11:41:09

ფირნიშები
Share |

ხმების ქურდები

ხმების ქურდები (ნაწილი I)სისხლის სამართლის კოდექსით არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების გაყალბება დანაშაულია და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჟურნალისტური გამოძიება მოგითხრობთ, როგორ და ვინ გააყალბა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო მაჟორიტარული არჩევნები სიღნაღში.

2012 წლის 2 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი დღის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, სიღნაღის საარჩევნო ოლქში, საპარლამენტო მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებულად „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი იყო გამოცხადებული. ბეჟაშვილს ხმების 48,7% ჰქონდა (10 124 ხმა). ცესკო–ს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს გელა გელაშვილს 47,19% (9 811 ხმა) ჰქონდა. ბეჟაშვილი გელაშვილს 313 ხმით უსწრებდა.

ყალბი ოქმი

ლიანა ხატიაშვილი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელია. 2012 წლის 2 ოქტომბერს, ღამით, როცა საოლქო კომისია საარჩევნო უბნებიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს იღებდა, პირველმა მან აღმოაჩინა, რომ ვაქირის N5 საარჩევნო უბნის მაჟორიტარული არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში არსებული მონაცემები არ ემთხვეოდა „სამართლიანი არჩევნების“ ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ მისთვის მიწოდებულ შემაჯამებელ მონაცემებს.

„კენჭისყრის დღეს, ვაქირის N5 საარჩევნო უბანზე ჩვენ გვყვავდა დამკვირვებელი მარინე ილაშვილი, რომელმაც არჩევნების დასრულების და ხმების დათვლის შემდეგ, გვიან ღამით, მომაწოდა შემაჯამებელი ოქმის ასლი, დამოწმებული ბეჭდით. ეს შემაჯამებელი ოქმი მე მქონდა ხელზე. როდესაც საოლქო კომისიაში, კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კორაშვილმა გამოაცხადა ვაქირის მე–5 უბნის შედეგები, აღმოჩნდა, რომ ჩემს ხელთ არსებული ოქმის მონაცემები არ ემთხვეოდა მის მიერ გამოცხადებულს. კორაშვილის განცხადებით, ლევან ბეჟაშვილს უფრო მეტი ხმა ჰქონდა მიღებული, ვიდრე გელა გელაშვილს. იმ ოქმში კი, რომელიც მე მქონდა უბნიდან მიღებული, პირიქით იყო, „ქართული ოცნების“ კანდიდატი უგებდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს. როცა განვაცხადე ამის შესახებ, მითხრეს, რომ მე მქონდა ასლი და საოლქო კომისიას ჰქონდა დედანი. ამის შემდეგ ოქმი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გამომართვეს და დავა დაიწყეს“, – აღნიშნავს ლიანა ხატიაშვილი.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.
 

 

3 ოქტომბერს, ცესკო–ს ვებგვერდზე ატვირთული N5 ვაქირის საარჩევნო უბნის მაჟორიტარული ოქმის მიხედვით, ლევან ბეჟაშვილს 436 ხმა აქვს მიღებული, გელა გელაშვილს კი 146. ოქმი 2 ოქტომბრით, 01:25 საათით არის დათაღირებული.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 71–ე მუხლის მე4 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში, თუმცა აღნიშნულ ოქმს კომისიის 5 წევრის, ლიანა ყანჩაშვილის, თამაზ ხელაშვილის, ლია სპანდერაშვილის, ხვიჩა კვირიკაშვილის და ელისაბედ ყორღანაშვილის ხელმოწერა არ აქვს.

საარჩევნო კოდექსის 71–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, ოქმის იმ მონაცემებზე, რომლებსაც კომისიის წევრი არ ეთანხმება, ჩანაწერს აკეთებს გრაფაში – „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას. აღნიშნულ ოქმში, „განსხვავებული აზრის“ გრაფაც ცარიელია.

ამ ფაქტებით, სიღნაღის N13 საოლქო საარჩევნო კომისია თავისი ინიციატივით არ დაინტერესდა.

მეორე ოქმს, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლებს აღმოაჩნდათ, კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა აქვს და ბეჭდითაც დამოწმებულია. ოქმის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ლევან ბეჟაშვილს 207 ხმა აქვს მიღებული, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ გელა გელაშვილს 377 ხმა. არჩევნების შედეგების ამ ოქმით შეჯამების შემთხვევაში, საერთო ჯამში ლევან ბეჟაშვილი 9 895 ხმას იღებდა, ხოლო გელა გელაშვილი 10 042 ხმას.

2012 წლის 2 ოქტომბერს, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ზვიად გოგალაძემ საჩივრით მიმართა სიღნაღის საოლქო – საარჩევნო კომისიას. „№5 ვაქირის საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი „ყალბი“ შემაჯამებელი ოქმი, შედგენილია არარეალური მონაცემების დაფიქსირებისათვის. კერძოდ, ამ ოქმის მიხედვით მაჟორიტარ კანდიდატს გელა გელაშვილს დაკლებული აქვს 231 ხმა დეპუდატობის კანდიდატის ლევან ბეჟაშვილის სასარგებლოდ. აქტის დამოწმება შეუძლიათ არჩევნების დღეს ხმების დათვლისას №5 საარჩევნო უბანში მყოფ პირებს: საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან მყოფ დამკვირვებლებს. უფრო მეტიც თვით კომისიის წევრებს“. საჩივრის ავტორი ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ოქმის არარად აღიარებას და არჩევნების შეჯამებას მათ მიერ წარდგენილი ოქმის ასლის მიხედვით ითხოვდა.

სიღნაღის საოლქო – საარჩევნო კომისიამ საჩივარი 3 ოქტომბერს განიხილა. საჩივრის განხილვის დროს საოლქო კომისიას ახსნა – განმარტება მისცა ვაქირის N5 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბიჭიკო ჯებირაშვილმა. მან განაცხადა, რომ კენჭისყრის შედეგად ვაქირში 377 ხმა მიიღო გელა გელაშვილმა და 207 ლევან ბეჟაშვილმა. მისივე თქმით, ოქმი, რომელიც საოლქო კომისიაში წარადგინეს, გაყალბებულია თვით საოლქო კომისიის მიერ.

„არჩევნები ჩვეულებრივად ჩავატარეთ. საღამოს ჩვეულებრივ გავხსენით ყუთები, დაითვალა ხმები. მთვლელები დავაყენეთ ცალკე, 2 მეტრის მოცილებით დავაყენე დამკვირვებლები, როგორც წესია. დაითვალა ხმები 1, მე– 2, მე–3 გადანაწილდა, მათ შორის ამოვიდა ხმათა რაოდენობა ასეთი. 207 იყო ნაციონალებისა, ორივე მაჟორიტარულიც და პროპორციული. 377 იყო ოცნებისა. არჩევნების დასრულების შემდეგ დავურიგე კომისიის ყველა წევრს ოქმი, ყველაფერი ეწერა რა როგორ იყო“, – განაცხადა ბიჭიკო ჯებირაშვილმა.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

 

საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კორაშვილმა ისე, რომ არ მოუსმინა საოლქო კომისიის დანარჩენი წევრების მოსაზრებებს, რომლებიც სხდომაზევე ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვდნენ, კენჭისყრაზე დააყენა საკითხი, ვაქირის მე–5 უბნის მაჟორიტარული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობაზე. საოლქო კომისიის 6 წევრის გადაწყვეტილებით შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

 

ვაქირის N5 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ სიღნაღის საოლქო – საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. მოსარჩელე მხარე სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შეჯამებას იმ ოქმის საფუძველზე ითხოვდა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს დაურიგდათ. მოსამართლე ირაკლი ბოგდარენკომ „ქართული ოცნების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სარჩელი არც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა. ცესკო–ს დადგენილებით, 14 ოქტომბერს, ვაქირის მე–5 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად საარჩევნო უბანზე 527 ხმით (85,09%) „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გელა გელაშვილმა გაიმარჯვა. 86 ხმა (14%) მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილმა. საბოლოო ჯამში, საოლქო – საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რაიონში 10 192 ხმა (49,01%) გელა გელაშვილმა, 9 774 ხმა (47%) კი ლევან ბეჟაშვილმა მიიღო.

გამარჯვებულად აღიარებამდე გელა გელაშვილი და მისი საარჩევნო შტაბის უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი აცხადებდნენ, რომ ოქმის გაყალბების ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებდნენ და ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ გამყალბებლები სამაგალითოდ დასჯილიყვნენ. არჩევნების შემდეგ გელა გელაშვილმა პარლამენტის წევრის მანდატი მიიღო, ზვიად ჯანყარაშვილი კი შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა. არცერთ მათგანს არ მიუმართავს პროკურატურისთვის არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების გაყალბების ფაქტის გამოძიების მოთხოვნით.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.
 

 

ვინ გააყალბა საარჩევნო დოკუმენტაცია?

საარჩევნო კოდექსის 70–ე მუხლის მე–9 პუნქტის თანახმად, შემაჯამებელი ოქმები იბეჭდება დამცავი ნიშნების მქონე ქაღალდზე, რომლის დაკვეთისა და შესყიდვის უფლება მხოლოდ ცესკოს აქვს. კანონით, მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნებისთვის, საოლქო – საარჩევნო კომისიას, იქიდან კი საუბნო საარჩევნო კომისიას მხოლოდ ერთი ოქმი გადაეცემა. ოქმის ორიგინალი ვარდისფერია.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 71–ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე–3 პუნქტში აღნიშნული ყველა მონაცემის დადგენისთანავე, საუბნო – საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ავსებს კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს.

ამავე მუხლის მე–7 პუნქტის მიხედვით, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი საარჩევნო ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

ამავე მუხლის მე–13 პუნქტი კი ადგენს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი ოლუქება ცალკე პაკეტში, პაკეტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი და საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრები.

ვაქირის N5 საუბნო – საარჩევნო კომისიის წევრების თამაზ ხელაშვილის (პარტიიდან მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს), ლია სპანდერაშვილის (კონსერვატიული პარტიიდან) განმარტებით, ხმების დათვლის შემდეგ კომისიის ბეჭედი პაკეტში არ დაულუქავთ და საოლქო – საარჩევნო კომისიაში ისე გაიგზავნა სხვა მასალებთან ერთად.

იქიდან გამომდინარე, რომ ის ოქმი (ორიგინალი), რომლითაც მაჟორიტარულ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი ლიდერობდა, საუბნო – საარჩევნო კომისიის ბეჭდით (N13005) არის დამოწმებული, ადასტურებს იმას, რომ ბეჭედი საარჩევნო უბნიდან გასვლის შემდეგ გამოიყენეს.

ჩვენ მოვიპოვეთ ვაქირის N5 საარჩევნო უბნის კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის ასლიც. წიგნის მე–6 და მე–7 გვერდებზე, მიღებულ ხმათა რაოდენობის გრაფაში უხეში სახით შესწორებებია შეტანილი. აშკარად ჩანს, რომ გელა გელაშვილის გასწვრივ გრაფაში რიცხვზე 377, გადაწერილია 146, ხოლო ლევან ბეჟაშვილის გრაფაში რიცხვი 207 გადაკეთებულია 436–ად.

 ვაქირის N5 საუბნო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბიჭიკო ჯებირაშვილის განმარტებით, სოფლიდან სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა სიები, ბათილი, ნამდვილი და გამოუყენებელი ბიულეტენები, ბეჭდები, სარეგისტრაციო, ჩანაწერთა წიგნები და სხვა მასალები მან, გვიან ღამით წაიღო. ჯებირაშვილი ამბობს, რომ თან მოადგილე ლილი მაზანაშვილი და მდივანი ანდრო ტურიაშვილი ახლდნენ. მისივე თქმით, საუბნო – საარჩევნო კომისიის ბეჭედი საოლქო – საარჩევნო კომისიაში ფაილში ჩადებული, მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ორიგინალი კი შეუვსებელი სახით წარადგინეს.

„იმიტომ არ შევავსეთ, რომ ზევიდან იყო დარეკილი. ვანო პეტრიაშვილმა პირადად ჩემთან დარეკა და თქვა, რომ შემაჯამებელი ოქმები დახიეო. მე ეს ოქმები არ დავხიე, ჩემს მოადგილეს ვუთხარი, რომელიც მდივნის ფუნქციას ასრულებდა. იმანაც კატეგორიული უარი განაცხადა დახევაზე. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს ოქმი წაგვეღო ცარიელი. ვაქირიდან სიღნაღში რომ ავედით, ჩემი მოადგილე,  ქალბატონი ლილი პირადად ვანოს დაელაპარაკა. ვანომ შეიყვანა შიგნით, მე იმ პერიოდში ქსეროქსი შევიტანე დარბაზში, ჩავაბარე, ბეჭდებიც ჩავაბარე და მერე იმ ოთახში შევედი, სადაც ლილი იყო შესული. მდივანი ანდრო ტურიაშვილიც შემომყვა. რომ შევედით, ეს ოქმი ხელში ჰქონდათ და თვითონ როგორც უნდოდათ, ისე დაწერეს. ცარიელი ოქმი მიიღეს. ლილიმ შეიტანა, მისცა ან პეტრიაშვილს ან კუპრეიშვილს. სამნი იყვნენ, ერთი გოგო იყო, ალბათ მდივანი. ჩანაწერთა წიგნიც ამოიღეს, შესწორებებიც თვითონ გააკეთეს, ცვლილებები შეიტანეს. მე ვუთხარი, ამის გამო ჩვენ ყველას დაგვიჭერენ მეთქი. თქვენ ნურაფრის ნუ გეშინიათ, მშვიდად დაიძინეთო, მითხრა ვანომ. მე ვუთხარი, მშვიდად როგორ დავიძინო, ეს რა ხდება, ასეთი რამე არ შეიძლება, დაგვიჭერენ მეთქი. არავინ არ დაგიჭერთ, ნუ გეშინიათო, გვითხრა.

– ბეჭედი არ დალუქეთ, შემაჯამებელი ოქმის ორიგინალი არ შეავსეთ და ისე წაიღეთ საოლქო – საარჩევნო კომისიაში, არ იფიქრეთ, რომ დანაშაულის ჩადენას ხელს უწყობდით? ამასთან, გაყალბებულ ოქმზე თქვენი ხელმოწერაც არის.

– ბეჭედი თვითონ გახსნეს, ფაილში გველაგა ბეჭდები, შევიტანეთ შიგნით. თვითონ გამოიტანეს ბეჭდები და თვითონ გააკეთეს ყველაფერი. ხელი მოვაწერე იძულების სახით. კარებთან გოგო დააყენეს, ჩვენ გარეთ არ გამოგვიშვეს. ვეუბნებოდი, დამიჭერენ, ამხელა კაცი ციხეში უნდა გამიშვა მეთქი? შენ ნურაფრის ნუ გეშინია, მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელიო, მითხრა ვანომ.

– ჩანაწერთა წიგნში შესწორებები ვინ შეიტანა?

– ეს ციფრები რაც არის, ჩვენ არაფერი არ გადაგვისწორებია, არც მე, არც ანდროს და არც ლილის. სუფთად ნამუშევარი ავიტანეთ ჩვენ და ჩავაბარეთ ოლქში. ის მონაცემები ზუსტი რაც იყო, იქაც ის მონაცემი მეწერა, მაგათ გაასწორეს ყველაფერი თვითონ“, – აცხადებს ბიჭიკო ჯებირაშვილი.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

ვაქირის N5 საუბნო – საარჩევნო კომისიის მდივანი ლილი მაზანაშვილი ადასტურებს, რომ საარჩევნო დოკუმენტაციაში მონაცემები საოლქო – საარჩევნო კომისიაში გააყალბეს.

„1 ოქტომბერს, საღამოს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ ხმები რომ დაითვალა, დაირეკა ზევიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ბიჭიკო ჯებირაშვილთან. თავჯდომარემ გამიყვანა გარეთ და მითხრა, ასეთი დავალებაა, დაიხიოს შემაჯამებელი ოქმებიო. მე ვუთხარი, არავითარ შემთხვევაში მეთქი. მანამდე, დაქსეროქსებული მქონდა შემაჯამებელი ოქმი, რომ შავი სამუშაოსთვის მქონოდა და ორიგინალში უკვე დაზუსტებული და დაბალანსებული მონაცემები გადამეტანა. ეს ქსეროასლები შევავსე, ბეჭდით დავამოწმეთ და ისინი დავურიგეთ დამკვირვებლებსაც და პარტიების წარმომადგენლებსაც. შემაჯამებელი ოქმის ორიგინალი არ დავხიეთ, დავლუქე და ამოვიტანე საოლქო – საარჩევნო კომისიაში. იქ მოხდა ის, რომ შემაჯამებელი ოქმი იქ შევავსე. ჩემი ხელით შეივსო, იურისტების ვანო პეტრიაშვილის და გიორგი კუპრეიშვილის მითითებით. ხელი მოვაწერეთ მდივანმა, თავჯდომარემ და მოადგილემ. დანარჩენი კომისიის წევრები ადგილზე არ ყოფილან და არც ხელი მოუწერიათ“, – აღნიშნავს ლილი მაზანაშვილი.

ვანო პეტრიაშვილი, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სიღნაღის საოლქო – საარჩევნო კომისიაში და ოლქში შემავალ უბნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი იყო, საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 164/3 – არჩევნების გაყალბება: არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სტატიის მეორე ნაწილში, რომელსაც რამდენიმე დღეში შემოგთავაზებთ, გაიგებთ როგორ და რატომ მოხვდნენ ვანო პეტრიაშვილი და გიორგი კუპრეიშვილი ცესკოში, იქიდან კი სიღნაღის საარჩევნო ოლქში; რომელ სახელმწიფო სამსახურებში მუშაობდნენ და მუშაობენ; არჩევნებზე მუშაობის გამო რა თანხა მიიღეს ხელფასის სახით და რამდენი აიღეს პრემია სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

გელა მთივლიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

 

English version:

Vote-Thief (Part I)

რედაქტორის რეკომენდაციით

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 11.12.17
16:00-18:00
Clear skyfrom south-southeast7°C0.5m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom west-southwest2°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 12.12.17 12:00-18:00
Fairfrom northeast5°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom south-southeast2°C1.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31