17:13:51

Share |

შსს–ს მიერ ტერორისტად გამოცხადებული მიკაილ კადიევის საქმე

შსს–ს მიერ ტერორისტად გამოცხადებული მიკაილ კადიევის საქმეშინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, დაღესტნელები, 26 წლის მიკაილ კადიევი და მისი ახლობელი რიზვან ომაროვი თბილისში, 2013 წლის 13 ივნისს დააკავეს. შს სამინისტრომ იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, რომ „მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა“. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიძია მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ შს სამინისტრო ცრუობს, პროკურატურის ბრალდებას კი სადავოს ხდის.

 კადიევი საქართველოში

მიკაილ კადიევი (Mikail Kadiev) იგივე მიქაელ ქადოევია. საქართველოში მისი დაკავების თაობაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ინფორმაცია პირველად 2012 წლის 19 დეკემბერს გაავრცელა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, მაშინ კადიევმა გზიდან გაქცევა მოახერხა, არადა საქართველოს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი მაშინ აცხადებდა, რომ  შსს–ს მიქაელ ქადოევი არ დაუკავებია.შსს–ს მიერ ქადოევის დაკავების ფაქტს ბათუმში მცხოვრები თემურ ბახუნტარაძეც ადასტურებდა.

კადიევის დაკავება მეორედ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიკაილ კადიევი მეორედ 2013 წლის 13 ივნისს დააკავა. ამ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. დღეს, გამთენიისას, თბილისში დაკავებულ იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.

გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს.

ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების - ხელშემწყობებისა და მფარველების - გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ვინაიდან მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული.

ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე და გვსურს დაგარწმუნოთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს ტერორიზმის საფრთხისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის მიზნით“.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

 „ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობის ბრალდებით“ დაღესტნელების დაკავების შესახებ ინფორმაციას მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდნენ საერთო ეროვნული ტელეკომპანიები. იმავე დღეს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ ნინო გიორგობიანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერაქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებული მოჯაჰედი სააკაშვილის მფრინავის, ვერტმფრენების კომპანია „თუშეთის“ მფლობელის  ზაურ ქორთოშიძის სახლში ცხოვრობდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა „ტერაქტის მცდელობის ბრალდებით“ დაკავებული პირის პრეზიდენტთან დაკავშირება პროვოკაციად შეაფასა. „შემთხვევით არავინ არაფერს ამბობს, ფორმულირებები არის გაკეთებული სპეციალურად ისე, რომ ეს ყველაფერი დაუკავშირდეს პრეზიდენტის სახელს. რას ნიშნავს პრეზიდენტის პირადი მფრინავი? კომპანია „თუშეთი“, რომელზეც იყო საუბარი, არის დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც დაქირავებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ“, – განაცხადა ბარნოვმა.

 

საქმე

საქმის მასალების მიხედვით, „ჯგუფურად ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტზე“, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 18–323 მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გამოძიება 2013 წლის 12 ივნისს დაიწყო. სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო  კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ირაკლი ჩიმაკაძის სახელზე, ამავე ცენტრის მე–2 სამმართველოს უფროსის შოთა ჭანუყვაძის პატაკი.

„მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ეროვნებით დაღესტნელები რიზვან ომაროვი, დაბადებული 08.07.1973 წელს და მიკაილ კადიევი, დაბადებული 28.09.1982 წელს, ამჟამად იმყოფებიან საქართველოში და საქართველოს მოსახლეობაში შიშის დათესვის მიზნით განზრახული აქვთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აფეთქების გზით ტერორისტული აქტების მოწყობა. დასახული მიზნის მისაღწევად, შერჩეული აქვთ საცხოვრებელი ბინა მდებარე თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N50/18, სადაც უკანონოდ ინახავენ დიდი რაოდენობით ასაფეთქებელ ნივთიერებებს, მოწყობილობებსა და ცეცხლსასროლ იარაღს. ამასთან, აღნიშნული პირები არიან კარგად გაწვრთნილი მეომრები და სამართალდამცავ ორგანოებთან კონტაქტის შემთხვევაში მათი მხრიდან მოსალოდნელია შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა. ამავე ინფორმაციის თანახმად, რიზვან ომაროვს და მიკაილ კადიევს საცხოვრებელი ბინის მოძიებასა და საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაში დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეები კობა მიშიძე, ზაურ ქორთოშიძე, თორნიკე ქორთოშიძე და რუსლან გასანოვი“, – აღნიშნულია პატაკში.

დაკითხვის დროს ჭანუყვაძე მიუთითებს, რომ მან არ იცის როდის შემოვიდნენ საქართველოში რიზვან ომაროვი და მიკაილ კადიევი და კონკრეტულად რა ადგილას აპირებენ ტერორისტული აქტების განხორციელებას.

კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია 13 ივნისს, 04:00 საათზე ჩაატარეს. მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი დააკავეს.

ბინის ჩხრეკის ოქმში მითითებულია: „2013 წლის 13 ივნისს, შსს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელთა მიერ, ბოჭორმის ქუჩა N50/18–ში ჩატარებული ჩხრეკისას, 9 მმ კალიბრის მაკაროვის სისტემის პისტოლეტი N TH 2340, ამავე კალიბრის 8 ცალი ვაზნა ამოღებულ იქნა მიკაილ კადიევის საწოლის მატრასის ქვევიდან; ხოლო 2253,83 გრამი ჰექსოგენის შემცველი ფეთქებადი ნივთიერება, 25 ცალი ელექტროდეტონატორი რიზვან ომაროვის სხვა პირად ნივთებთან ერთად (9200 აშშ დოლარი) რიზვან ომაროვის კუთვნილი ჩანთიდან“; ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ორი პასპორტი მიკაილ კადიევის ფოტოსურათით (Mikail Kadiev. დაბ. 28/09/1982, პასპორტის ნომერი 63N8965250) და იბრაგიმ გარუნოვის (Ibragim Garunov. დაბ. 15.01.1984, პაპორტის ნომერი 64N6606377) მონაცემებით.

საქმის მასალების მიხედვით, კადიევის და ომაროვის დაკავების შემდეგ მოწმის სტატუსით დაიკითხნენ კობა მიშიძე (შპს ავიაკომპანია „თუშეთის“ მძღოლი), თორნიკე ქორთოშიძე (სატვირთო ავიაკომპანიის მფრინავი), ზაურ ქორთოშიძე (შპს ავიაკომპანია „თუშეთის“ დირექტორი), ლევან ქარდავა (შსს კონტრტერორისტული ცენტრის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი), გიორგი სანებლიძე (შსს კონტრტერორისტული ცენტრის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორ გამომძიებელი), მერი ლომიძე (თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე ბინის მეპატრონე).

კობა მიშიძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს: ჩემი დირექტორი ზაურ ქორთოშიძე წარმოშობით არის ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანიდან. დაახლოებით ორი წლის წინ, როცა ვიყავით ზაურის მშობლებთან, თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, იქ დაგვხვდნენ სტუმრები, ჩემთვის უცნობი სამი პირი, რომლებიც იყვნენ დაღესტნიდან. შეხვედრის დროს მე გავიცანი ის ადამიანები, ერთ–ერთი იყო მიკაილ კადიევი. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ჩემი დირექტორი იმ სამ პირს შეხვდა თბილისში, მე–9 საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. რა თემაზე ისაუბრეს არ ვიცი. როგორც მოგვიანებით გავიგე, ორნი ბრუნდებოდნენ დაღესტანში, ხოლო მიკაილ კადიევი აპირებდა საქართველოში დარჩენას და ვარჯიშს ჭიდაობის ერთ–ერთ სახეობაში. 2013 წლის თებერვალში თუ მარტში, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მიკაილ კადიევი ცხოვრობდა ზაურ ქორთოშიძის შვილის, თორნიკე ქორთოშიძის სახლში და დასაქირავებლად ეძებდა ბინას. მე მას, როგორც ზაურ ქორთოშიძის სტუმარს გავუწიე დახმარება, დავურეკე ჩემს ნაცნობს მამუკას, რომელიც არის ბოჭორმის ქუჩა 50/18–ში მდებარე კორპუსის დაცვის თანამშრომელი და მას ვთხოვე, გაერკვია, აღნიშნულ კორპუსში ბინა თუ ქირავდებოდა. მამუკა ბინის დაქირავებაში დაგვეხმარა. ამის შემდეგ კადიევი ცხოვრობდა იმ ბინაში. მე რადგან იმ კორპუსში მყავს ბევრი ნაცნობი, ხშირად მივდიოდი ხოლმე იქ და ხანდახან კადიევსაც ვნახულობდი. ბოლოს კადიევი ტელეფონით დამიკავშირდა 9 ან 10 ივნისს და მთხოვა, მასთან მიმეყვანა საქართველოში სტუმრად ჩამოსული მისი ბიძაშვილი, რომლის სახელი იყო რიზვანი და გაჩერებული იყო სასტუმრო „ვიქტორიაში“, რაზეც მე დავთანხმდი. როგორც გავიგე, 13 ივნისს, მისი დროებითი საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები, საიდან მოიტანა და რაში სჭირდებოდა, არ ვიცი“.

თორნიკე ქორთოშიძის ჩვენებიდან: „მამაჩემის მხრიდან წინაპრები წარმოშობით იყვნენ  დაღესტნის რესპუბლიკიდან, სადაც ამჟამადაც მყავს ნათესავები. ისინი მოკითხვის მიზნით უკავშირდებიან ხოლმე პაპაჩემს. 2012 წლის იანვარში, დაიღუპა ჩემი კოლეგა და მეგობარი ზეზვა ბაქურიძე და მის გასვენებაში ჩავედი ახმეტის რაიონის სოფელ ლალისყურში. იმავე დღეს მოვინახულე პაპაჩემი სოფელ კურდღელაურში, სადაც მას აქვს საქონლის ფერმა. მან გამაცნო ჩეთვის უცნობი, 28–30 წლამდე ასაკის პიროვნება მიკაილ კადიევი. პაპამ მითხრა, რომ მიკაილ კადიევი იყო მისი ნაცნობების ახლობელი და ცოტა ხნით მასთან დარჩებოდა. იმავე დღეს მე დავბრუნდი თბილისში, კადიევთან ურთიერთობა აღარ მქონია. 2012 წლის დეკემბრის თვეში, როცა საზღვარგარეთ ვიმყოფებოდი, დამირეკა პაპამ და მთხოვა, რომ მიკაილ კადიევი დროებით, სანამ ბინას იქირავებდა, იცხოვრებდა ჩემთან, თბილისში, ჩიტაძის ქუჩა 11 ბN55–ში. მე პაპაჩემის თხოვნას დავეთანხმე და ვუთხარი, რომ ვიდრე საქართველოში დავბრუნდებოდი, მიკაილს შეეძლო ჩემს ბინაში ეცხოვრა. დაახლოებით თვენახევრის შემდეგ მე ვთხოვე ჩემს მეგობარს კობა მიშიძეს მიკაილ კადიევისთვის გაეწია დახმარება ბინის შოვნაში. 2013 წლის მარტსა თუ აპრილში, ზუსტად არ მახსოვს, მიკაილს დავეხმარე და ჩემი მანქანით გადავატანინე მისი პირადი ნივთები ნაქირავებ ბინაში ბოჭორმის ქუჩაზე. მან მითხრა, რომ ნაქირავებ ბინაში იცხოვრებდა დაახლოებით ერთი ან ორი თვე, რუსეთის მოქალაქის პასპორტის გაკეთებამდე, რომელიც მისივე თქმით, მან დაკარგა ბათუმში, როცა თურქეთში აპირებდა გადასვლას. მასთან ამის შემდეგ ურთიერთობა აღარ მქონია. იარაღი ან სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა მის ნივთებში არ შემიმჩნევია. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე მიკაილ კადიევის მხრიდან არავინ გამიცვნია და არც არავინ მინახავს ისეთი ადამიანები, რომლებსაც წვერი ჰქონდათ მოშვებული“.

მოწმის სახით დაკითხული ლევან ქარდავა განმარტავს: ვმუშაობ შსს კონტრტერორისტული ცენტრის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2013 წლის 12 ივნისს შემოსული ინფორმაციის თანახმად, ვინმე რიზვან ომაროვს და მიკაილ კადიევს შიშის დათესვის მიზნით განზრახული ჰქონდათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აფეთქების გზით ტერორისტული აქტების მოწყობა. ინფორმაციის თანახმად, ისინი ნაქირავებ ბინაში უკანონოდ ინახავდნენ დიდი რაოდენობით ასაფეთქებელ ნივთიერებებს, მოწყობილობებსა და ცეცხლსასროლ იარაღებს. რადგან აღნიშნული პირები იყვნენ კარგად გაწვრთნილი მეომრები და მოსალოდნელი იყო შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა, დაიწყო გამოძიება და დაიგეგმა ღონისძიება. გამოძახებულ იქნენ სპეციალური სამსახურის თანამშრომლები და 2013 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 04:00 საათზე მივედით ბოჭორმის ქუჩა N50/18–ში. შევედით აღნიშნულ ბინაში, სადაც დაგვხვდა 2 მამაკაცი 30–35 წლამდე. გამომძიებელმა უსუფ თვალიაშვილმა მათ წარუდგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის თაობაზე, განუმარტა უფლება მოვალეობები და დავიწყეთ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რაშიც მე და გიორგი სანებლიძე ვმონაწილეობდით. ამოვიღეთ იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობები, პასპორტები და 9200 დოლარი, რაც შეტანილია ოქმში. ამის შემდეგ ომაროვი და კადიევი გადავიყვანეთ შსს კონტრტერორისტულ ცენტრში.

ბინის მეპატრონე მერი ლომიძე, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მიუთითებს, რომ მას დაუკავშირდა კორპუსის დაცვის თანამშრომელი მამუკა, რომელმაც ჰკითხა აქირავებდა თუ არა ბინას, რაზედაც დათანხმდა. „მითხრეს, რომ უცხოელი სტუმარისთვის სჭირდებოდათ. შევთამხდით თვეში 600 დოლარად. 2 თვის თანხა ერთ–ერთმა მათგანმა წინასწარ გადამიხადა. დაახლოებით ერთ კვირაში დავურეკე იმ პირს, ქართველი იყო, ვინც ფული გადამიხადა და ვკითხე, ბინაში უკვე შევიდნენ თუ არა მდგმურები და მითხრა, უკვე ცხოვრობენო. ვინ ცხოვრობდა მე არ ვიცი. ვიდრე ბინის გაქირავებაზე შევთანხმდებოდით, მამუკამ მითხრა, სანდო ხალხიაო“.

საქართველოს შსს საინფორმაციო – ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, არც რიზვან ომაროვს და არც მიკაილ კადიევს ოფიციალურად არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ ერიცხებათ (შსს–ს წერილი, 13.06.2013).

საქართველოს შსს საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, რიზვან ომაროვი და მიკაილ კადიევი დაღესტნის რესპუბლიკაში ნასამართლევები არ არიან.

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსის ალექსანდრე არაყიშვილის ცნობით, მიკაილ კადიევი დაკავების და შემდგომი რეაგირების მიზნით იძებნება მოსკოვის ინტერპოლის მიერ. ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, მოსკოვი მიკაილ კადიევს მკვლელობაში ადანაშაულებს.

კონტრტერორისტული ცენტრის მოთხოვნის საფუძველზე შსს საექსპერტო – კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში შემოწმდა კადიევის და ომაროვის დაკავების დროს „ამოღებული“ ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები.

ექსპერტების დასკვნით, ცეცხლსასროლი იარაღი ვარგისია გამოყენებისათვის; 8 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, განკუთვნილია „PM“ სტეჩკინის სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის. ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის.

ექსპერტის დასკვნით, ასაფეთქებელი მოწყობილობები არის ქარხნული წესით დამზადებული ელექტროდეტონატორები, ჰექსოგენის შემცველი ნივთიერებით, მიეკუთვნება როგორც საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ასევე გამოიყენებდნენ სახალხო მეურნეობებში გრუნტისა და კლდოვან ქანებში აფეთქების წარმოებისათვის. ვარგისია დანიშნულებით გამოსაყენებლად.

ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით,  მთავარი პროკურატურის პროკურორმა ქრისტინე კვეკვეციამ, რომელიც ოფიციალური მონაცემებით გამოძიებაზე ზედამხედველობას ახორციელებდა, მიკაილ კადიევს და რიზვან ომაროვს ბრალი წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის I ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე).

კადიევმა და ომაროვმა დანაშაული არ აღიარეს. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში კადიევი აღნიშნავს:

„2011 წელს, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოვედი „წითელი ხიდის“ გავლით, საიდანაც წამოვედი ტაქსით. ტაქსის მძღოლს ვუთხარი, რომ მინდოდა ბინის დაქირავება. ის მე დამეხმარა და კავსაძის ქუჩაზე, თბილისში, ვიქირავე ბინა. იმ ბინაში ვცხოვრობდი დაახლოებით 5 თვე, რის შემდეგაც რამდენჯერმე შევიცვალე საცხოვრებელი ადგილი. ბოლოს ბინა ვიქირავე ჩემი ნაცნობების ზაურ ქორთოშიძის შვილის თორნიკე ქორთოშიძის დახმარებით ბოჭორმის ქუჩაძე. აღნიშნულ ბინაში ვცხოვრობდი ერთი თვე, წინასწარ მაქვს გადახდილი 2 თვის ქირა. რამდენიმე დღის წინ, ჩემთან ჩამოვიდა ჩემი ნათესავი რიზვან ომაროვი და ცხოვრობდა ამავე ბინაში. საქართველოში ყოფნის დროს მე არ შემიძენია და არ შემინახავს ცეცხლსასროლი იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობა. მითუმეტეს რიზვან ომაროვს ბინაში კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ მოუტანია. როცა ჩამოვიდა, ჰქონდა შავი ფერის ჩანთა. მე პირადად ვნახე მისი ჩანთა, როდესაც იმყოფებოდა ჩემთან და მას არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჰქონია. ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები მე და ჩემს ნათესავს არ გვეკუთვნის და არც შევინახავდით. პისტოლეტი და ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამიდეს პოლიციელებმა. მე არ დამინახავს ვინ ჩადო და როგორ ჩადო, რადგან მე ვიყავი სამზარეულოში, როცა გავიგონე რიზვანის ხმა, მან იკითხა, რატომ უდებდნენ იარაღს. შევეცადე გამოვსულიყავი და დამენახა ჩემი თვალით, მაგრამ პოლიციელებმა არ გამიშვეს“, – აღნიშნავს მიკაილ კადიევი ბრალდებულად დაკითხვის ოქმში. იგივე შინაარსის ჩვენება აქვს მიცემული რიზვან ომაროვსაც.

პროკურორმა ქრისტინე კვეკვეციამ ბრალდებულების დაპატიმრება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, დაპატიმრება შეუფარდა.

 

მნიშვნელოვანი გარემოებები

ბოჭორმის ქუჩა N50/18–ში მდებარე ბინა, სადაც კადიევი და ომაროვი დროებით ცხოვრობდნენ, 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზეა. კორპუსს საკუთარი დაცვის სამსახური ჰყავს. მოწმეებისგან ნახსენები მამუკა (მაზანაშვილი) დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის საგამოძიებო ჯგუფის წევრები სხვადასხვა დროს, სამჯერ მივედით აღნიშნული კორპუსის ეზოში, თუმცა დაცვის სამსახურის ნებართვის გარეშე სადარბაზოში შესვლა ვერ შევძელით. ტერიტორიაზე ორი ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, სადარბაზოს შესასვლელსა და ეზოში. მამუკა მაზანაშვილმა დაგვიდასტურა, რომ ვიდეოკამერები ერთ წელზე მეტია დამონტაჟებულია და ბინების მესაკუთრეთა თანხმობით, 24 საათიანი მეთვალყურეობაა დაწესებული. მისივე თქმით, კადიევის და ომაროვის დაკავების შემდეგ ჩანაწერები სამართალდამცავებმა წაიღეს. სისხლის სამართლის საქმეში ვიდეოკამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით არანაირი მასალა არ გვხვდება.

ბინასთან დაკავშირებით საყურადღებოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაზედაც ოფიციალური ჩვენების მიხედვით, გამომძიებელს ბინის მეპატრონე მერი ლომიძისთვის კითხვა არ დაუსვამს. ჩვენ დავუკავშირდით ბინის მეპატრონეს და ვკითხეთ, სახლის გაქირავების შემდეგ, ჰქონდა თუ არა მას გასაღები ბინაში შესასვლელად. „კი, მქონდა და ბინა ვისაც მივაქირავე, მათ იცოდნენ ამის შესახებ“, – განაცხადა მერი ლომიძემ.

„კი, მე ვიცოდი, რომ ბინის გასაღები მეპატრონესაც ჰქონდა. რატომ შევინახავდი იქ უკანონო იარაღს და ასაფეთქებელ მოწყობილობებს, რომ მქონოდა“, – განუცხადა კადიევმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

მიკაილ კადიევის მეშვეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ჩვენ მოვიპოვეთ საქართველოში მისი შემოსვლისა და გასვლის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი. წერილის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მიკაელ კადიევი საქართველოში 2011 წლის 7 იანვარს შემოვიდა, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით და მას შემდეგ საქართველო არ დაუტოვებია. ეს დოკუმენტი სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს საქართველოს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნინო გიორგობიანს, რომელმაც კადიევის და ომაროვის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს“.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ კადიევის და ომაროვის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღება მოხდა შიშველი ხელებით, სპეციალური ხელთათმანის გარეშე. ნიშანდობლივია, რომ გამოძიებას არ ჩაუტარებია დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა. გამოძიება არ დაინტერესებულა აღმოჩნდებოდა თუ არა იარაღზე და ასაფეთქებელ ნივთიერებებზე კადიევის ან ომაროვის ხელის ანაბეჭდები.

 

 

მიკაილ კადიევის მეშვეობით ჩვენ გამოვითხოვეთ შს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრიდან, რეგისტრირებულია თუ არა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი N TH 2340 ან ხომ არ დგას აღიცხვაზე ძებნილ იარაღთა ბაზაში. შსს–ს ოფიციალური პასუხის თანახმად, ამ მონაცემების იარაღი არც რეგისტრირებულია და არც ძებნაშია.

 

სამხილი კონტრტერორისტული ცენტრის წინააღმდეგ

2013 წლის 30 აგვისტოს, მიკაილ კადიევის და რიზვან ომაროვის ადვოკატს გელა ნიკოლაიშვილს დაუკავშირდა თბილისში მცხოვრები გიორგი სუხიაშვილი. მისი განმარტებით, საქართველოში ტერორისტული აქტების მოწყობის მცდელობის ბრალდებით ორი დაღესტნელი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია ტელევიზიით შეიტყო.

„როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნებოდა, დაღესტნელების ბინის ჩხრეკისას ამოუღიათ ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება. ტელევიზიით აჩვენეს თითქოსდა ე.წ. ტერორისტების ბინაში აღმოჩენილი „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი. მე მაშინვე ვიცანი ეს პისტოლეტი.

– საიდან იცანით?

– პროფესიით ვარ ინჟინერ ელექტრიკოსი, თუმცა 1995–2003 წლებში ვმუშაობდი სახელმწიფო სამხედრო ცენტრ „დელტაში“, სადაც ამზადებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს. ამ დაწესებულებაში მეკავა ცეცხლსასროლი იარაღების წამყვანი კონსტრუქტორის თანამდებობა, ანუ ვარ ცეცხლსასროლი იარაღების კონსტრუქტორი და სპეციალისტი, რის გამოც კარგად ვერკვევი ნიუანსებში. როდესაც ტელევიზიით აჩვენეს პისტოლეტი, მე მაშინვე ვიცანი.

– მანამდეც ნანახი გქონდათ, ან სხვა პისტოლეტებისგან რით განასხვავეთ?

– 2013 წლის 29 იანვარს ჩემს საცხოვრებელ ბინაში ანტიტერორისტული ცენტრის წარმომადგენლების მიერ ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც მათ ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო ვერ აღმოაჩინეს. ბოლოს, ერთ–ერთმა მათგანმა, ანტიტერორისტული ცენტრის უფროსმა ირაკლი ჩიმაკაძემ, მაგიდის გვერდით, საუთოვებელზე პირდაპირ დადო სწორედ ეს იარაღი. როცა ბინის ჩხრეკა დაამთავრეს, შემომედავნენ რომ „კარაბინი“ მქონდა დატოვებული ბიძის სახლში და კიდევ „გეკოს“ 11 ცალი ვაზნა მაგიდის უჯრაში. პისტოლეტი, რომელიც თვითონ დამიდეს, უკან წაიღეს, ოქმშიც არ დაუფიქსირებიათ. ალბათ იფიქრეს, რომ სახლში ჩხრეკის დროს იყვნენ დედაჩემი და ჩემი მეუღლე, რომლებიც დაადასტურებდნენ იარაღის დადების ფაქტს. როგორც ჩანს, ამას მოერიდნენ.

– როგორც თქვენ ამბობთ, 4 თვის შემდეგ, სწორედ ის იარაღი „აღმოაჩინეს“ კადიევის და ომაროვის დროებით საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მანამდე თქვენ დაგიდეს. რით იცანით?

– ეს პისტოლეტი ამოვიცანი შემდეგი ნიშნებით: იარაღს ჩამკეტზე აქვს სპეციფიური ლაქები, ქიმიური ოქსიდირება. ალაგ – ალაგ არის გაქერცლილი, სიძველისგან და მოუვლელობისგან აქვს ჟანგის წინწკლები. ჩიმაკაძემ, როცა ეს იარაღი მე დამიდო, პისტოლეტიდან ამოიღო მჭიდი, რომელშიც იყო 5 – 6 ვაზნა, რომლებსაც დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა. ვაზნაზე, იმ ადგილზე, სადაც გილზა მთავრდება და ტყვიის თავი იწყება, მელნისფერი ჰერმეტული საღებავი ჰქონდა. როცა იგივე იარაღი დაღესტნელების ბინაში ამოიღეს, მე შევედი ინტერნეტში და ვიდეო კიდევ ერთხელ ყურადღებით ვნახე. დავაკვირდი და დავრწმუნდი, რომ ეს სწორედ ის პისტოლეტი და ტყვიები იყო, რომელიც ჩემთან ჩხრეკის დროს დადეს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა.

–  „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტის ჩვეულებრივი ტყვიებისგან რით განსხვავდება ეს ტყვიები?

– იმით, რომ თუ გავრცელებულ ვაზნებს აქვს წითელი ან მწვანე ჰერმეტული საღებავი, ამ ტყვიებს როგორც აღვნიშნე ჰქონდა იასამნისფერ – მელნისფერი ჰერმეტული საღებავი. ეს ვაზნები გაცილებით იშვიათად გვხვდება და მას „სტეჩკინის“ ვაზნებს ეძახიან.

– თქვენი ბინის ჩხრეკაში შსს–დან ვინ მონაწილეობდნენ?

– ირაკლი ჩიმაკაძე, შოთა ჭანუყვაძე, უსუფ თვალიაშვილი, ლევან სადუნიშვილი, ირაკლი კოკაია და სხვები.

– თქვენი დაკავების მიზანი რა იყო?

– ირაკლი ჩიმაკაძემ დაკითხვის დროს დამიწყო საუბარი ჩემს მეგობარ პაატა მუსერიძეზე, რომელსაც აქვს იარაღების მაღაზია. ჩიმაკაძე მთავაზობდა თანამშრომლობას. კერძოდ, მე უნდა მეთქვა, თუ სად მალავდა პაატა არაკანონიერ იარაღს. მე ვუთხარი, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. პაატას ნათქვამი ჰქონდა, რომ ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლები მას უქმნიდნენ გარკვეულ პრობლემებს. დაკითხვის დროს ანტიტერორისტული ცენტრის ერთ–ერთი თანამშრომელი ითხოვდა ჩემგან, მეთქვა, რომ პაატა მუსერიძე მე მაძლევდა იარაღს, მე კი იარაღი მიმქონდა და ვყიდდი ჩეჩნებზე. შეურაცხყოფას მაყენებდა, მაგრამ ცრუ ჩვენება მაინც არ მივეცი. ბოლოს მითხრეს, პაატას ჩვენ მაინც დავიჭერთო. საბოლოოდ ბრალი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა – შენახვაში დამდეს, საპროცესო გამიფორმეს, 2 წელი პირობითი სასჯელი შემიფარდეს, 3 წელი გამოსაცდელი ვადა და 1500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დამაკისრეს“.

გიორგი სუხიაშვილის თქმით, პროკურატურასთან საპროცესო გარიგების გაფორმებამდე, 2013 წლის 11 აპრილს, მან განცხადებით მიმართა შსს გენერალური ინსპექციის უფროსს ზვიად ჯანყარაშვილს. შსს–დან ჩვენ მოვიპოვეთ გიორგი სუხიაშვილის აღნიშნული განცხადება, სადაც ის აღწერს როგორ დააკავეს, როგორ დაუდეს სახლში იარაღი, რომელიც მერე ოქმში აღარ შეიტანეს, რას ითხოვდნენ მისგან დაკითხვის დროს და ა.შ.

შს სამინისტროს კანცელარიაში რეგისტრირებულია გიორგი სუხიაშვილის მეუღლის მაია გიგაურის განცხადებაც. „მოიყვანეს ჩემი მეუღლე, ბორკილდადებული. თან ახლდა ჩემთვის უცნობი 5 მამაკაცი. გავაღეთ სახლის კარი და დაიწყეს ჩხრეკა. ჩხრეკის ორდერი არ წარმოუდგენიათ. ვერაფერი რომ ვერ ნახეს განსაკუთრებული, უცებ ერთი იძახის, ეს რა „მაკაროვიაო“? ეს „მაკაროვი“ მე პირველად ვნახე და ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს ბინაში არ იყო. ჩემი მეუღლეც ხმამაღლა იძახდა, რომ მისი არ იყო. მოგვიანებით, ეს „მაკაროვი“ მაგიდაზე აღარ იყო და გვითხრეს, რომ დაგვევიწყებინა“.

ოფიციალური ინფორმაციით, შსს გენერალური ინსპექციიდან გიორგი სუხიაშვილის და მაია გიგაურის განცხადებები რეაგირებისათვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა. პროკურატურიდან პროკურორ ქრისტინე კვეკვეციას ხელმოწერით განმცხადებლებს ეცნობათ, რომ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არ დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ პროკურორი ქრისტინე კვეკვეცია ზედამხედველობდა მიკაილ კადიევის და რიზვან ომაროვის საქმის გამოძიების პროცესს და სასამართლო პროცესებზეც ის წარმოადგენს ბრალდების მხარეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთხელ დაუკავშირდა საქართველოს მთავარ პროკურატურას. როგორ მოხდა, რომ ერთი და იგივე იარაღი ფიგურირებს ორ სხვადასხვა საქმეში, რომელიც კონტრტერორისტული ცენტრის მიერ არის გამოძიებული; რატომ არ ჩაატარა გამოძიებამ იარაღზე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა; რატომ არ დაიწყო მთავარმა პროკურატურამ გამოძიება გიორგი სუხიაშვილის და მისი მეუღლის განცხადებებში მოცემულ ფაქტებზე? ამ და სხვა კითხვებზე პროკურატურისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

 

მოსკოვის ინტერპოლი კადიევის ექსტრადირებას ითხოვს

მოსკოვის ინტერპოლი მიკაილ კადიევის ექსტრადირებას ითხოვს. მოსკოვის პოლიცია მას მკვლელობაში ადანაშაულებს. კადიევის განმარტებით, იმ პერიოდში, როცა მას მკვლელობაში ადანაშაულებენ, ის დაღესტანში სამაშველო სამსახურში მუშაობდა და მკვლელობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის დახმარებით, მიკაილ კადიევმა საქართველოს მთავრობას დევნილის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაღესტნის რესპუბლიკაში მოქმედი უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოუგზავნეს ერთობლივი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მიკაილ კადიევს რუსეთის ხელისუფლება თავისუფალი აზრისა და სამოქალაქო აქტიურობის გამო დევნის.

„საერთო პოლიტიკური მდგომარეობა დაღესტანში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რჩება ძალიან მძიმე, კორუფცია, ტერორისტული აქტები და მოქალაქეების უფლებების დარღვევა. მასობრივ გამოსვლებში კონსტიტუციის დასაცავად ხშირად გამოდიოდა მიკაილ კადიევი. თანამშრომლობდა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან არამარტო ხასავიურტში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ. ყოველთვის გვეხმარებოდა იგი ხალხის დაცვაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყველა ის ბრალდება, რაც კადიევის მიმართ არის, გამოწვეულია დაღესტანში მისი უფლებადაცვითი საქმიანობიდან გამომდინარე. 2010 წელს ის იძულებული გახდა რუსეთის ტერიტორია დაეტოვებინა. მთავარ საფრთხედ რჩება კადიევის სიცოცხლე, რომელიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას მისცეს მას პოლიტიკური თავშესაფარი და იხსნას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 7 უფლებადაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი აწერს.

გელა მთივლიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ფირნიშები

რედაქტორის რეკომენდაციით

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 29.03.17
22:00-00:00
Clear skyfrom southwest3°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 12:00-18:00
Clear skyfrom east9°C2.2m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 12:00-18:00
Cloudyfrom east-southeast14°C1.8m/s
0mm
შაბათი 01.04.17 10:00-16:00
Cloudyfrom east1°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ოქტომბერი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 24 25 26 27
28 29 30 31