14:03:25

ფირნიშები
Share |

კომპენსაციები „ქართუ ბანკიდან“ ყალბი აქტების ხარჯზე

კომპენსაციები „ქართუ ბანკიდან“ ყალბი აქტების ხარჯზერამდენიმე დღის წინ, პოლიციამ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის 4 წევრი კორუფციის ბრალდებით დააკავა. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიკვლია, რა დოკუმენტები გააყალბეს კომისიის წევრებმა და რა კავშირი აქვს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს აკაკი ოსიაშვილს კორუფციასთან.

2012 წლის 19 ივლისს კახეთში ძლიერი სტიქია მოხდა. სეტყვამ და ქარბორბალამ ყველაზე მეტად თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის და საგარეჯოს სოფლები დააზარალა. ქარბორბალამ საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, ელექტროენერგიის მავთულები დაწყვიტა, ხეები დაგლიჯა, სეტყვამ 38 სოფელში მოსავალი მთლიანად გაანადგურა. იმდროინდელმა მთავრობამ პრემირ – მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეთაურობით, სტიქიის შედეგად დაზარალებულები სამ კატეგორიად დაყო. პირველ კატეგორიაში მოხვედრილებმა, ანუ ოჯახებმა, რომლებსაც მოსავალი 100%–ით გაუნადგურდათ, 1300–1500 ლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღეს. მეორე კატეგორიაში ის ოჯახები შევიდნენ, რომელთაც მოსავალი 70–80%–ით გაუნადგურდათ. მათ კომპენსაციის სახით 800–900 ლარი მიიღეს. მესამე კატეგორიის დაზარალებულებს, მათ ვისაც სტიქიამ მოსავლის 50%–მდე გაუნადგურა, სახელმწიფო 300–500 ლარით დაეხმარა. ფულადი კომპენსაციები აგვისტოში დარიგდა, ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევრით ადრე.

წინასაარჩევნოდ სტიქიით დაზარალებულებს ზარალის სრულ კომპენსაციას დაპირდა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.

„ახლა ვნახე ატმის ბაღები და ვენახები, აბსოლუტურად განადგურებულია. არიან ისეთი მოსახლეები 100, 35, 50 ტონა მოსავალს ელოდებოდნენ. ამათ უნდათ, 1 500 ლარი გადაუხადონ. ეგრე არ გამოვა, მე ვეუბნები, აღვწეროთ სრული დანაკარგი, ყურძენზე არანაკლებ 1 ლარის ანგარიშით უნდა აღიწეროს ყველაფერი, ატამზე 1 ლარზეა საუბარი, არანაკლებ 50 თეთრი, უნდა აღიწეროს რეალური დანაკარგი და რეალური ხარჯი, 50 ათასის და 30 ათასის შემოსავალს რომ ელოდა გლეხი და 1 500 ლარს პირდებიან, ეგრე სად არის. ჩვენ ყველას აღვწერთ და ვეუბნებით, აი ფული, აი რეალური ზარალი, აბა როგორ არ გადაიხდიან, ვნახოთ“, – განაცხადა ივანიშვილმა სტიქიით დაზარალებულ სოფელ ვაჩნაძიანში ვიზიტისას.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“, რომლის დამფინანსებელიც ბიძინა ივანიშვილია, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 95 მილიონი ლარი გამოყო. პრემიერ – მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სტიქიის შედეგად დამდგარი ზარალის ზუსტი მონაცემების შესწავლა და დოკუმენტირება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაავალა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიის შედეგად სასოფლო – სამეურნეო სავარგულებისადმი მიყენებული ზარალის შესწავლა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად უნდა განეხორციელებინა. გურჯაანში ზარალის შესწავლა დროში გაჭიანურდა. იმის მიუხედავად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, გამგებელმა დავით მესხიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილმა თანამდებობები 19 ნოემბერს დატოვეს, საკრებულო გამგებლის მოვალეობის ახალ შემსრულებელს ვერ ნიშნავდა. „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც გამგებლის თანამდებობაზე კოალიციის ერთ–ერთი წარმომადგენლის აკაკი (ჯონი) ოსიაშვილის დანიშვნის წინააღმდეგები იყვნენ, სხდომებზე რამდენჯერმე შეიჭრნენ და ჩაშალეს. 2012 წლის 10 დეკემბერს საკრებულომ აკაკი ოსიაშვილი გურჯაანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.

2012 წლის 13 დეკემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის აკაკი ოსიაშვილის N1839 ბრძანების საფუძველზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შექმნილ „2012 წელს კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგებისა და მათ სალიკვიდაციოდ განხორციელებული ღონისძიებების შემსწავლელ კომისიასთან“ თანამშრომლობა და შესაბამის სოფლებში სათანადო დახმარების გაწევა დაევალა. ჯგუფის შემადგენლობა შემდეგნაირად განისაზღვრა: ბიჭიკო მაისურაძე – გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; შალვა ბაჩუკაშვილი, ვალერი ყავალაშვილი, რატი ჭყოიძე  – ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტები; ირაკლი უტიაშვილი – ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი.

ამავე ბრძანებით სამუშაო ჯგუფები სტიქიით დაზარალებულ სოფლებშიც შეიქმნა. სოფელ ჩუმლაყში სამუშაო ჯგუფი 16 ადამიანით დაკომპლექტდა. კომისიის თავმჯდომარედ იორამ ორთოიძე დაინიშნა. ორთოიძე საპარლამენტო არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი იყო და სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიულ ორგანოში სპეციალისტად მუშაობდა. კომისიის წევრებად დაინიშნენ: რუაძე ზაქარია, დათუაშვილი ზალა, სპარსიაშვილი მანანა, ძებისაშვილი ლალი, მაისურაძე ბონდო, ქუძეშვილი ანა, დვალი გიორგი, ბერუკაშვილი ბესო, ოსიაშვილი ალიკა, ქართლელიშვილი ნათელა, რუაძე მამუკა, ბურდიაშვილი მარიკა, მითარიშვილი მაია, დათუაშვილი ოთარი, შაოშვილი გია. ჩუმლაყის ჯგუფის მუშაობაზე ზედამხედველობა რაიონულ დონეზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს დაევალა, კერძოდ, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტს რატი ჭყოიძეს.

დალი ყოჩაშვილის განცხადება

2013 წლის აპრილში სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებმა დალი ყოჩაშვილმა განცხადებით გურჯაანის რაიონულ პროკურატურას მიმართა. ყოჩაშვილი თავის განცხადებაში სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიის წევრებს კორუფციაში ადანაშაულებდა.

„რამდენჯერაც მივედი გამგებელთან დამეხმარეთ მეთქი, სამ თვეზე მეტ ხანს დავდიოდი, ყველას მივაკითხე, მაგრამ პასუხს არავინ მცემდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივმართე და მირჩიეს, რომ პროკურატურისთვის მიმემართა. ვდაობდი იმას, რომ ჩუმლაყში კომისიამ არასწორად იმუშავა, თანხები არასწორად განაწილდა, კომისიამ მხოლოდ თავიანთი ოჯახის წევრებისთვის და შინაურებისთვის იმუშავა. დაზარალებული ხალხი ისე დარჩა განადგურებული, რომ ძალიან ბევრს კაპიკი არ მიუღია. ერთიდაიგივე ნაკვეთზე თანხის გაწერა ორჯერ მოხდა. ადგილები გაყიდული აქვთ და რადგან მიღება - ჩაბარების აქტით მათ ერიცხებოდათ, ერთიდაიგივე ადგილზე ორ ადამიანს აქვს აღებული ფული, მყიდველსაც და გამყიდველსაც. კომისიის წევრებმა ეს ძალიან კარგად იცოდნენ.

– მუნიციპალიტეტის გამგებელს აკაკი ოსიაშვილს როცა შეხვდით, არ უთხარით ამის შესახებ?

– გამგებელს ჰქონდა ამ ყველაფერზე ინფორმაცია. მე ვეუბნებოდი, განცხადებითაც მივმართე, ოჯახშიც ვიყავი მისული, კოტეხში, მეუღლის ბინაში და ვუთხარი, ჯონი, ასე ხდება ჩუმლაყში, კომისია არასწორად მუშაობს და დამეხმარე, არაფერი არ დამიწერეს მეთქი, არც მე არ ამიღია, იქნებაო. ეს მოხდა სანამ პროკურატურას მივმართავდი 2 კვირით ადრე“.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

2013 წლის 1–ელ მაისს, შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით კომისიის წევრები იორამ ორთოიძე, გიორგი დვალი და ბესიკ ბერუკაშვილი დააკავეს. 2 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ორმა წევრმა კეთილსინდისიერად არ შეასრულეს მათზე დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, არ შეისწავლეს კონკრეტული ნაკვეთების ოდენობა და დაზიანების ხარისხი. ისინი, პირადი გამორჩენის მიზნით, თავის ახლობლებსა და ასევე სხვა დაზარალებულ მოქალაქეებს გაურიგდნენ და ზარალის კომპენსაციის თანხები არამიზნობრივად განკარგეს. დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა – დაკავების მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ–ის 332–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს–ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს“.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ორთოიძეს და დვალს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ბესიკ ბერუკაშვილს კი 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო. მოსამართლემ განმარტა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გამოძიებისათვის ხელის შეშლის მცდელობას, მითუფრო იმის გათვალისწინებით, რომ ზიანის დამდგენი კომისიის ლიკვიდაციის ან უფლებამოსილების შეჩერების შესახებ სასამართლოში რაიმე დოკუმენტი არ წარუდგენიათ. „მართალია ბრალდებულ დვალს და ორთოიძეს ბრალად ედებათ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა, მაგრამ დასაკითხია ასეულობით მოწმე, ჩასატარებელია სხვა საგამოძიებო მოქმედებები. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა სხვა ფაქტებსაც ჰქონდეს ადგილი და მათ ხელი შეუშალონ გამოძიებას“, – განმარტავს მოსამართლე.

2013 წლის 14 მაისს, სამართალდამცავებმა იგივე ბრალდებით, სოფელ ჩუმლაყში კომისიის კიდევ ერთი წევრი ზაქარია რუაძე დააკავეს. პროკურატურამ მის მიმართ გირაოს შეფარდება მოითხოვა 5 ათასი ლარის ოდენობით, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

ყალბი აქტები

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის განმსაზღვრელი რამდენიმე აქტი მოიპოვა, რომელიც უკანონოდ არის შედგენილი.

ერთ–ერთი ასეთი აქტი N2–14–7321 სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები თამაზ მოსეშვილის სახელზეა შედგენილი. აქტის საფუძველზე თამაზ მოსეშვილმა ს/ს „ქართუ ბანკიდან“ კომპენსაციის სახით 11760 ლარი მიიღო. თამაზ მოსეშვილი სტიქიით დაზარალებულთა სიაში 30–ე ტრანშშია შეყვანილი 42–ე ნომრად.  სინამდვილეში, თამაზ მოსეშვილს აქტში მითითებულ ნაკვეთში წლების განმავლობაში რაიმე სახის კულტურა არ ეთესა. ამ ფაქტს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თამაზ მოსეშვილი ადასტურებს. მისი თქმით, ყალბი აქტის შედგენის და ფულადი კომპენსაციის მიღების სანაცვლოდ, ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარეს იორამ ორთოიძეს 2000 ლარი, მისმა შვილმა გელა მოსეშვილმა გადასცა. კომისიის თავმჯდომარისთვის ფულის გადაცემას თავის ჩვენებაში გელა მოსეშვილიც ადასტურებს. 

კიდევ ერთი ყალბი აქტი N2–14–67–74 შედგენილია სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ ზურაბ განჯელაშვილის სახელზე, რომლის საფუძველზეც განჯელაშვილმა კომპენსაციის სახით ფონდ „ქართუდან“ 9500 ლარი მიიღო (მე–3 ტრანში, N442). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით, ზურაბ განჯელაშვილს, სოფელ ჩუმლაყში, საკუთრებაში მიწის ნაკვეთი არ აქვს. ჩუმლაყში ადგილზე გადამოწმების და გამოკითხვის შედეგად, გამოვარკვიეთ, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც ზარალის განმსაზღვრელ აქტშია მითითებული, ზურაბ განჯელაშვილის ნათესავს ციალა განჯელაშვილს ეკუთვნის. ზუსტად იგივე ნაკვეთზე კომპენსაცია ციალა განჯელაშვილს თავად აქვს მიღებული. ამ ფაქტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე, 16 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემები (32–ე ტრანში, N337) ადასტურებს. ამასთან, ციალა განჯელაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაუდასტურა, რომ კომპენსაცია ნამდვილად მიიღო 7500 ლარის ოდენობით. 

ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით, კიდევ ერთი ყალბი აქტი N2–15–7893 სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ ნინო ღვინიაშვილის სახელზეა შედგენილი. ოფიციალური მონაცემებით, ამ აქტის საფუძველზე ნინო ღვინიაშვილს ბანკ „ქართუში“ 11760 ლარი დაერიცხა. ამ ფაქტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე, 8 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემები (30–ე ტრანში, N50) ადასტურებს. მიწის ნაკვეთი, რომელიც ზარალის განმსაზღვრელ აქტშია მითითებული, ნინო ღვინიაშვილის მეუღლეს ბესიკ ბერუკაშვილს ეკუთვნის. ბესიკ ბერუკაშვილი თავად იყო კომისიის წევრი სოფელ ჩუმლაყში და მას ამავე მიწის ნაკვეთზე ნათესების დაზიანების გამო, კომპენსაციის სახით უკვე აღებული ჰქონდა 13 800 ლარი (26–ე ტრანში, N782).

ბესიკ ბერუკაშვილი: ალბათ მაგაზე ვიყავი დაკავებული. იქ შეცდომა მოხდა რაღაც, გაორება. მე თანხა უკან დავაბრუნე.

– თანხა ვისი დავალებით დააბრუნეთ უკან?

– არავის დავალება არ ყოფილა.

– მუნიციპალიტეტის გამგებელთან არ გქონიათ ამ საკითხზე საუბარი?

– გამგებელთან მივედი და ვუთხარი, როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება, თანხის დაბრუნება.

– რა გითხრათ გამგებელმა?

– არ იცოდა არც იმან როგორ უნდა დაბრუნებულიყო და მითხრა, რომ თბილისში ჩავალ სამინისტროში და გავარკვევო.

– როგორ მოხდა ეს შეცდომა?

– მე დაკითხული ვარ ამაზე და არ არის საჭირო რაც ჩვენება მივეცი, იმაზე ტელევიზიით დავდგე და ვილაპარაკო.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიის წევრები საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირები არიან. გიორგი დვალი კი 2013 წლის მარტიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსად მუშაობდა. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოფლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაზე ზედამხედველობის გაწევა მუნიციპალიტეტის გამგეობას ევალებოდა. კორუფციის ბრალდებით კომისიის 4 წევრის დაკავების მიუხედავად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი აკაკი ოსიაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ გრძნობს.

„ის ადამიანები როდესაც კომისიის წევრები გახდნენ, სოფლის მაცხოვრებლები იყვნენ. თქვენ გინდათ, რომ გავიზიარო პოლიტიკური პასუხისმგებლობა სოფლის მაცხოვრებლებზე?კომისია 13 დეკემბერს შეიქმნა და ისინი მოსამსახურეები გახდნენ მარტში. ასე რომ, ძალიან შეუსაბამო რაღაცას მეკითხებით“, – განუცხადა აკაკი ოსიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს 2013 წლის 16 მაისს.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

გამგებლის განცხადებით, ვიდრე პოლიცია სტიქიის შემსწავლელი კომისიის წევრების მხრიდან კანონდარღვევის ფაქტებზე გამოძიებას დაიწყებდა, მან სოფელ ჩუმლაყის კომისიის წევრები დაიბარა და ნინო ღვინიაშვილის სახელზე გაცემული თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა.

„ორი კვირით ადრე, ვიდრე ძიებას დაიწყებდნენ, დავიბარე და მოვთხოვე, რომ თანხა უკან დაებრუნებინათ, „ქართუ ბანკის“ ანგარიშზე.

– საიდან გაიგეთ, რომ კომპენსაცია უკანონოდ იყო გაცემული?

– ჩემთან შემოდიოდა უამრავი საჩივარი მოსახლეობიდან. მე გადავამოწმე ველისციხის, ვაზისუბნის დაახლოებით სამოცდაათამდე ოჯახი. შევქმენი კომისია გიორგი ჩეკურიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ამოწმებდა შემოსულ განცხადებებს თუ რამე პრეტენზიები შემოდიოდა. მე, ჩემის მხრივ ამ მონაცემებს ვამოწმებდი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. სხვათაშორის ნახევარი დღე ვეძებე ვინ იყო ღვინიაშვილი, რადგან არ ვიცოდი ვინ იყო. შემდეგ დავადგინე ეს ადამიანი ვინც იყო, გადავამოწმე ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ვნახე, თუ რა თანხა იყო გაცემული. მაშინვე დავიბარე კომისიის წევრები, ყველა და ვკითხე, რომ აღნიშნულ პიროვნებას ჰქონდა თუ არა ნაკვეთი.

– ორთოიძეც ესწრებოდა?

– რა თქმა უნდა და ვიკითხე, ვინ იყო ღვინიაშვილი, რომელმაც 11760 ლარი აიღო. ასევე იყო მის მეუღლეზე გაცემული თანხა. კომისიის მუშაობაში ჩარევის უფლება მე არც მქონია და არც ვერევი.

– პროკურატურას რატომ არ აცნობეთ, არ იცოდით, რომ დოკუმენტის გაყალბება და თანხის მითვისება სისხლის სამართლის დანაშაულია?

– მე საქმის კურსში ჩავაყენე ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ვუთხარი, რომ აღნიშნული თანხა არის არაკანონიერად გაცემული და რა გავაკეთო მეთქი. მითხრეს, თანხა თუ არის უკანონოდ გაცემული, უკან დააბრუნეთო.

– სამინისტროში გითხრეს?

– დიახ.

– ვინ გითხრათ?

– კონკრეტული პირის ვინაობა რატომ უნდა დავასახელო, მე მითხრეს.

– რატომ არ აცნობეთ პროკურატურას და პოლიციას ამის შესახებ, რომ დანაშაულს ჰქონდა ადგილი? თქვენ ხომ განაცხადეთ, რომ მაშინ გამოძიება ჯერ დაწყებული არ იყო.

– ჩაითვალა, რომ თანხა დაბრუნდა იქ არავინ არ დაზარალებულა“.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

გიორგი წაქაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი: „პიროვნებამ დარეკა სამინისტროში, ამ შემთხვევაში აკაკი ოსიაშვილმა და იკითხა, რომ ვიღაცეებს თანხა აუღიათ თურმე არასწორად, უნდათ, რომ დააბრუნონ და ხომ შეიძლებაო? ვუთხარი, რომ თუ თანხა გაიცა არასწორად და მოქალაქეებს უნდათ, რომ დააბრუნონ, დააბრუნონ მეთქი. ეს კომუნიკაცია გამგეობიდან რამდენჯერმე იყო. თავიდან, სანამ გამოძიება დაიწყებოდა, მანამდე. სამწუხაროდ დეტალებზე საუბარი არ ყოფილა, ის რომ აქტი იყო გაყალბებული, გამგებელს ამის შესახებ არ უთქვამს“.

ბრალდებულის ჩვენება გამგებლის წინააღმდეგ

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ექსკლუზიურად მოიპოვა ერთ–ერთი ბრალდებულის იორამ ორთოიძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ოფიციალური ჩვენებები. 8 მაისით დათარიღებულ ჩვენებაში იორამ ორთოიძე აღნიშნავს:

„2012 წლის დეკემბერში ჩემმა თანასოფლელმა ზაქარია რუაძემ მითხრა, რომ სოფელ ჩუმლაყში იქმნებოდა ზარალის დამთვლელი კომისია და გამგებელს თავმჯდომარედ მე უნდა დავენიშნე. მე გადავედი აკაკი ოსიაშვილთან, კაბინეტში შევედი და ვკითხე, რაზე მიბარებდა. მან მითხრა, რომ ვჭირდებოდი ამ თანამდებობაზე და თავმჯდომარე მე უნდა ვყოფილიყავი. არჩევნებამდე, რადგან მე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ვიყავი, აკაკი ოსიაშვილი დამუქრებული იყო, ჩემი შვილის თანამდებობიდან გათავისუფლებით. უარი ვეღარ ვუთხარი და დავთანხმდი. თან ანგარიში გავუწიე, არ მინდოდა ჩემს შვილს პრობლემები შექმნოდა. (იორამ ორთოიძის შვილი გიორგი ორთოიძე შს ორგანოში მუშაობდა. ავტ).

კომისიის მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში შევნიშნე, რომ აქტები დგებოდა უკანონოდ. მივედი გამგებელთან და ვუთხარი, რომ შეიძლება აქტები გაყალბებულიყო. მან მითხრა, აქ მთავრობის კაცი მე ვარ და პრობლემა არ არის, მუშაობა გააგრძელეო.

ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, ჩემთან მოვიდა ჩუმლაყში მცხოვრები მანანა ჩუბინიძე. მითხრა, რომ იყო გაჭირვებული, არ ჰქონდა ჩუმლაყში მიწის ნაკვეთები, მაგრამ მის სახელზე შემედგინა აქტი, თითქოს იგი ფლობდა მიწის ნაკვეთებს. ვინაიდან იყო გაჭირვებული, მე კომისიის წევრებს ვუთხარი, რომ მანანა ჩუბინიძე ფლობდა მიწის ნაკვეთებს, დაზარალდა სტიქიის შედეგად და მის სახელზე შევადგინე აქტი და მოვაწერე ხელი. მიიღო თანხა.

რაც შეეხება თამაზ მოსეშვილს, ვიცოდი რომ მას არ ჰქონდა ატმის ხეები და ვენახი, მაგრამ ვუთხარი, რომ დავარეგისტრირებდი, თითქოს დაზარალდა. მოსეშვილს ვუთხარი, რომ თანხის ნაწილი ჩემთვის მოეცა და შევუდგინე ყალბი ოქმი. კომისიის წევრებს ვუთხარი, რომ ის ფლობდა მიწის ნაკვეთებს და მოაწერეს ხელი. მისმა შვილმა გელა მოსეშვილმა აიღო თანხა ბანკ „ქართუში“ და ქუჩაში გადმომცა 2000 ლარი.

რაც შეეხება ნინო ღვინიაშვილის აქტს, როდესაც დამატებითი სიები დგებოდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ნინო ღვინიაშვილის სახელზე შეგვედგინა აქტი, სადაც ჩავწერდით, ვითომ ის ფლობდა ნაკვეთებს და დაზიანდა სტიქიის შედეგად. შეთანხმების შემდეგ შევადგინეთ აქტი და  ნინო ღვინიაშვილის სახელზე ჩაირიცხა თანხა. დაპირება იყო , რომ მეც პატივს მცემდნენ, მაგრამ თანხა არ მოუციათ.

თანხის ჩარიცხვიდან რა დრო იყო გასული არ მახსოვს, გამგებელმა დაგვიბარა მე, ზაქარია რუაძე და ბესიკ ბერუკაშვილი. მან ბესიკ ბერუკაშვილს უთხრა, რომ ფული, რომ აიღეთ უკანონოდ, აუცილებლად უნდა დააბრუნოთო. ბესომ უთხრა, თანხას დავაბრუნებთო. ჩემთვის თანხის ნაწილი მოცემული არ ჰქონდათ. თანხა თვითონ დააბრუნეს.

ამის შემდეგ, ოსიაშვილმა დაგვიბარა მე და ბერუკაშვილი და მითხრა, ბესიკ ბერუკაშვილის ცოლის სახელზე თანხა უკანონოდ რომ დაირიცხა, პროკურატურას არ უნდა გაეგო. აკაკი ოსიაშვილმა მითხრა, რომ მონაცემები გადამეკეთებინა, რაზედაც მე უარი ვუთხარი, შეუძლებელია მეთქი“.

გამგებლის ახლობლები

დაკითხვის მეორე ოქმში, რომელიც 2013  წლის 10 მაისით არის დათარიღებული, იორამ ორთოიძე განმარტავს:

„როდესაც დამთავრდა ძირითადი სიების შედგენა, დამიბარა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა აკაკი ოსიაშვილმა, რომელმაც მითხრა, რომ სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები შოთა რუაძის სახელზე უნდა შემედგინა აქტი, სადაც უნდა ჩამეწერა ის მონაცემები, რასაც შოთა რუაძე მეტყოდა. მე აკაკი ოსიაშვილს ვუთხარი, რომ აღნიშნული პიროვნების მამის ოჯახს კუთვნილი ნაკვეთების მითითებით უკვე ჰქონდა მიღებული კომპენსაცია. აკაკი ოსიაშვილმა მითხრა, რომ აქტი უნდა შემედგინა შოთა რუაძის სახელზე, რათა ამ უკანასკნელს მიეღო კომპენსაცია. ვინაიდან აკაკი ოსიაშვილი იყო ჩემი უშუალო ხელმძღვანელი, თან, როგორც წინა ჩვენებაში აღვნიშნე, ადრე დამემუქრა, რომ ჩემს შვილს სამსახურიდან გამოაგდებინებდა, მე მას ვეღარ შევეწინააღმდეგე. აკაკი ოსიაშვილის მითითებით შევადგინე აქტი შოთა რუაძის სახელზე, სადაც შოთა რუაძემ ჩამაწერინა მონაცემები, ვითომ ის ფლობდა მიწის ნაკვეთებს და დაზარალდა სტიქიის შედეგად, არადა მამამისს უკვე მიღებული ჰქონდა კომპენსაცია სრულად.

დამატებითი სიების შედგენის დროს აკაკი ოსიაშვილმა კიდევ ერთხელ დამიბარა და მითხრა, რომ სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები გივი ოსიაშვილის მეუღლეზე ან შვილზე, რომლებიც იყვნენ მისი ნათესავები, უნდა შემედგინა აქტი, რომ თანხა მიეღოთ. მე გამგებელს ვუთხარი, რომ გივის უკვე აღებული ჰქონდა კომპენსაცია ოჯახის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. აკაკი ოსიაშვილმა მითხრა, რომ იცოდა აღნიშნულის შესახებ, მაგრამ უნდოდა ნათესავებისთვის პატივი ეცა. აქტი შევადგინე, ოღონდ არ მახსოვს გივის მეუღლის თუ შვილის სახელზე. ჩავწერე ის მონაცემები, რაც მითხრეს აქტის შედგენის დროს“.

ბრალდებულ ორთოიძის მიერ ჩვენებაში დასახელებული შოთა რუაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის აკაკი ოსიაშვილის მძღოლია. გამგებლის მძღოლად ის 2013 წლის 18 დეკემბერს გამოცემული 1852–ე ბრძანების საფუძველზე მუშაობს. გარდა ამისა, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ შოთა რუაძე აკაკი ოსიაშვილის ნათესავია და სოფელ ჩუმლაყში ერთ უბანში ცხოვრობენ.

შოთა რუაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ 2012 წლის 19 ივლისის სტიქიის შედეგად დაზარალდნენ და მამამისმა გივი რუაძემ კომპენსაციაც მიიღო 2000 ლარის ოდენობით. „ზარალის დამთვლელი კომისიის მიერ აქტის შედგენასთან მე არავითარი კავშირი არ მქონია“, – აღნიშნა შოთა რუაძემ. მამამისმა გივი რუაძემ კი განმარტა, რომ სტიქიამ მოსავალი მას 2 ჰექტარზე დაუზიანა, აღებული კომპენსაცია კი ზარალის არაადეკვატური იყო. გივი რუაძის თქმით, მან დამატებით სიაში შეყვანა მოითხოვა, თუმცა ამბობს, რომ კომისიამ უარი უთხრა. ჩვენ ვეღარ მოვიპოვეთ შოთა და გივი რუაძეების სახელზე შედგენილი აქტები. დოკუმენტაციის ნაწილი სამინისტროდან გამოძიებას აქვს ამოღებული, გურჯაანის გამგეობაში კი განაცხადეს, რომ აქტები მათთან არ ინახება.

აკაკი ოსიაშვილი – „თქვენ ნაცების დავალებას ასრულებთ“

„მე ეხლა ვიცი თქვენ რასაც აკეთებთ, უკვე აღარ გაქვთ მასალები და პირადად თქვენ მოგმართავთ ბატონო გელა, ასრულებთ ბატონი ღვინიაშვილის დავალებას, რომელმაც ბატონ ბიძინას ჩემზე  მიმართა - მოხსენითო. თქვენ რომ რამე საბუთი გქონდეთ, აქამდე მილიონჯერ დადებდით.

– რის საფუძველზე აცხადებთ ამას, რომ მე ვასრულებ  გიორგი ღვინიაშვილის დავალებას?

–  ჩემი საკუთარი აქტის შედგენაში არ ჩავრეულვარ, ორთოიძეს შოთა რუაძის და გივი ოსიაშვილის საკითხზე რატომ დავიბარებდი?

– კიდევ ერთხელ გეკითხებით, რის საფუძველზე აცხადებთ, რომ მე ვასრულებ  გიორგი ღვინიაშვილის დავალებას?

– ვაპირებ, დღეს გამოგიგზავნოთ მასალები, სადაც თქვენი და ღვინიაშვილის ტექსტი იგივეა.

– რა ტექსტზე საუბრობთ?

– ამდენი დღეა შენი ჟურნალისტები სოფელ-სოფელ დარბიან და მაგის მეტი ფაქტები ვერ იპოვეთ?

– მტკიცებულება გაქვთ, რომ მე, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელი ვასრულებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის დავალებას?

– შენ ხარ დამოუკიდებელი მედია? შენი ჟურნალისტები მთელ ჩუმლაყში დარბიან, ლამის ყიტაანში გავიდნენ, ოსიაშვილებს ეძებენ. იქნებ მითხრა, ვინ დაგავალა?

– აუცილებლად დავალება უნდა მივიღო, ასე ფიქრობთ?

– ერთი რამე იცოდე რა გელა, რომ პრობლემა არაფერი არ მაქვს, არ მექნება და ვერც იპოვი ვერანაირ პრობლემას. გამიგე?

– ჟურნალისტები რომ მუშაობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად დავალება გვაქვს მიღებული?

– რაღა უნდა გითხრა, პირდაპირ გეუბნები, ასრულებ ნაცების დავალებას. ერთი და იგივე ტექსტი გაქვთ შენც, ღვინიაშვილსაც, ჭიაბერაშვილსაც,

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

დასასრულს გვინდა აღვნიშნოთ, რომ სოფელ ჩუმლაყში სტიქიის შემსწავლელი კომისიის წევრების მხრიდან კორუფციის ფაქტებზე და გამგებლის შესაძლო კავშირებზე საუბარს ბევრმა რესპოდენტმა თავი აარიდა იმ მიზეზით, რომ აკაკი ოსიაშვილი მოქმედი გამგებელია და მათ არ უნდათ ინტერვიუს გამო პრობლემები შეექმნათ. რესპოდენტების განცხადებით, აკაკი ოსიაშვილის მეუღლის ხათუნა მაზანიშვილის დის ქმარი ლაშა მარტიაშვილი პრემიერ – მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრია და ოსიაშვილს ის მფარველობს.

სოფო მთივლიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

რედაქტორის რეკომენდაციით

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 24.09.17
18:00-00:00
Partly cloudyfrom east22°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 25.09.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast21°C1.6m/s
1.4mm
სამშაბათი 26.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C2.4m/s
0mm
ოთხშაბათი 27.09.17 10:00-16:00
Rainfrom east11°C1.7m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 29 30 31