15:57:15

ფირნიშები
Share |

„ცოცხალი მკვდარი“ და დაწინაურებული პროკურორი

ცოცხალი მკვდრის საქმეზე დაწიანურებული პროკურორი„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ზურაბ ჯავახიშვილმა ბრალი წაუყენა ალექსი ბახუტოვს ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობაში. გამოძიებამ ბახუტოვის აღირებითი ჩვენება მისი წამების შედეგად მოიპოვა. ბახუტოვს თელავის სასასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამავე საქმეზე კიდევ 3 პირი დააპატიმრეს. მოგვიანებით ჩოფიკაშვილი ცოცხალი გამოჩნდა. ბახუტოვი მაინც არ გაათავისუფლეს. პროკურორის მოთხოვნით, ის ერთი წლით ციხეში დატოვეს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პროკურორი ჯავახიშვილი დააწინაურეს.

ბახუტოვის საქმე

2007 წლის 27 ივნისს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება ალექსანდრე ბახუტოვის მიერ ლაშა ჩოფიკაშვილის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის გამო ბრალდებულის სახით დააკავეს ალექსი ბახუტოვი.

წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას, ლაშა ჩოფიკაშვილის გაუფრთხილებლობით მკვლელობა, გადაკვალიფიცირებულ იქნა სსკ-ის 108-ე მუხლზე (განზრახ მკვლელობა). 24 აგვისტოს, კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ზურაბ ჯავახიშვილმა შუამდგომლობით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულ ბახუტოვის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა და ალექსი ბახუტოვს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ლაშა ჩოფიკაშვილის მკვლელობის დაფარვისა და დანაშაულში თანამონაწილეობისათვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ასლან გაუარაშვილი, ალექსი ცოციაშვილი და ვეფხო ხაჩოშვილი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

19 ოქტომბერს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მსჯავრდებულმა ალექსი ბახუტოვმა. განმცხადებლის ინფორმაციით, ლაშა ჩოფიკაშვილი, ვისი განზრახ მკვლელობისთვის ალექსი ბახუტოვს 2007 წლის 24 აგვისტოს თელავის რაიონულმა სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ცოცხალია და სოფელ ჯუღაანში, მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში იმყოფება. ბახუტოვმა განცხადებაში მიუთითა, რომ სასტიკი წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის შედეგად მან და მისმა გერმა ი. ციციშვილმა აღიარეს ა. ბახუტოვის მიერ არჩადენილი დანაშაული და ა. ბახუტოვი ახლა სასჯელს სადის N5 საპყრობილეში იხდის.

სახალხო დამცველმა შეისწავლა ალექსი ბახუტოვის განცხადება, მისი წარმომადგენლები პირადად შეხვდნენ და ესაუბრნენ, როგორც ბრალდებულს, ასევე დანაშაულის მსხვერპლს - გარდაცვლილად გამოცხადებულ ლაშა ჩოფიკაშვილს.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2007 წლის 21 ნოემბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ასლან გაუარაშვილის, ალექსი ცოციაშვილის და ვეფხვია ხაჩოშვილის საქმე, რომელთაც ბრალი ედებოდათ ცოცხალი ლაშ ჩოფიკაშვილის გვამის გადამალვაში ალექსი ბახუტოვისათვის დახმარების გაწევა. ამ დროისათვის, როგორც პროკურატურისთვის, ასევე სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ „მკვდარი“ ჩოფიკაშვილის სოფელში გამოჩნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლო პროცესზე ბრალდებულ ასლან გაუარაშვილს, ალექსი ცოციაშვილს და ვეფხვია ხაჩოშვილს სთხოვდნენ ეღიარებინათ ცოცხალი ადამიანის „გვამის“ გადამალვა, სანაცვლოდ კი, თავისუფლებას პირდებოდნენ.

2007 წლის 22 ნოემბერს, კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორს ზურაბ ჯავახიშვილსა და განსასჯელებს ხაჩოშვილს, ცოციაშვილსა და გაუარაშვილს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ბრალზე და სასჯელზე შეთანხმების თაობაზე. იმავე დღეს პროკურორმა შუამდგომლობების დამტკიცების მოთხოვნით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც შუამდგომლობები დააკმაყოფილა და დაამტკიცა. თუმცა, საპროცესო შეთანხმების შესახებ პროკურორის მიერ შედგენილ ოქმებსა და შუამდგომლობების მიხედვით არ ვლინდება განსასჯელთა მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაურკვეველია, თუ რისი ჩადენა აღიარეს განსასჯელებმა ვ. ხაჩოშვილმა, ა. ცოციაშვილმა და ა. გაუარაშვილმა. მაშინ როდესაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 679 მე-2 პრიმა მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის ფორმა უნდა შეიცავდეს, ბრალდების ფორმულირებას, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერას მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხისა თუ საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;“ ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 679 მესამე პრიმა მუხლის 2 ნაწილის ა) პუნქტის თანახმად: 2. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს რომ :ა) ბრალდებული (განსასჯელი) სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი;

პროცესის მსვლელობისას პროკურორმა განაცხადა, რომ ის პრაქტიკულად ორი თვის მანძილზე ეხვეწებოდა ასლან გაუარაშვილს, ალექსი ცოციაშვილს და ვეფხვია ხაჩოშვილს ეღიარებინათ წარდგენილი ბრალი და დაედოთ საპროცესო შეთანხმება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულების გამოჩენამ პროცესის მონაწილეთა შორის დაბნეულობა გამოიწვია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ფორმალობების დაცვითა და ზოგადი კითხვებით წარმართა სხდომა, რაც უდანაშაულო პირების მსჯავრდებით დასრულდა.

2007 წლის 22 ნოემბერს თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიდო საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც ბრალდებულები სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდნენ. სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბრისას ბრალდებულებმა განმარტეს, რომ მართალია დანაშაული მათ არ ჩაუდენიათ, მაგრამ არ აქვთ სამართლიანი სასამართლოს იმედი, ამიტომ იძულებულნი არიან არჩადენილი დანაშაული აღიარონ.

ახსნა-განმარტებებიდან და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ასევე დგინდება, რომ ალექსი ბახუტოვი და მისი გერი ირაკლი ციციშვილი ნაფარეულის პოლიციის განყოფილებისა და კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მათი პატივისა და ღირსების შემლახავი მეთოდების გამოყენებით, დაექვემდებარნენ წამებასა და წამების მუქარას, რათა მათ ეღიარებინათ ლაშა ჩოფიკაშვილის მკვლელობის ფაქტი ან რაიმე სახის ინფორმაცია, ხსენებულ დანაშაულთან დაკავშირებით.

რადგან საბრალდებო დასკვნითა და სასამართლოს განაჩენით გარდაცვლილად მიჩნეული ლაშა ჩოფიკაშვილი ცოცხალი და უვნებელია, აქედან გამომდინარე უტყუარად იკვეთება, რომ მსჯავრდებულ ალექსი ბახუტოვისა და მისი გერის ირაკლი ციციშვილის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული იძულებითი ჩვენებები დანაშაულის დაბრალებისა და ამასთანავე ასლან გაუარაშვილის, ალექსი ცოციაშვილისა და ვეფხო ხაჩოშვილის დასახელება ლაშა ჩოფიკაშვილის გვამის გადამალვის მონაწილეებად, მიღებული იქნა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ძლიერი ფიზიკური და მორალური ზეწოლით, რაც თავისთავად, ალბათობის მაღალი ხარისხით შეიძლება მივიჩნიოთ მსჯავრდებულ ბახუტოვისა და მისი გერის, ირაკლი ციციშვილის ცოცხლად გადარჩენის ერთადერთ შანსად.

ალექსი ბახუტოვის ფიზიკური დაზიანების ფაქტები დასტურდება სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის რაიონის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა აღრიცხვის ჟურნალიდან, სადაც აღნიშნულია, რომ 2007 წლის 27 ივნისს დაკავებული ალექსი ბახუტოვი დმი-ში შეყვანილი იქნა 23 საათსა და 30 წუთზე, მას აღენიშნებოდა შემდეგი სახის დაზიანებები: მარცხენა თვალის ქუთუთო ჩაშავებული, ცხვირზე ნაკაწრი და მარცხენა მხარზე ნაკაწრი, ხოლო 2007 წლის 29 ივნისს სად ქ.თბილისის N5-ე საპყრობილეში შეყვანისას მას აღენიშნებოდა მუქი შინდისფერი სისხლჩაქცევა მარცხენა თვალბუდის არეში, მარცხება ბეჭისა და მარჯვენა თეძოს ფრთის მიდამოში და აღნიშნულია, რომ ა. ბახუტოვის გადმოცემით აღნიშნული დაზიანებები მიიღო პოლიციის განყოფილებაში.

საქმის დეტალები

ცოცხალი გარდაცვლილის - ლაშა ჩოფიკაშვილის განმარტებით, 2007 წლის 15 ივნისს იმყოფებოდა ნათან ზათიაშვილის მეცხოველეობის ფერმაში, სადაც ალექსი ბახუტოვთან მცირე შელაპარაკება მოუვიდა. სახლში დაბრუნებულ ლაშა ჩოფიკაშვილს ალექსი ბახუტოვმა დაუძახა და სიგარეტი სთხოვა. ჩოფიკაშვილმა მას სიგარეტი გაუტანა მდინარე სტორის ნაპირთან და სახლისკენ მობრუნდა, სწორედ ამ დროს გონება დაკარგა. გონზე მოსული იყო სველი და მდინარის ნაპირთან იწვა. შემდეგ ის სახლში შებრუნდა. გამთენიისას 04:00 საათზე ლაშა ჩოფიკაშვილი წავიდა სამუშაოდ ე.წ. ნაწიდნარის ტერიტორიაზე, სადაც ვინმე იზნაურთან მსახურობდა მწყემსად.

20 სექტემბერს ლაშა ჩოფიკაშვილი ჩავიდა თელავში, სადაც შეხვდა ნაცნობი, ვინმე არაბული და მისგან შეიტყო, რომ სოფელში გარდაცვლილი ეგონათ და დაუსაფლავებიათ კიდეც. სოფელში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში მასთან მივიდა თელავის რაიონული პოლიციის სამი თანამშრომელი, რომლებმაც ის იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და თელავის პროკურატურაში წაიყვანეს. სამართალდამცავები 15 ივნისს ლაშა ჩოფიკაშვილსა და ალექსი ბახუტოვს შორის მომხდარი შელაპარაკებით დაინტერესდნენ. მეორე დღეს, ლაშა ჩოფიკაშვილთან კვლავ მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და თელავის საავადმყოფოში წაიყვანეს, ვენიდან სისხლი აუღეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად გაასინჯეს ექიმს, რომლისგანაც ჩოფიკაშვილმა შეიტყო, რომ კისრის ძვალი ჰქონდა დაზიანებული.

ალექსი (გოჩა) ბახუტოვის განმარტებით, 2007 წლის 27 ივნისს სოფელ ფშაველში, ნათან ზათიაშვილის ფერმაში, ის დააკავეს თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც იარაღის მუქარითა და ცემით აიძულებდნენ ეთქვა, სად ჩამარხა ლაშა ჩოფიკაშვილის გვამი. ნაფარეულის პოლიციის თანამშრომელი გოჩა, მეტსახელად „თავა,“ მას სიკვდილითაც ემუქრებოდა. ნაფარეულის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს ალექსი ბახუტოვის გერი ირაკლი ციციშვილი, რომელსაც ასევე ცემით აიძულებდნენ დაესახელებინა ლაშა ჩოფიკაშვილის ადგილსამყოფელი. დაახლოებით ღამის 11:00 საათზე ალექსი ბახუტოვს დაუკავშირდა მისი გერი და ფერმაში შეხვედრა სთხოვა. ადგილზე მას რამდენიმე პოლიციელი დახვდა, ხელბორკილები დაადეს და ცემა დაუწყეს. იქვე იმყოფებოდა ალექსი ბახუტოვის მეუღლე ინდირა იზორია, რომლის მიმართულებითაც პოლიციელმა გოჩამ რამდენჯერმე გაისროლა. შემდეგ ალექსი ბახუტოვი და მისი გერი გადაიყვანეს ნაფარეულის პოლიციაში, სადაც გაგრძელდა მათი ფიზიკური შეურაცხყოფა. გაუსაძლისი წამების ფონზე ირაკლი ციციშვილმა აღიარა, რომ მისმა მამინაცვალმა მოკლა ლაშა ჩოფიკაშვილი, ხოლო გვამის დამალვაში თავად დაეხმარა. ასევე ცემისა და წამების შედეგად ალექსი ბახუტოვმა აღიარა მკვლელობა. სოფელ ნაფარეულის განყოფილების პოლიციელმა გოჩამ, იგივე „თავამ“ და ნუგზარ ზათიაშვილმა არაადამიანური მოპყრობით აიძულეს ალექსი ბახუტოვი ლაშა ჩოფიკაშვილის გვამის გადამალვის თანამონაწილეებად დაესახელებინა მისი ნაცნობი ახალგაზრდები ასლან გაუარაშვილი, ალექსი ცოციაშვილის და ვეფხო ხაჩოშვილი. „დანაშაულის“ აღიარების შემდეგ, მეორე დილით ის წაიყვანეს შემთხვევის ადგილზე, სადაც ბახუტოვმა აჩვენა მკვლელობის ადგილი. ეს ფაქტი თელავის პოლიციის თანამშრომლებმა ვიდეოკამერით დააფიქსირეს. მას შემდეგ, რაც ლაშა ჩოფიკაშვილის გვამი ვერ იპოვეს, სამართალდამცავებმა კვლავ გააგრძელეს ალექსი ბახუტოვისა და ირაკლი ციციშვილის ცემა, რათა მათ ზუსტად დაესახელებინათ ის ადგილი, სადაც გვამი გადამალეს. ბახუტოვი ვეღარ უძლებდა ფიზიკურ ზეწოლას და პოლიციელებს სხვადასხვა ადგილს უჩვენებდა. ამ დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, იარაღი მიადო სახეზე და დაემუქრა, ხოლო ნუგზარ ზათიაშვილი ჯოხს ურტყამდა კისერში. საბოლოოდ სამართალდამცავებმა „დაასკვნეს,“ რომ გვამი მდინარე სტორში გადააგდეს (რომელიც მსჯავრდებულის განმარტებით არ არის ღრმა და იქ შეუძლებელია რაიმეს გადამალვა). 2007 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში ალექსი ბახუტოვმა გამომძიებლისა და ადვოკატისგან შეიტყო, რომ, გარდაცვლილი ლაშა ჩოფიკაშვილი ცოცხალია და ამ ხნის განმავლობაში მთაში საძოვრებზე იმყოფებოდა. გამომძიებელმა ზ. წიკლაურმა მას ასევე აცნობა, რომ, ჩოფიკაშვილმა მისცა ჩვენება მის წინააღმდეგ და თქვა, რომ ბახუტოვმა კეტი ჩამარტყაო, რის შემდეგაც იგი გადავარდა წყალში, ხოლო გონზე მოსული სოფელს გაერიდა. მსჯავრდებულის მტკიცებით, გამომძიებელი დაპირდა, რომ მის მიერ ჩოფიკაშვილის არ ჩადენილი მკვლელობა გადაკვალიფიცირდებოდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა მუხლზე, თუმცა მისთვის ჯერ უცნობია რა კვალიფიკაციას მიანიჭებს პროკურატურა ცოცხალი ჩოფიკაშვილის არსებობას.

ალექსი ბახუტოვის გერის, ირაკლი ციციშვილის განმარტებით, 2007 წლის 13 ივნისს ლ.ჩოფიკაშვილთან და მამინაცვალთან ერთად იმყოფებოდა სუფრაზე ნათან ზათიაშვილის მეცხოველეობის ფერმაში. ამ ორ პირს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება და ბახუტოვმა ჩოფიკაშვილს ხელი გაარტყა. ირაკლი ციციშვილმა ისინი გააშველა. შემდეგ ღვინის სმა მინდორში გააგრძელეს. მოგვიანებით, ლ. ჩოფიკაშვილი დაბრუნდა ფერმაში, ა.ბახუტოვი კი დარჩა მინდორში, რადგან ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ი. ციციშვილი აცხადებს, რომ მეორე დღეს, დაახლოებით 14 საათისათვის მან ნახა ლ. ჩოფიკაშვილი და შესთავაზა მდინარეზე საბანაოდ ჩასვლა, რაზეც ამ უკანასკნელისგან მიიღო უარი და მას შემდეგ, სექტემბრის თვემდე ის აღარ უნახავს. 2007 წლის 18 ივნისს ი. ციციშვილთან მივიდა ნაფარეულის პოლიციის თანამშრომელი „თავა“ ორ პოლიციელთან ერთად და ი. ციციშვილსა და ა. ბახუტოვს ნაფარეულის პოლიციაში დაკითხვაზე წაყოლა მოსთხოვეს. პოლიციის განყოფილებაში მისვლისთანავე ი. ციციშვილი შეიყვანეს პოლიციის უფროსის ოთახში, სადაც სამართალდამცავებმა დაუწყეს გამოკითხვა, თუ რა შელაპარაკება მოხდა ა. ბახუტოვსა და ლ. ჩოფიკაშვილს შორის. ყველაზე მეტად აქტიურობდა ნაფარეულის განყოფილების პოლიციის თანამშრომელი გოჩა ნოღაშვილი, რომელიც სხვა სამართალდამცავებთან ერთად, რამდენიმე საათის განმავლობაში უმოწყალოდ სცემდა ი. ციციშვილს და აიძულებდა ეღიარებინა, თუ როგორ შემოაკვდა მის მამინაცვალს ლ. ჩოფიკაშვილი. ასევე აიძულებდნენ დაესმინა ნებისმიერი პიროვნება ვინც რაიმე უკანონო ქმედებებს ჩადიოდა სოფელში და სანაცვლოდ, მას და მის მამინაცვალს გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ. 2 საათის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. 2007 წლის 27 ივნისს გოჩა ნოღაშვილმა ორ პოლიციელთან ერთად კვლავ მიაკითხა ირაკლი ციციშვილს ზათიაშვილის კუთვნილ ფერმაში. სამართალდამცავებმა ბახუტოვი ავტომანქანით წაიყვანეს, ერთ საათში უკან დააბრუნეს და მანქანიდან გადმოაგდეს. ხოლო ი.ციციშვილს განუცხადეს, რომ სოფელ კისისხევში, ალექსი ბახუტოვის ძმისშვილს გადამალული ჰყავდა ლაშა ჩოფიკაშვილი და მათთან ერთად წასვლა მოთხოვეს. ირაკლი ციციშვილი შეეცადა განემარტა პოლიციელებისათვის, რომ ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მაგრამ მას სახეში მუშტი ჩაარტყეს და ნაფარეულის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. განყოფილების უფროსის თანდასწრებით ი. ციციშვილი რეზინის ხელკეტებით სცემეს. ამგვარი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ, იგი ჩაიყვანეს სოფელ კისისხევში, სადაც ნახეს მისი მამინაცვლის ძმისშვილი ზაურ ბახუტოვი, რომელმაც, რა თქმა უნდა, უარყო ლ. ჩოფიკაშვილის იქ ყოფნა და შემდეგ უკან დაბრუნდნენ ნაფარეულის პოლიციაში, სადაც უკვე მიყვანილი ჰყავდათ ალექსი ბახუტოვიც, რომელსაც გოჩა ნოღაშვილი სასტიკად სცემდა და აიძულებდა ეღიარებინა ლაშა ჩოფიკაშვილის გვამის ადგილსამყოფელი. ირაკლი ციციშვილის მტკიცებით, გოჩა ნოღაშვილმა ხელკეტით გააგრძელა ციციშვილის ცემა, რა დროსაც მისმა მამინაცვალმა სთხოვა იქ მყოფ პოლიციელებს, რომ შეეწყვიტათ მისი გერის ცემა და ყველაფერს დაიბრალებდა, რასაც ეტყოდნენ. 2007 წლის 27 ივნისს ირაკლი ციციშვილმა მოწმის სახით დაკითხვის დროს აჩვენა „წავიღეთ ლ. ჩოფიკაშვილის ცხედარი და დავმარხეთ 1 მეტრ -1,5 მეტრზე საგუბურებიდან დაახლოებით 700-800 მეტრზე, რა ადგილის ჩვენებაც მე შემიძლია“. იმ დღეს ორივე დაკავებული ნაფარეულის პოლიციის განყოფილებაში დატოვეს, ხოლო მეორე დღეს წაიყვანეს სოფელ ფშაველში მდებარე ე.წ. „ნაწისქვილარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ლაშა ჩოფიკაშვილის გვამის ადგილსამყოფელის დასადგენად. რადგან გვამი ვერ აღმოაჩინეს, პოლიციელებმა გააგრძელეს მათი ცემა. შემდეგ ისინი თელავში, პოლიციის სამხარეო სამმართველოში გადაიყვანეს. სამმართველოს შენობაში მათ დახვდნენ სოფელ ჯუღაანში მცხოვრები ასლან გაუარაშვილი და ვეფხო ხაჩოშვილი, რომლებიც ასევე ჩოფიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ჰყავდათ მიყვანილი. 28 ივნისს საღამოს ირაკლი ციციშვილი გაათავისუფლეს, ხოლო ალექსი ბახუტოვი, ასლან გაუარაშვილი, ვეფხო ხაჩოშვილი და იქ მყოფი ალექსი ცოციაშვილი სამმართველოში დატოვეს. იმ დღეს, როდესაც მის მამინაცვალს წინასწარ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, ირაკლი ციციშვილს დაურეკა გოჩა ნოღაშვილმა და გააფრთხილა, არაფერი ეთქვა მათზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ასევე დასძინა, რომ იმყოფებოდა პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. ირაკლი ციციშვილის მტკიცებით, სექტემბრის თვეში მასთან მივიდა გოჩა ნოღაშვილი უცხო პოლიციელთან ერთად, რომლებმაც იგი აიძულეს გაჰყოლოდა სოფ. რუისპირში მდებარე ვინმე დურუს ფერმაში სამუშაოდ, სადაც მას ანაზღაურების გარეშე უნდა ემსახურა. ირაკლი ციციშვილი რამდენიმე დღე იძულებით მუშაობდა რუისპირში, საიდანაც სამი დღის შემდეგ გამოიპარა და ძველ სამუშაო ადგილას დაბრუნდა. შესაბამისად, ირაკლი ციციშვილი სამი დღის განმავლობაში გახდა იძულებითი შრომის მსხვერპლი, რაც შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.

დაახლოებით ოქტომბრის თვის დასაწყისში ირაკლი ციციშვილი პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს თელავის რაიონულ პროკურატურაში, სადაც მას ლაშა ჩოფიკაშვილი დახვდა, რომელსაც ეკითხებოდნენ, თუ სად იმყოფებოდა ამ ხნის განმავლობაში და რა მოხდა 15 ივნისს. ჩოფიკაშვილის სამართალდამცავებს არწმუნებდა, რომ მისთვის ხელი არავის უხლია და თავის ნებით იყო ცხვარში წასული. მეორე დღეს, ლაშა ჩოფიკაშვილი და ირაკლი ციციშვილი კიდევ ერთხელ დაიბარეს პროკურატურაში. ლ. ჩოფიკაშვილმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ალექსი ბახუტოვმა მას ჯოხი ჩაარტყა თავში და დააგდო. ირაკლი ციციშვილის მტკიცებით, შემდეგ მას შეხვდა გოჩა ნოღაშვილი, რომელმაც მობილური ტელეფონი ჩაარტყა თავში და სასტიკად გააფრთხილა, არაფერი ეთქვა მათ საწინააღმდეგოდ, გახმაურების შემთხვევაში კი სიკვდილით დაემუქრა. ირაკლი ციციშვილი აღნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ცემისა და წამების შედეგად აწუხებს მარჯვენა თვალზე სიმძიმის შეგრძნება. ის ვერ მიმართავს ექიმს, რადგანაც არ აქვს საშუალება და ამასთანავე, პოლიციელებმა სოფლის დატოვება აუკრძალეს. ა. ბახუტოვის მეუღლიე, ინდირა იზორია ადასტურებს მეუღლისა და შვილის ახსნა-განმარტებებს და აცხადებს, რომ აღნიშნული შემთხვევის შესახებ ანალოგიური ჩვენება მისცა გამომძიებელსაც, რომელმაც მას ცარიელ ფურცელზე მოაწერინა ხელი. ალექსი ცოციაშვილის განმარტებით 2007 წლის 27 ივნისს თელავის შს სამმართველოში მას ჩამოართვეს ჩვენება ლაშა ჩოფიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. მან გამომძიებელს აუხსნა, რომ 11 ივნისიდან 18 ივნისამდე იმყოფებოდა ყვარელში მამამისის მეგობარ ავთო დათულაშვილთან ერთად, აქედან გამომდინარე მას არაფერი საერთო ხსენებულ მკვლელობასთან არ შეიძლებოდა ჰქონოდა. მიუხედავად ამისა, იქ მყოფმა სამართალდამცავებმა განუმარტეს, რომ მის მიერ მიცემულ ჩვენებას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ალექსი ბახუტოვმა და ირაკლი ციციშვილმა ის ლაშა ჩოფიკაშვილის გვამის გადამალვის მონაწილედ დაასახელეს. ამ საგამოძიებო მოქმედების შემდეგ, ალექსი ცოციაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც შეხვდა ლაშა ჩოფიკაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ალექსი ბახუტოვს, რომელსაც ჰქონდა ფიზიკური დაზიანებები და მასთან საუბარში აღიარებდა, რომ ძლიერი ცემის შედეგად, პოლიციის მოთხოვნით, ცრუდ დაასახელა ალექსი ცოციაშვილი, ასლან გაუარაშვილი და ვეფხვია ხაჩოშვილი. ბრალდებულების ასლან გაუარაშვილისა და ვეფხვია ხაჩოშვილის განმარტებებიდან ასევე იკვეთება, რომ 2007 წლის 27 ივნისს ისინი მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და ბრალი დასდეს ლაშა ჩოფიკაშვილის გვამის დამალვაში. მათ ასევე აჩვენეს ბრალდებულ ალექსი ბახუტოვის ჩვენების რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, სადაც ის განსხვავებულ ჩვენებებს იძლეოდა ჩოფიკაშვილის მკვლელობასა და მისი გვამის გადამალვის თაობაზე. იმავე საღამოს, თელავის შს სამხარეო სამმართველოს პირველ სართულზე ასლან გაუარაშვილი შეხვდა ალექსი ბახუტოვს, რომელიც იყო ძლიერ ნაცემი და დაზიანებები აშკრად ეტყობოდა. აქვე იმყოფებოდა ინდირა იზორია, რომლისგანაც ალექსი ცოციაშვილმა, ასლან გაუარაშვილმა და ვეფხვია ხაჩოშვილმა შეიტყვეს ალექსი ბახუტოვისა და ირაკლი ციციშვილის მიერ მათი ცრუდ დასმენის მიზეზი. ასლან გაუარაშვილსა და ვეფხვია ხაჩოშვილს ასევე შეეფარდათ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა და ისინი გადაყვანილი იქნენ სად-ის #5 საპყრობილეში. ვეფხვია ხაჩოშვილის მტკიცებით, მასთან საპყრობილეში მისული ადვოკატი ლეილა გარსევანიშვილი თხოვდა ეღიარებინა პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სასამართლო არჩადენილი დანაშაულისათვის გაასამართლებდა“.

ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

რედაქტორის რეკომენდაციით

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31