14:33:25

ფირნიშები
Share |

მაჟორიტარის მეუღლის ბიძა

მაჟორიტარის მეუღლის ბიძასაგარეჯოს სათნოების სახლის დირექტორი ილია კუჭუაშვილი თანამდებობიდან 2013 წლის 1 თებერვალს კანონდარღვევით გაათავისუფლეს. იმავე დღეს სათნოების სახლის დირექტორად „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის თინა ხიდაშელის ნათესავი, მაჟორიტარის მეუღლის დავით უსუფაშვილის ბიძა დავით ოტიაშვილი კანონდარღვევით დაინიშნა.

საგარეჯოს სათნოების სახლი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირია. ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 23 თებერვლის N16 განკარგულების საფუძველზეა შექმნილი. წესდების თანახმად, სათნოების სახლის ფუნქციაა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობისთვის სოციალური პრობლემების გადაწყვეტა და უფასო სასადილოების მოწყობა. სათნოების სახლის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

თქვენ განთავისუფლებული ხართ!

ილია კუჭუაშვილი ააიპ „საგარეჯოს სათნოების სახლის“ დირექტორად 2009 წლიდან მუშაობდა.

„2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მომთხოვეს, რომ სამსახურიდან წასვლაზე განცხადება დამეწერა. გამგეობის კანცელარიის უფროსს სამჯერ დაარეკინეს, განცხადება დაწეროსო, მესამედ იანვრის შუა რიცხვებში დამირეკა. ასე უნდოდა გამგებელს და ალბათ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც. მე უარი ვთქვი. არაფერი დამიშავებია და არ დავწერ მეთქი“, – ამბობს ილია კუჭუაშვილი.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

2013 წლის 31 იანვარს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ლოლაძემ გამოსცა ბრძანება N125 და ილია კუჭუაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39–ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 78–ე, 79–ე და 99–ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ: გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ააიპ „სათნოების სახლის“ დირექტორი ილია კუჭუაშვილი მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან. ბრძანება ძალაშია 31 იანვრიდან. ბრძანება, გაცნობიდან ერთი თვის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის 39–ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი გამგებელს ანიჭებს უფლებას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები, გამგეობის (მერიის) სხვა თანამშრომლები;

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 78–ე მუხლი დისციპლინურ გადაცდომას ეხება. ამ მუხლის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

ამავე კანონის 79–ე მუხლი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს ითვალისწინებს. ამ მუხლის მიხედვით, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით – არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა– არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.

ამავე კანონის 99–ე მუხლი, რომელსაც საგარეჯოს გამგებელი თავის ბრძანებაში იყენებს, დისციპლინური გადაცდომისათვის განთავისუფლებას ითვალისწინებს.

ილია კუჭუაშვილმა თანამებობიდან გათავისუფლების შემდეგ იურიდიული დახმარების გაწევის თხოვნით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისს მიმართა. 28 თებერვალს მან საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული ცნობაც წარუდგინა, სადაც წერია: „ეძლევა ილია კუჭუაშვილს მასზედ, რომ იგი ნამდვილად მუშაობდა ააიპ „საგარეჯოს სათნოების სახლის“ დირექტორად და მის მიმართ 2012 წლის იანვრიდან განთავისუფლებამდე არ მომხდარა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გაფრთხილების გამოყენება“. ილია კუჭუაშვილი ამბობს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისში მას კიდევ დამატებითი დოკუმენტები მოსთხოვეს. „მივხვდი, რომ ჩემი დაცვა და ამ საქმეზე გამოსვლა არ უნდოდათ, რადგან ჩემი გათავისუფლების შემდეგ სათნოების სახლის დირექტორად დანიშნული დავით ოტიაშვილი საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის თინა ხიდაშელის ნათესავია. თინა ხიდაშელს კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან კავშირი აქვს“, – აღნიშნავს ილია კუჭუაშვილი.

რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი ლიდერი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრად 2012 წლის ნოემბერში აირჩიეს. გამგეობა ასოციაციის მმართველი ორგანოა და 21 წევრისგან შედგება. გამგეობის წევრები 3 წლის ვადით აირჩევიან. ამჟამად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდზე მითითებულია, რომ თინა ხიდაშელს საიას გამგეობის წევრის სტატუსი შეჩერებული აქვს.

საბოლოოდ, ილია კუჭუაშვილმა გამგებლის ბრძანების გაუქმების და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს ვეღარ მიმართა.

 მაჟორიტარის ბიძა თანამდებობაზე

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას ააიპ „სათნოების სახლის“ დირექტორის ვაკანტურ ადგილზე კონკურსი არ გამოუცხადებია. იმავე დღეს, ანუ 1 თებერვალს, როცა ილია კუჭუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, სათნოების სახლის დირექტორად დავით ოტიაშვილი დაინიშნა.

დავით ოტიაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ბიძაა (დეიდის ქმარი), „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი კი დავით უსუფაშვილის მეუღლეა.

გიორგი ლოლაძე, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლად 2012 წლის 01 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უკონკურსოდ დაინიშნა, თინა ხიდაშელის მეგობარია.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 01 თებერვლის 137–ე ბრძანებიდან ვკითხულობთ: საჯარო სამსახურის შესახებ 30–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ, დაინიშნოს დავით ოტიაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ააიპ საგარეჯოს სათნოების სახლის დირექტორად 6 თვის ვადით, 2013 წლის 1 თებერვლიდან და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.

ჩვენ გამოვკითხეთ დავით ოტიაშვილი, საიდან გაიგო, რომ სათნოების სახლის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური იყო.

– ბატონო დავით, ილია კუჭუაშვილი სათნოების სახლის დირექტორის თანამდებობიდან 2013 წლის 1–ელი თებერვლიდან გათავისუფლდა. ისე, რომ გამგეობას ვაკანტურ ადგილზე კონკურსი არ გამოუცხადებია, ამავე დღეს დაინიშნეთ სათნოების სახლის დირექტორად. საიდან გაიგეთ, რომ ადგილი ვაკანტური იყო?

– გამგებლის სახელზე დავწერე განცხადება და საკრებულომ დაამტკიცა.

– იცოდით, რომ ეს შტატი ვაკანტური იყო, თუ რატომ?

– ვიცოდი.

– თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადება როდის დაწერეთ?

– 1 თებერვალს.

– საიდან იცოდით, რომ ვაკანტური იყო ეს ადგილი?

– ვიცოდი იქიდან, რომ... როგორ გითხრათ ეხლა, რაიონში ვცხოვრობ და გავიგე, რომ ის კაცი წავიდა, ვინც ჩემზე ადრე მუშაობდა. განცხადება დავწერე, გავესაუბრე იქ და მიმიღეს რავიცი, უარი არ მითხრეს.

– როგორც გავარკვიეთ, თქვენ ხართ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ბიძა.

– ეგრეა.

– როგორი ნათესავი ხართ?

– დასამალი რა არის, ჩემი მეუღლის დისშვილია.

– ამ ნათესაურ კავშირს ჰქონდა გავლენა თანამდებობაზე თქვენი დანიშვნის დროს? მითუფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ თინა ხიდაშელი საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატია.

– არავითარი. თინას წესიერადაც ვერ ვიცნობ, სახით კი ვიცნობ, მაგრამ ხიდაშელი რომ მიცნობდეს ვინა ვარ, აზრზე არ არის.

– მანამდე სად მუშაობდით?

– უმუშევარი ვიყავი“.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

სათნოების სახლის ყოფილი დირექტორი ილია კუჭუაშვილი ყოველთვიურად ხელფასის სახით 600 ლარს იღებდა. მოქმედი კანონმდებლობით, ხელფასს საკრებულო განსაზღვრავს თავისი განკარგულებით. საკრებულოს კი 2013 წელს ამ საკითხთან დაკავშირებით განკარგულებაში ცვლილება არ შეუტანია.

რა გახდა ილია კუჭუაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი და რატომ დაინიშნა იმავე დღეს ორგანიზაციის დირექტორად საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის მეუღლის ბიძა, ამ კითხვებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი ლოლაძეს მივმართეთ.

რატომ გაათავისუფლეთ ილია კუჭუაშვილი სათნოების სახლის დირექტორის თანამდებობიდან?

– რამდენადაც ვიცი, მაგის გათავისუფლების მიზეზია, რომ ისეთი პროდუქტი მიიღო, ხორცი, რომელიც არ შეესაბამებოდა სტანდარტებს.

– როდის მიიღო?

– იმ პერიოდში, კონკრეტულად არ მახსოვს.

– სტანდარტებს არ შეესაბამებოდა რას ნიშნავს?

– ცუდი ხორცი მიიღო სათნოების სახლისთვის.

– ამაზე რამე აქტი შედგა?

– ზუსტად არ მახსოვს.

– ხომ შეიძლებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა სახე გამოგეყენებინათ, საყვედური, სასტიკი საყვედური, გაფრთხილება, შენიშვნა, პირდაპირ რატომ გაათავისუფლეთ?

– ეს ადამიანი მანამდეც უბრალოდ იყო გაფორმებული. ჩემი ინფორმაციით, ის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა გულიკაშვილის მძღოლი იყო. გაფორმებული იყო და არ დადიოდა სამსახურში. უბრალოდ, იღებდა ხელფასს, არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას.

– ამიტომაც გეკითხებით, შეგეძლოთ თუ არა დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომა გამოგეყენებინათ და არა პირდაპირ გათავისუფლება?

– ეგრე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ უნდა გაგვეთავისუფლებინა.

– 1 თებერვალს, ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნა დავით ოტიაშვილი, რომელსაც თქვენი ბრძანებით ხელფასად განესაზღვრა 700 ლარი. რის საფუძველზე გაუზარდეთ ხელფასი, როცა მანამდე 600 ლარი იყო?

– ერთი თვე აიღო ეგ ხელფასი და უკან დააბრუნა. შეცდომა იყო, რაღაც ხარვეზი გაიპარა.

– რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ეს ადამიანი ვაკანტურ თანამდებობაზე, კონკურსი გამოცხადებული არ ყოფილა.

– დროებით მოვალეობის შემსრულებლები არიან და კონკურსამდე არიან დანიშნულები ყველა.

– თქვენს ბრძანებაში მითითებული არ არის, რომ დავით ოტიაშვილი მოვალეობის შემსრულებელია, პირდაპირ დირექტორად წერია.

– მოვალეობის შემსრულებლები არიან ყველა აბსოლუტურად, ყველა ახლადდანიშნული პირი.

– როგორ? დირექტორი წერია, მაშინ უნდა ეწეროს, დაინიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლადო.

– მოვალეობის შემსრულებლები არიან ყველა.

– რა კრიტერიუმებით მოხდა მისი შერჩევა „საგარეჯოს სათნოების სახლის“ დირექტორის თანამდებობაზე?

– ვიღაცა ხომ უნდა მიმეღო.

– კი, მაგრამ ვის შორის შეარჩიეთ.

– არავის შორის არ შეგვირჩევია, დროებით არის.

– დროებით არ შეგეძლოთ სხვაც დაგენიშნათ, უფრო მაღალი კვალიფიკაციით, გამოცდილებით.

– რამდენი, ერთ ადგილზე რამდენი უნდა დავნიშნო?

– ამას გეკითხებით, ოტიაშვილზე რატომ გააკეთეთ არჩევანი?

– წესიერი ადამიანია და იმიტომ.

– პირადად იცნობდით?

– კი, პირადად ვიცნობდი.

– მან საიდან გაიგო ვაკანსიის შესახებ, თქვენ უთახრით რომ მოსულიყო?

– ვაკანსია არ გამოგვიცხადებია, დროებით შემსრულებლად დანიშნული გვყავს უამრავი ადამიანი, ზოგს ვიცნობდი, ზოგს არა. მე ვიცნობდი და ვინ გააგებინებდა?

– ანუ თქვენ შეატყობინეთ.

– კი, აბა რა.

– საიდან იცნობთ?

– ამ რაიონიდან ვარ და ვიცნობ ხალხს.

– რამე ნათესაური კავშირი ხომ არ გაგითვალისწინებიათ?

– არა.

იცით ვისი ნათესავია?

– ვისი?

– დავით უსუფაშვილის ბიძაა, ანუ თინა ხიდაშელის ახლობელია.

– არანაირად არ ვიცი მე ვისი ნათესავია მართლა, მაგრამ მე ვიცნობდი.

– არ იცოდით რომ დავით ოტიაშვილი დავით უსუფაშვილის დეიდის ქმარია?

– არა, ბიძა არ არის.

– ბიძაა, თვითონაც დაგვიდასტურა.

– მე არ ვიცი.

– გამგეობას ილია კუჭუაშვილთან არ ჰქონია გაფორმებული ხელშეკრულება. ის ბრძანებით იყო დანიშნული წინა ხელისუფლების მმართველობის დროს  განუსაზღვრელი ვადით. თანამდებობიდან რომ გაათავისუფლეთ, კომპენსაცია რატომ არ მიეცით?

– იმით გვყავს გათავისუფლებული, დარღვევის გამო და არ ეკუთვნის.

– დარღვევაზე დოკუმენტი არსებობს?

– კი, როგორ არა, იქნება“.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

დოკუმენტი არ არსებობს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 23 თებერვლის N16 განკარგულების თანახმად, სათნოების სახლის დირექტორი ანგარიშვალდებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე (მუხლი 7, პუნქტი 1); სათნოების სახლის კონტროლს ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო (მუხლი 7, პუნქტი 3).

2013 წლის 24 აპრილს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან გამოითხოვა ინფორმაცია, ილია კუჭუაშვილის მიმართ 2012 წლის 01 იანვრიდან გათავისუფლებამდე გამოყენებული იყო თუ არა დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა ან სამსახურებრივი საქმიანობის პერიოდში რაიმე გადაცდომასთან დაკავშირებით არსებობს თუ არა გამგეობაში ან საკრებულოში რაიმე აქტი, მაგალითად უფასო სასადილოში საკვებად უვარგისი ხორცის შეტანასთან დაკავშირებით, რაც გამგებლის მტკიცებით, ილია კუჭუაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა, სხვა დისციპლინური ზომების გამოყენების გარეშე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჭიაურელმა გვაცნობა, რომ ილია კუჭუაშვილის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით საგარეჯოს საკრებულოში არ მოიპოვება რაიმე მაკომპრომატირებელი მასალა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ლოლაძემ 26 აპრილს (წერილი Nრ–39) წერილობით შეგვატყობინა, რომ ილია კუჭუაშვილს 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის 1 თებერვლამდე არ მიუღია საყვედური და არ გამოყენებულა მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. გამგეობაში არ არსებობს სათნოების სახლის დირექტორად ილია კუჭუაშვილის მუშაობის პერიოდში მის მიერ სამსახურებრივ გადაცდომასთან დაკავშირებით შედგენილი რაიმე აქტი.

იურისტი გიორგი მშვენიერაძე განმარტავს, რომ როდესაც თანამდებობიდან პირის გათავისუფლება დისციპლინური სამართალდარღვევისათვის ხდება, მას აქვს უფლება წერილობით მიიღოს ინფორმაცია, თუ რა სამართალდარღვევა ჩაიდინა და თუ არ ეთანხმება გაასაჩივროს ის.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის, მე–5 პუნქტის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საპასუხო წერილიდან და გამგებლის ბრძანებიდან ირკვევა, რომ გამგეობას ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია.

უკანონო ბრძანებები

საყურადღებოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–4 პუნქტი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად. კანონის თანახმად, ასეთი დაწესებულებებია: საკრებულო; გამგეობა, მერია; მუნიციპალიტეტი.

იურისტი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ააიპ „საგარეჯოს სათნოების სახლის“ დირექტორის საქმიანობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას საჯარო სამსახურად. „თუ წესდებით გათვალისწინებულია, რომ ააიპ-ის დირექტორის გათავისუფლება შედის გამგებლის კომპეტენციაში, სწორედ მას აქვს უფლება დისციპლინური სამართალდარღვევისთვისაც გაათავისუფლოს კონკრეტული პირი. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ხსენებულ ნორმათა მოშველიება არამართებულია“, – აღნიშნავს იურისტი.

ე.ი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელს კანონის დარღვევით აქვს გამოცემული ბრძანებები, როგორც ილია კუჭუაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ასევე სათნოების სახლის დირექტორად დავით ოტიაშვილის დანიშვნის თაობაზე.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან მოითხოვა ინფორმაცია ააიპ „სათნოების სახლებთან“ დაკავშირებით. მოწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ჩვენ შევისწავლეთ კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში სათნოების სახლების დირექტორების საქმიანობა მიჩნეულია თუ არა საჯარო სამსახურად. არცერთი მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე სათნოების სახლის დირექტორის თანამდებობაზე პირის დანიშვნის ან გათავისუფლების დროს არ ხელმძღვანელობს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით. ბრძანების გამოცემისას მათ გამოყენებული აქვთ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონი“, „სამოქალაქო კოდექსი“ და ააიპ „სათნოების სახლის“ წესდება.

ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

რედაქტორის რეკომენდაციით

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.07.17
19:00-00:00
Clear skyfrom east29°C2.1m/s
0mm
პარასკევი 28.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east30°C1.9m/s
0mm
შაბათი 29.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast32°C1.2m/s
0mm
კვირა 30.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast27°C1.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31