიშნულ საქმიანობაში დახმარებას ასევე ბათუმში დროებით მცხოვრები თემურ ბახუნტარაძე უწევდა. როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა ლაკაევს ქუჩაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოსთხოვეს, მან წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს და ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის თანამშრომელი. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს წულუკიძე და ბახუნტარაძეც. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები სასამართლოში სისხლიანი ტანსაცმლით მიიყვანეს. წულუკიძე და ბახუნტარიძე ბრალდებას არ ეთანხმებიან და დანაშაულს არ აღიარებენ.

 

ისლამის გამო ვიდევნებით – ინტერვიუ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ფირუზ წულუკიძესთან და თემურ ბახუნტარაძესთან ინტერვიუ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერა. ინტერვიუში ორივე მათგანი აცხადებს, რომ შსს–ს თანამშრომლები მათ რელიგიური ნიშნით ავიწროვებენ.

ფირუზ წულუკიძე, ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში: „მე ვცხოვრობ ბათუმში. იქ ვვარჯიშობ ყოველდღე. ქუჩაში დავდივარ, ჩემი რელიგიის გამო მაჩერებენ, რადგან წვერით დავდივარ.

– ვინ გაჩერებთ?

– პოლიციის თანამშრომლები, რომ შემამჩნევენ ქუჩაში ფეხით ვმოძრაობ, მაჩერებენ და მეკითხებიან, რატომ მაქვს წვერი, ვაჰაბიტი ვარ თუ არ ვარ. მსოფლიო ჩემპიონატზე სანამ წავიდოდი, ევროპის ჩემპიონატზე წვერით გამოვედი, იქამდეც იყო დაძალება, რომ გამეპარსა წვერი, მაგრამ არ გავიპარსე. რომ დავბრუნდი ევროპის ჩემპიონატიდან, ტრენერებმა მითხრეს, რომ თუ არ გავიპარსავდი წვერს, მარხვასაც თუ არ გავაცდენდი, ვერ წავიდოდი მსოფლიო ჩემპიონატზე. გადავწყვიტე, რომ წვერი დამემოკლებინა. ჩვეულებრივად მივდიოდი მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველაფერი კარგად იყო. 10 აგვისტოს, ღამე, არ გამიშვეს ჩემი რელიგიის გამო ბულგარეთში – მსოფლიო ჩემპიონატზე.

აეროპორტში მივედით, ჩანთები ჩავაბარეთ, ავედით ზემოთ, მივეცი პასპორტი, ქალბატონი იყო, ერთი საათი ველოდებოდი, ჩასხდომა უკვე დაწყებული იყო. მოვიდა ვიღაც მთავარი ვინც იყო, პოლიციელი და მითხრა, კონკრეტულად შენ ვერ წახვალ, წითელ ზოლში ხარ და საზღვარს ვერ გადაკვეთავო. მე შევეკითხე, რატომ, რამე დანაშაული თუ მაქვს, დამაპატიმრეთ ან დამკითხეთ, რატომ არ მიშვებთ მეთქი. არანაირი ახსნა განმარტება არ მოუციათ. მითხრეს, რომ კითხვების დასმის გარეშე ვერ წახვალ და მორჩაო. ჭიდაობის ფედერაციაში დარეკეს ტრენერებმა და იქ უთხრეს, რომ ხვალ ჩვენ თვითონ გავარკვევთ მაგ საკითხსო. ბილეთი გადავცვალე. მეორე დღეს, ფედერაციაში მე თვითონ დავრეკე ლუკა კურტანიძესთან (ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი). ლუკამ მითხრა, პრობლემა არ იქნება, გავარკვევო. შუადღის დაახლოებით 2 საათისთვის დამირეკა და მითხრა, მიზეზი ის მითხრეს, რომ შენ გაქვს საქართველოსთვის არასასურველ ხალხთან ურთიერთობა და ამის გამო საზღვარზე ვერ გახვალო.

– ვისთან გაქვს ურთიერთობაო, არ უთქვამს?

– არვიცი, ალბათ ვაჰაბიტებს ვისაც ეძახიან, მაგათზე ამბობენ და კონკრეტულად არ უთქვამთ ვისზე. ამის შემდეგ ფედერაციაში განაცხადეს, რომ მე მქონდა ტრავმა, არადა არავითარი ტრავმა არ მქონია.

– პოლიციაში არ ყოფილხარ დაბარებული?

– ამ ბოლო დროს დაბარებული ვიყავი პოლიციაში, შეჯიბრზე ვიყავი და არ გამოვცხადდი. ბევრი ჩემი მეგობარი იყო და დაემუქრნენ, ამის გამო ვერ დადიან ჭიდაობაზე ჩემთან ერთად. თუ გააგრძელებდნენ ჩვენთან ერთად ვარჯიშს და ურთიერთობას, პრობლემები შეექმნებოდათ და ყველანაირად დაბლოკავდნენ.

– ისინიც მუსლიმები იყვნენ?

– კი.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

თემურ ბახუნტარიძე, მწვრთნელი: „ერთი თვის უკან დამიბარეს პირველად. მოვიდნენ და ეზოდან წამიყვანეს ბათუმის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში. შემიყვანეს, რომელიღაც გამომძიებელს სთხოვეს ოთახი და მან დაუთმო. იქ მესაუბრნენ და მითხრეს, რომ მწვრთნელობა შეგიძლია გააგრძელო მხოლოდ, რელიგიური მქადაგებლობა და მოწოდება შეწყვიტეო.

– წვრთნის პარალელურად ქადაგებთ?

– ვარჯიშის დამთავრების შემდეგ, ექვსის ნახევარზე არის ლოცვის დრო და ზოგი რჩება, ვისაც აინტერესებს რელიგია და გრძელდება რელიგიური კითხვა-პასუხი. არანაირი კანონის დარღვევა არ არის. უნდა შეწყვიტოო მითხრეს, რაზეც მე უარი ვთქვი. 20 დღის შემდეგ ეს განმეორდა და მითხრეს, რომ ახლა უკვე არამარტო რელიგიური მოწოდება, არამედ ვარჯიშიც უნდა შეწყვიტოო. რათქმაუნდა ვერც ამაზე ვერ შევთანხმდით იმიტომ, რომ მე ჩემი საცხოვრებელი სახლის ქვედა სართულზე მაქვს ეს დარბაზი. სახელმწიფოს ეს არ ეკუთვნის და აქედან გამომდინარე, ოფიციალურად მე ამას ვერავინ ვერ ამიკრძალავდა. მეორედაც იგივე პიროვნებებმა დამიბარეს, პოლიციის იგივე განყოფილებაში. იმ განყოფილებაში ისინი არ მუშაობენ. მათ მითხრეს, რომ ისინი იყვნენ უსაფრთხოების სამსახურიდან. ამის შემდეგ დაიწყეს მოსწავლეების და მათი მშობლების დაშინება. კერძოდ, ძმები ჭელიძეები, რომელთაგან ერთი აღარ მოვიდა ვარჯიშზე, ჩემთან ურთიერთობა გაწყვიტა და მეორემ საერთოდ დატოვა საქართველო, უკრაინაში გადავიდა, იქ აგრძელებს ვარჯიშს. ბიძაშვილები არიან კიდევ ქათამაძეები, რომლებიც საერთოდ აღარ მოვიდნენ ვარჯიშზე. დანარჩენები ჯერჯერობით არიან, დადიან.

– ფირუზ წუკუკიძესთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

– პირველი დაკითხვის დროს იყო ნახსენები ფირუზი წულუკიძე, მისი ძმა რეზო წულუკიძე, რომელიც როგორც ვიცი, ასევე დაიბარეს. მასთან ერთად, იმ დღესვე დაიბარეს ჩემი შვილი გია ბახუნტარაძე და მასაც იგივე შეზღუდვები და იგივე პრობლემები ჰქონდა, რაც მე. ვინც ჩამოვთვალე, ამათ მოსინჯეს ქვეყნიდან გასვლა, საქმიანობის გამო უნდოდათ ქვეყნიდან გასვლა თურქეთის ტერიტორიაზე და არ გაუშვეს რამდენიმე პიროვნება, რომლებიც ჩვენი სარწმუნოების წარმომადგენლები იყვნენ.

– რა სარწმუნოების, ვაჰაბიტებთან რამე კავშირი გაქვთ?

– მუსლიმანები ვართ. მაგას მეუბნებიან ზუსტად, ვაჰაბიტები ხართო და შენ ზრდი ადამიანებს, რომლებისთვისაც საქართველოს პატრიოტიზმი, დროშა, ჰიმნი არის მეათეხარისხოვანიო. მე რათქმაუნდა არ ვეთანხმები. მე თვითონ სამი ომის მონაწილე ვარ. საქართველოში რაც ომები ჩატარებულა, მონაწილეობა მაქვს მიღებული და იმის გამო, რომ წვერი მაქვს, ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ჩემზე უკეთესი ქართველია რომელიმე იმათთაგანი, რომლებმაც მე დამკითხეს.

– რის გამო იდევნებით?

– ისლამის გამო ვიდევნებით. ამას არ ფარავენ და პირდაპირ გვეუბნებიან.

– ადრეც ხდებოდა ასეთი ფაქტები, საქართველოში ხელისუფლების შეცვლამდე?

– საზღვარზე გავლის დროს იყო შეყოვნებები და დიდი ხანი გვალოდინებდნენ, მაგრამ ისე, რომ მოსულიყვნენ ჩვეთან და ეთქვათ, რომ შეწყვიტე რელიგიური მქადაგებლობა და შეზღუდვები, ასეთი შემთხვევა არ  მქონია.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

ჩვენ მივმართეთ შსს-ს და ვთხოვეთ განემარტათ, რის საფუძველზე აუკრძალეს ფირუზ წულუკიძეს 10 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება. შინაგან საქმეთა სამინისტროდან განმარტება ვერ მივიღეთ.

შს სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა ანალოგიური მოთხოვნით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებაც.

 

ფირუზ წულუკიძე – დაკავებისას გვცემეს ჯერ წიხლებით, შემდეგ იარაღით, სად არის თქვენი ალაჰიო

ფირუზ წულუკიძე ადასტურებს, რომ ლაკაევმა მის მიერ დაქირავებულ სახლში ორი ღამე გაათია.

„თემურ ბახუნტარაძეს ტელეფონით დაუკავშირდნენ და სთხოვეს, რომ საქართველოში ჩამოსული სტუმრისთვის ყურადღება მიექცია. ჩვენ ის ქობულეთში დაგვხვდა. მანქანაში ჩავსვით და იმ ბინაში დავაბინავეთ, სადაც მე და კიდევ რამდენიმე მოჭიდავე ვცხოვრობდით დროებით. ლაკაევი მხოლოდ რუსულად საუბრობდა. მე რუსული ენა არ ვიცი და მასთან ურთიერთობა ფაქტობრივად არ მქონია. სახლში საღამოს მოვდიოდი და დილით ისევ გამოვდიოდი. ერთხელ შუადღით, საჭმელი მივუტანეთ მე და თემურმა. საღამოს მე შევნიშნე, რომ ლაკაევს სავარაუდოდ, იარაღი ჰქონდა და თემურს ვუთხარი. მან თქვა, რომ მომდევნო დღეს უკვე წასვლას აპირებდა თურქეთში. 13 სექტემბერს, როცა ლაკაევი სარფის საბაჟო – გამშვებ პუნქტთან უნდა მიგვეყვანა, დავინახე, რომ პოლიცია აგვედევნა. თემურმა მას უთხრა, რომ მანქანიდან ჩასულიყო, ტაქსში ჩამჯდარიყო და საზღვართან ისე მისულიყო. ისედაც პრობლემები გვაქვს პოლიციასთან და არ გვინდა, საქმე კიდევ უფრო გართულდესო. ლაკაევი მანქანიდან ჩავიდა, სანამ ტაქსში ჩაჯდებოდა, ის პოლიციელებმა გააჩერეს და ძალიან მალე ატყდა სროლა. ჩვენ უკვე გზის მეორე მხარეს ვიყავით. მანქანა გავაჩერეთ და ჩამოვედით. დავინახეთ, რომ ლაკაევიც ისროდა. მერე მას მანქანა დაეჯახა და იარაღი ისე გააგდებინეს. ჯერ ის დააკავეს, მერე ჩვენ. არსად გავქცეულვართ, არავითარ წინააღმდეგობას ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ხელბორკილები რომ დაგვადეს, მიწაზე დაგვყარეს. ამის შემდეგ გვცემეს, ჯერ ფეხებით, წიხლებით, შემდეგ იარაღით. მეც და თემურიც სულ დასისხლიანებულები ვიყავით. „სად არის თქვენი ალაჰი, მოგეხმაროთო?“, „სად არიან კაკაბაძე და ჟურნალისტები, პრესკონფერენციებს რომ მართავდითო“... ერთ–ერთი თავის თანამშრომელს ეუბნებოდა თემურზე, ხელები გაუხსენით, გაიქცეს, ვესროლოთ და აქვე ჩავაძაღლოთო“. ვერ ვიზამთ, ხალხი იყურება და დაინახავენო“ – უთხრა მეორემ. მერე ჩხუბი მოუვიდათ, ხალხი რატომ არის გაჩერებული, რატომ არ გაიყვანეთო. დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გვცემდნენ და გვაწვალებდნენ, სანამ გამომძიებელი მოვიდოდა. მიწაზე რომ დამარტყმევინეს თავი, შუბლზე ჭრილობა მაშინ მივიღე. მერე თავში რაღაც ჩამარტყეს და თავი გამიტეხეს. ზურგზე მდგებოდნენ ფეხებით და ზედ დადიოდნენ. თემურის მიმართ უფრო აგრესიულები იყვნენ, მან გონებაც დაკარგა“, –აღნიშნავს ფირუზ წულუკიძე.

თემურ ბახუნტარაძე და ფირუზ წულუკიძე, ვიდრე მათ ქუთაისის ციხეში გადაიყვანდნენ, ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში სახალხო დამცველის რწმუნებულმა გიორგი ჩარკვიანმა მოინახულა. მისი განცხადებით, ორივე დაკავებულს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მათი განმარტებით, დაკავების დროს მიიღეს.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დროებითი მოთავსების იზოლატორის ადმინისტრაციის მიერ, 14 სექტემბერს, სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებულია სამჯერ. მესამე გამოძახების შედეგად, თემურ ბახუნტარაძე სასწრაფო დახმარების ექიმების დიაგნოზით, ნაკვეთი ჭრილობა კეფის მიდამოში; თავის ტვინის შერყევა, გადაიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დოკუმენტაციის მიხედვით, საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, ექიმი ნეოროქირურგი ასკვნის: ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა; ბახუნტარაძეს მკურნალობა დაუნიშნეს და იზოლატორში დააბრუნეს.

თემურ ბახუნტარაძე თავის ჩვენებაში დაკავების დეტალებს აღწერს და პოლიციის მხრიდან არაადამინურ მოპყრობაზე მიუთითებს. „ლაკაევი რომ დააკავეს, ჩვენ გზის მეორე მხარეს ვიდექით. არ გავქცეულვართ. მოვიდნენ, ხელები აწიეთო. ავწიეთ. შეტრიალდითო, შევტრიალდით. დაწექითო, დავწექით. მოვიდნენ ბევრნი, დაგვადეს ხელბორკილები და დაგვიწყეს გინება. „სადაა შენი ალაჰი, შენი დედაც, ახლა წახვალ სამოთხეშიო“... შენი დედა, შენი შვილი... გვაგინებდნენ. ერთ–ერთმა ისიც თქვა, გაუხსენით ხელების ამის დედაც, გაიქცეს და ვესროლოთ, ადგილზე დავბრიდოთო. მაიკა შემოახიეთ, თითქოს წინააღმდეგობა გაგვიწიაო. მეორემ უთხრა, მოქალაქეები დგანან, გაქცევა არ გამოვა, მე ვერ ვესვრიო. თან უკვე გვცემდნენ. ისევ იმ პირველმა დაუყვირა მეორეს, მოქალაქეები როგორ ვერ გაიყვანეთ აქედანო. ერთ–ერთი თემურ კვანტალიანი იყო, თანამშრომელი, ახლა წადი უფლებადამცველებში და გამართე პრესკონფერენციები, სად არიან შენი კაკაბაძეები და ჟურნალისტები, რატომ არ გეხმარებიანო? ეს კვანტალიანი მეუბნებოდა, ვიცოდი, ადრე თუ გვიან მაინც გაგაბამდი მახეში, სად არის შენი ხალხი, როგორ გაბედე და დამასახალე, რომ ჩემზე ზეწოლას ახდენსო? ეს ის კვანტალიანია, რომელიც წინა პერიოდში კონტრტერორისული ცენტრიდან 2–ჯერ იყო მოსული და სხვადასხვა მოთხოვნებს მიყენებდა. თან მირტყამდნენ ხელებით, ფეხებით, მიწაზე დამადებინეს თავი და ისე მათრევდნენ ბორკილდადებულს. მერე უკვე კონდახებით დამიწყეს ცემა. ერთხელ რომ ჩამარტყეს თავში, არ გავთიშულვარ. მეორედ რომ ჩამარტყეს იარაღი ისევ თავში, გავითიშე და მერე რა მოხდა, ზუსტად არ მახსოვს. გონზე რომ მოვედი, საკანში ვიყავი. ადვოკატი პაატა ბერიძე რომ მოვიდა იზოლატორში, ქვემოთ ვერ ჩამიყვანეს, უგონოდ ვიყავი ისევ“.

აუდიოჩანაწერი, რომელიც კონტრტერორისული ცენტრის თანამშრომლებს ამხელს

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა აუდიოჩანაწერი, რომელიც შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს თემურ ბახუნტარაძეზე რელიგიური ნიშნით ზეწოლაში ამხელს. აუდიო, რომელიც ერთსაათიანია და ფარულად არის ჩაწერილი, ადასტურებს, რომ ბახუნტარაძის დაპატიმრებამდე შსს–ს თანამშრომელი თემურ კვანტალიანი მისგან დაჟინებით მოითხოვდა მოჭიდავეების გაწვრთნა შეეწყვიტა.

რამდენიმე ფრაგმენტი ჩანაწერიდან:

თემურ კვანტალიანი, შსსეხლა სახლში ავარჯიშებ ბავშვებს?

თემურ ბახუნტარაძე, მწვრთნელი – ხო.

– რამდენ ბავშვს ავარჯიშებ?

– ეხლა 10–12 ბავშვი, მეტი არ ეტევა.

– მაგათი სახელები და გვარები მაინტერესებს.

– ვისი სახელი და გვარები გაინტერესებს? არ მახსოვს ყველასი. ორი აქვე არიან მეზობლები, გვარები არ მახსოვს. უშანგი და ჯაბა ჰქვიათ ძმებს.

– სად ცხოვრობენ?

– აქვე ცხოვრობენ, მეზობლად.

– კარის მეზობლების გვარები არ იცი?

– არა. გვარი რაში მაინტერესებს.

– ტრენერი ხარ „ვაფშე“?

– ტრენეტი რომ ვარ, მე ვავარჯიშებდი მაშინ ჭელიძეებსაც, მაგრამ თქვენ უთხარით, აღარ ივარჯიშოთო, ბავშვები დაშინებულები არიან და აღარ მოდიან.

– აღარ მიხვიდეო არ გვითქვამს.

– თქვენ თუ მაგის პრობლემა გაქვთ, მე საერთოდ აღარ ვავარჯიშებ ბავშვებს.

– არა, ჯერ მონაცემები ჩავიწერეთ. გვაინტერესებს ვინ ვარჯიშობს შენთან და რას აკეთებს.

– რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე? ყოველკვირა უნდა გამომიძახოთ და მკითხოთ, ვინ მომემატება და ვინ დამაკლდება? მე ვთქვი, წინა მოსვლაზე, რომ მე, საქართველოში კანონს არ დავარღვევ. ჩვენ ამაზე შევთანხმდით მემგონი ხო? უხერხულია, ყოველდღე შენ მე მიძახო და მკითხო, ვინ მოგემატა, ვინ წავიდა, ვინ შეშინდა, ვინ გააგრძელა და ა.შ.

– შენიდან მაინტერესებს, რომ სახელი და გვარები არ დამალო.

– ხომ მაქვს უფლება, რომ არ გითხრა?

– უფლება გაქვს, მაგრამ...

– იქიდან გამომდინარე, რომ შენ უნდა დაიბარო ბავშვები და უნდა უთხრა, რომ არ მიხვიდეთ, ტერორისტია, ვაჰაბიტია, სხვა რაღაცეებს გასწავლით და ა.შ.

– მე არ მინდა რაღაც სხვა ენაზე საუბარი.

– არც მე არ მინდა ჩვენს შორის ცუდი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. ჩვენი წინა საუბრიდან გამომდინარე გვქონდა უკმაყოფილო დაშორება. მე მეწყინა ის, რომ თქვენ ჩემს შემდეგ ჩემი მოსწავლეები დაიბარეთ და რაღაცნაირად კომპლექსი შეუქმენით იმაზე, რომ ის ბავშვები ჩემთან ვარჯიშზე მოსულიყვნენ.

– ერთი რაღაცა წინასწარ რომ ვიცოდეთ. მე ვიცი, რომ შენ არ გსიამოვნებს აქ სიარული.

– არ მსიამოვნებს რათქმაუნდა, რატომ უნდა მესიამოვნოს.

– მინდა იცოდე შენ, რომ ურთიერთობა მინდა გვქონდეს ისეთი, რომ მე შენი მესმოდეს და შენ ჩემი გესმოდეს. იმიტომ რომ ამას მოითხოვს საქმე. მე, პირადად, შენთან არანაირი ინტერესი არა მაქვს. საქმე მოითხოვს ამას და ამიტომ კეთდება ესე, როგორც საჭიროა. მე გელაპარაკები სამსახურის სახელით.  ტრენერი რომ ავარჯიშებს მოსწავლეს, დამთავრდება ვარჯიში, მიდის სახლში. შენ რათქმაუნდა შეგიძლია ილაპარაკო, მაგრამ როცა მთავრდება ვარჯიში და გრძელდება შეკრება, არ უნდა აცხადებდეს ის ხალხი, რომ რაღაც ზეგავლენის და ფსიქოლოგიური მომენტის გამო ისინი ვერ ამბობენ ამაზე უარს და უწევთ ამ ურთიერთობაში დარჩენა.

– ე.ი. თქვეს, რომ მე ზეგავლენა მაქვს მათზე?

– კი, ფსიქოლოგიური. ეხლა რა მინდა გითხრა. მინდა, რომ სწორად გამიგო, ისე როგორც გეუბნები. ჩვენ მსგავსი საუბრები მარტო შენთან არ გვაქვს. ყველას ვესაუბრებით, რომ გავიგოთ რა ხდება რეალურად. რეალური სურათი არის ესეთი. ბავშვები, რომლებიც შენთან დადიან, წეღანაც ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ, რაღაც გაუცხოებას გრძნობენ ქართული და ეროვნული სიტუაციიდან. მე ვიცი, რომ ვარჯიშზე და ვარჯიშის შემდეგ შენთან არიან გარკვეული დრო. მე მინდა ცოტა სხვანაირი პასუხი გამცე. ეს ხალხი იმ  ჭკუაზეა, რომ ჩვენთან დგას და საქართველოს მოქალაქეებისგან გაუცხოებულია. ჩვენ ამას არ მივესალმებით, პირდაპირ გეუბნები.

–   თემურ, კიდევ ერთხელ ვიძახი, მე, არავის ძალას არ ვატან, მაგრამ შენ რასაც მეუბნები, რომ ისინი ზეგავლენის ქვეშ მყავს, ესე არ არის.

– ჩვენ ეს დასკვნა ყველასთან საუბრის შემდეგ გამოვიტანეთ.

– გასაგებია, მაგრამ მე არავინ არ მყავს ზეგავლენის ქვეშ. შემიძლია ვთქვა, რომ მაღალ ალაჰს ვფიცავარ, ადრეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ მე არ ვტყუივარ.

– შეიძლება ბუდა არ ხარ, მაგრამ ავტორიტეტი ხარ.

–  ავტორიტეტი რატომ ვარ?

–  გეუბნები, ხარ ესეთი ტიპი, რომ ავტორიტეტი ხარ.

–  არავის არ ვექაჩები და არავის არ ვპატიჟებ. მოვიდა ის, ივარჯიშა და წავიდა. ხუთზე ვამთავრებ ვარჯიშს და ექვსის ნახევარზე არის ლოცვის დრო. ზოგი მიდის და ზოგი ამბობს, რომ მე ლოცვას დაველოდები და ვლოცულობთ ერთად და შემდეგ მიდიან სახლში. თუ ამას მეუბნები, რომ ეს არ გააკეთოო, მაგას ვერ დაგპირდები იმიტომ, რომ მე, ლოცვას და იმას, რომ ვინმეს მოვუწოდო რაც ღმერთმა მომიწოდა, მაგას ვერ შევაჩერებ და თუ ეგ დანაშაულია, შეგიძლია დამაპატიმრო მაგის გამო. თუ ესენი შენ სხვანაირად გელაპარაკნენ, მაგაში მე ვერ დამადანაშაულებ. ისინი შეიძლება შეშინდნენ და სხვანაირად გელაპარაკნენ.

– ამიტომ, შენ რომ არ დაგადანაშაულო, მაგ ბავშვებს დაანებე თავი. ჩვენი წინადადება და მოთხოვნა შენთან არის, რომ დაანებე მაგ ბავშვებს თავი. შენ მიხედე შენს საქმეს,შენს თავს.

– ე.ი. ეს ბავშვები რომ მოვლენ დღეს ვარჯიშზე, ვუთხრა, აღარ მოხვიდეთ მეთქი?

–  კი ბატონო, თუ გინდა ეგრე უთხარი. იმიტომ რომ მაგ ბავშვებისგან,მათი საუბრიდან გამომდინარე ვამბობ,მაგათ ჰგონიათ, რომ საქართველო და საქართველოს მოქალაქეობა არის მეათეხარისხოვანი. ჭელიძეები გინდა, თუნდაც წულუკიძე.

– გასაგებია თემურ, მაგრამ მე გითხარი, ტყუილს არ ვიძახი. მე ქადაგებას ვერ შევწყვეტ. თუ ის ბავშვები ჩემთან აღარ მოვლენ, მოდი მეთქი, არ ვეტყვი. თუ მოვლენ და მეტყვიან, რაც აინტერესებთ, მიიღებენ იმას, რაც აინტერესებთ. თუ იმან ჭიდაობის გარდა სხვა რაღაცაც შემეკითხა, იმასაც ვუპასუხებ.

– ერთი სიტყვით, ჩვენი სიტყვა გასაგებია? ეგრე არ არის ბიძია, როგორც თქვენ გგონიათ. მე ჩემი სათქმელი გითხარი.

–  შენ შენებურად ხედავ.

–  ამას ხედავს სამსახური.

მოისმინეთ აუდიო

ფირუზ წულუკიძის და თემურ ბახუნტარაძის საქმეზე, 2012 წლის 24 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა მთავარ პროკურატურას მიმართეს და მოითხოვეს:

წულუკიძისა და ბახუნტარაძის მიმართ პოლიციის მიერ ძალის გამოყენების აუცილებლობისა და პროპორციულობის შესწავლის მიზნით დაიწყოს დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება;

ამ მიმართებით გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის N34 ბრძანების მე–2 პუნქტისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, საქმეზე გამოძიება პროკურატურამ ჩაატაროს.

მთავარმა პროკურატურამ რელიგიური ნიშნით წულუკიძის და ბახუნტარაძის შევიწროვების, დაკავების დროს მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, გამოძიება არ დაიწყო.

ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

რედაქტორის რეკომენდაციით

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.07.17
19:00-00:00
Clear skyfrom east29°C2.1m/s
0mm
პარასკევი 28.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east30°C1.9m/s
0mm
შაბათი 29.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast32°C1.2m/s
0mm
კვირა 30.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast27°C1.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ნოემბერი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
        1 2 3
4 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30