15:58:31

ფირნიშები
Share |

ჟურნალისტური გამოძიება – მინისტრის მეგობარი

ჟურნალისტური გამოძიება – მინისტრის მეგობარი2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნება დაიწყო. ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცესს ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინ არაოფიციალურ საუბრებში იმით ამართლებდნენ, რომ აღნიშნული ქონება მესაკუთრეებმა, ვითომდა, კორუფციული გარიგებების გზით ჩაიგდეს ხელში.

სამართლებრივ სახელმწიფოში უკანონოდ მითვისებული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების ერთადერთი გზა სასამართლოა, თუმცა, საქართველო ამ გზით არ წასულა. შიდა ქართლის მაშინდელმა გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა ერთ-ერთ ჟურნალისტთან პირად საუბარში შეკითხვაზე, თუ რატომ არ მიმართავდა სახელმწიფო სასამართლოს, განაცხადა: „რა დროს სასამართლოა, როდესაც ახალი სახელმწიფო გვაქვს ასაშენებელი“.

ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის ფორმა, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის მაშინდელი ხელისუფლება იყენებდა „სახელმწიფოსათვის ქონების ნებაყოფლობითი გადაცემა“, „ჩუქება“ იყო. ეს პროცესი განსაკუთრებულად მწვავედ ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში - შიდა ქართლში მიმდინარეობდა. პროცესი სააკაშვილის თანაგუნდელმა ირაკლი ოქრუაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშნვის შემდეგ დაიწყო და  მიხეილ ქარელმა  გააგრძელა. დღეს ორივენი საქართველოდან გახიზნულები არიან და პოლიტიკური დევნილის სტატუსით საფრანგეთს აფარებენ თავს.

ახალი ხელისუფლების მოსვლიდან რამდენიმე თვეში შიდა ქართლში ბიზნესმენების ნაწილმა საკუთარი ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქება დაიწყო. მეწარმეები, რომელებიც წინასწარი დაკავების საკნებში სხვადასხვა ბრალდებით ხვდებოდნენ, გათავასუფლების სანაცვლოდ საკუთარ ქონებას სახელმწიფოს უსასყიდლოდ უფორმებდნენ. გარიგება ძირითადად  სიტყვიერი შეთავაზებით იწყებოდა და, ბიზნესმენის გაჯიუტების შემთხვევაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში სრულდებოდა.

საკუთარი წილები სახელმწიფოს გადასცეს გორის ბაზრობის მფლობელმა თემურ ბლუაშვილმა, ბაზრის მეპატრონემ ჯემალ წიკლაურმა, სტადიონის მეწილემ გოჩა ლომიძემ,  გორის საკონსერვო ქარხნის „გორკონის“ მფლობელმა მარინე ქიტიაშვილმა და კიდევ სხვებმა.

წისქვილკომბინატი „ფორტე“ და „ლემისეს“ დაბადება

ერთ-ერთი საწარმო, რომლის ჩუქებასაც მესაკუთრეებისგან სახელმწიფო ითხოვდა გორის წისქვილკომბინატი „ფორტე“ იყო. „ფორტე“ ერთ-ერთი უდიდესი წისქვილკომბინატია საქართველოში და ყველაზე დიდ ელევატორს ფლობს. 86 ათას კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული საწარმო გორში, შინდისის ქუჩა #25-ში მდებარეობს, იგი 46 შენობასა და სათავსოს აერთიანებს. წისქვილკომბინატის მაშინდელი მფლობელი შპს „ფორტე“ იმ პერიოდში მომგებიანი კომპანია იყო. კომპანიის ოთხი დამფუძნებლის წილები სახელმწიფოს უნდა გადასცემოდა.

მაშინ ეს გამგებლის მოადგილემ  ნუგზარ პაპუნაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბარში   დაადასტურა.

ზუსტად ამ პერიოდში, ანუ 2004 წლის შემოდგომაზე, „ფორტე“ დროებით დაიხურა. დახურვის მიზეზი წილების სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებული პრობლემები იყო. ინტერვიუსთვის მისულ  ჟურნალისტებს ფორტეში ასე უპასუხეს: „ძალიან ცუდი მდგომარეობაა, გაჩერებულია, გადაცემულია სახელმწიფო მმართველობაში. ყარაული გაფრთხილებულია, არავინ არ შევიდეს“.

დაახლოებით ორ თვეში, 2004 წლის 15 დეკმბერს წისქვილკომბინატის ოთხმა მეწილემ კომპანია მართლაც ნებაყოფლობით გააჩუქა, ოღონდ საჩუქარი არა სახელმწიფომ, არამედ 13 დღით ადრე, ანუ  ამავე წლის 2 დეკემბერს დაფუძნებულმა შპს „ლემისემ“ მიიღო. შპს „ფორტეს“ ოთხი მეწილიდან საკუთარი წილი სრულად სამმა დათმო:  გიორგი ორთანეზაშვილმა - 24.25%; ვასილ ქიტიაშვილმა - 12.25%;  მერაბ დათვიაშვილმა - 12.25%. მეოთხე, ყველაზე მსხვილმა მფლობელმა მირიან ოქროშიაშვილმა კი, თავისი კუთვნილი 51%-იდან 46% დათმო, ასე გახდა ახალშექმნილი „ლემისე“ საქართველოში უმსხვილესი წისქვილკომბინატის „ფორტეს“ 95%-იანი წილის მფლობელი. კონტრაქტებში აღნიშნულია, რომ „პარტნიორი ასხვისებს და წილის დათმობის გზით გადასცემს თავის კუთვნილ პროცენტს“.  ამის შემდეგ  პრობლემებიც ამოიწურა და  ქარხანაც ამუშავდა.

ჩვენ „ფორტეს“  ყოფილი ოთხი მფლობელისგან ერთ-ერთს შევხვდით. ინტერვიუზე მან უარი გვითხრა: „რა გარანტიას მაძლევთ? გარანტიას ვერ მაძლევთ და მაშინ რა ძალა მადგია? მაშინ ძალიან დიდი თავი უნდა გქონდეს, ცოლ-შვილი უნდა გავხიზნო, პირველი ეგ უნდა გავაკეთო და მერე სხვა დანარჩენი.. რთულია, თორემ დიდი სიამოვნებით ვილაპარაკებდი, დიდი სიამოვნებით, მაგრამ ვერ ვრისკავ, ჯერ-ჯერობით დამრჩა კიდევ რაღაც დასაკარგი“.

კატეგორიული უარის შემდეგ, რესპოდენტი ფარულად ჩავწერეთ. გთავაზობთ ამ ფარული ჩანაწერის ფრაგმენტს:

„კი, ვაჩუქე...

- წილი რომ დაგათმობინეს, ხელისუფლებიდან იყო წნეხი, ალბათ, არა?

- წილიც დამათმობინეს, მამუშავეს, ამაწყობინეს და ბოლოს წიხლიც ამომარტყეს და გამომიშვეს კიდევაც“.

„ფორტეში“ „ლემისეს“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის შესახებ სატელეფონო საუბრისას ვკითხეთ მირიან ოქროშიაშვილს. მან თქვა, რომ ზუსტად არ ახსოვდა, მაგრამ დაახლოებით 500 000 ლარი დახარჯეს ნედლეულის შესყიდვაში. ეს თანხა დოლარებში 300 000 დოლარზე ნაკლებია.

„ლემისემ“ უსასყიდლოდ მიღებული „ფორტე“ 2010 წლის 28 ივლისს შპს „კარმენს“ მიჰყიდა.  ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ „ლემისემ“ ობიექტი 4 720 000  დოლარად გაყიდა. თუ გამოვაკლებთ დაბანდებულ ინვესტიციას 300 000 დოლარის ოდენობით, ამ ობიექტიდან „ლემისემ“ 4 420 000 დოლარი მოგება ნახა.

ვისია „ლემისე კომპანი“?

კომპანია  პირველ ბიზნეს გარიგებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე დაფუძნდა და რეგისტრაციაც გორში, წისქვილკომბინატის მისამართზე (შინდისის N25) გაიარა. ანუ ჯერ  წისქვილკომბინატის მისამართზე დარეგისტრირდა, ორი კვირის შემდეგ კი წისქვილკომბინატი საჩუქრად მიიღო.

2004 წლის მდგომარეობით „ლემისე“ კომპანის დამფუძნებლების ჩამონათვალი ასე გამოიყურებოდა: კაპანაძე გიორგი - 37,5 %, კაკალაშვილი სერგი - 37,5%, ოქროშიაშვილი გიორგი - 25%.

1. კაპანაძე გიორგი -37, 5% . „ლემისე კომპანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელს, 83 წლის გიორგი კაპანაძეს ჩვენ ახალციხის რაიონის სოფელ კლდეში მივაკითხეთ. ჭიშკართან მიახლოებისას ოჯახის ნათესავი დაგვხვდა და საბუთები მოგვთხოვა. ჩვენთან საუბრისას მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კაპანაძეები მინისტრ მერაბიშვილის ხალხია: „მე შევალ, სხვა ვერ შევა. ესენი ძალიან მაგარი ხალხი არიან... ესენი მერაბიშვილის ხალხი არიან. მე შევალ ახლა“.  ჩაკითხვის შედეგად, აღმოჩნდა, რომ „მერაბიშვილში“ კაპანაძეების ნათესავი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს გულისხმობდა.

საბოლოოდ ოჯახში შევედით. „ლემისე კომპანის“ დამფუძნებელთა შესახებ შეკითხვები რომ დავუსვით, მათ გვითხრეს,  რომ  ეს მათი შვილის ლევანის (ოფიციალური სახელი ლუხუმი) კაპანაძის ბიზნესია, რომელიც ტიუმენში ცხოვრობს და საქართველოში იშვიათად ჩამოდის. თხოვნის მიუხედავად, ოჯახის წევრებმა მისი ტელეფონი არ მოგვცეს.

ლევან (ლუხუმ) კაპანაძე ახალციხის N5 საშუალო სკოლაში ვანო მერაბიშვილზე ერთი წლით წინ სწავლობდა. რუსული ოფიციალური ვებგვერდებიდან ირკვევა, რომ ის დასავლეთ ციმბირის ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოს დირექტორი იყო. ხოლო  2006 წლიდან დღემდე რძის პროდუქტების ფაბრიკის „სიტოქსის“ დირექტორია. (ლუხუმ კაპანაძემ საქართველოში ბიზნესი სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლიდან მოკლე ხანში დაიწყო და სხვადასხვა ფირმები დააარსა.  ის  საჯარო სივრცეში დღემდე არ გამოჩენილა.

2. კაკალაშვილი სერგი - 37.5%. „ლემისე კომპანის“ მეორე დამფუძნებელი ბიზნესმენი სერგი კაკალაშვილია. ბიზნესის გარდა იგი პოეზიითაც არის გატაცებული.  ჟურნალ
„ცისკრის“ 50%-ის მფლობელმა კაკალაშვილმა 2010 წელს ლექსების საკუთარი კრებული გამოსცა. კაკალაშვილი, როგორც პოეტი, საქართველოს მოსახლეობის წინაშე ერთ-ერთმა პირველმა სწორედ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა, როდესაც 2005 წელს მისი ლექსი პარლამენტის ტრიბუნიდან გააცნო საზოგადოებას.

როგორ გაჩნდა კაკლაშვილის ლექსები პრეზიდენტის მაგიდაზე, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ვიცით, თვითონ როგორ მოხვდა „ლემისე კომპანიში“. სერგი კაკალაშვილიც  ვარდების რევოლუციამდე ქალაქ ტიუმენში ცხოვრობდა და ლუხუმ კაპანაძესთან მეგობრობდა. რუსული ვებ-გვერდებიდან ირკვევა, რომ მას ჰქონდა  ინდივიდუალური საწარმო  „ჯორჯია“ და საცალო ვაჭრობის სფეროში საქმიანობდა. კაკალაშვილიც  2004 წელს დაბრუნდა საქართველოში ბიზნესის დასაწყებად.

3. ოქროშიაშვილი გიორგი - 25 %. „ლემისე კომპანის“ მესამე მეწილე გიორგი ოქროშიაშვილია. ის წისქვილკომბინატ „ფორტეს“ ყოფილი მფლობელის მირიან ოქროშიაშვილის ვაჟია. მირიან ოქროშიაშვილმა სერგი კაკალაშვილთან საერთო მეგობარი მოძებნა და მისი  წყალობით „ლემისე კომპანიში“ 25 პროცენტი მიიღო. ეს წილი მან საკუთარ ვაჟზე, გიორგი ოქროშიაშვილზე გააფორმა, თავად კი მხოლოდ  შპს „ფორტეს“ 5%-იანი წილის მფლობელად დაფიქსირდა.

მაშასადამე, „ლემისე კომპანის“ სამ დამფუძნებელთაგან ორის უკან ოჯახის წევრი დგას. კერძოდ, გიორგი კაპანაძის უკან სინამდვილეში მისი ვაჟი ლევანი იდგა, გიორგი ოქროშიაშვილის უკან, კი მამა - მირიანი. სერგი კაკალაშვილი კი, ამ კომპანიაში საკუთარ თავს წარმოადგენს. თავად კომპანიის სახელიც - „ლემისე“-  დამფუძნებელთა სახელების დასაწყისიდან არის შემდგარი: „ლე“, ანუ ლევანი; „მი“, ანუ მირიანი და „სე“, ანუ სერგი.

„ლემისე კომპანისთვის“ წისქვილკომბინატი „ფორტე“ პირველი შენაძენი იყო. მას მერე მან მილონობით დოლარის ქონება დააგროვა. „ლემისე კომპანის“ დამფუძნებელთა კავშირზე მინისტრ ვანო მერაბიშვილთან პირველად სააკაშვილის ხელისუფლებიდან სკანდალურად წასულმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა. მინისტრის პოსტის დატოვებიდან მეორე დღეს მან ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ვანო მერაბიშვილის ბიზნეს ინტერესებზე ისაუბრა.

მოგვიანებით, გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ სად აქვს ვანო მერაბიშვილს ინტერესები, ოქრუაშვილმა უპასუხა: „ორ მაგალითს გეტყვით და დოკუმენტი თქვენ თვითონ მოიპოვეთ. იყო ასეთი მუხროვანის სასაზღვრო სამეურნეო ბაზა. ეს ბაზა დღეს არის არაბი ინვესტორების საკუთრება, რომლებმაც ტაბახმელაში მიწის ნაკვეთი შეიძინეს, მაგრამ მუხროვანის ბაზა ამ არაბ ბიზნესმენებს შსს-სგან, ანუ სახლმწიფოსგან არ უყიდიათ.

„რეზონანსი“ - მაშინ ვისგან იყიდეს?

- მერაბიშვილის დეიდაშვილის ვინმე კაპანაძისა და  პრეზიდენტის მიერ ქებული ვინმე კაკალაშვილისგან. სახელმწიფოსგან მათ დაახლოებით 1 ლარად იყიდეს კვადრატული მეტრი და არაბებს მიყიდეს 3-4 დოლარად. ნახეთ ეს დოკუმენტები“.

ჩვენ მოვიძიეთ თითქმის ყველა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება „ლემისე კომპანის“ მიერ სხვადასხვა ქონების შესყიდვის და გაყიდვის ფაქტები.

„კაჭრეთი“

„ფორტეს“შემდეგ იყო კაჭრეთის წისქვილკომბინატი, რომელიც 90 000 კვმ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. წისქვილკომბინატის ტერიტორიაზე არსებული შენობების საერთო ფართი კი  - 64 780 კვმ-ს შეადგენს.

წისქვილკომბინატი სააქციო საზოგადოება „ქართული პროდუქტმა“ სახელმწიფოსგან აუქციონის წესით 2005 წლის შემოდგომაზე შეიძინა. „ქართული პროდუქტი“, როგორც მისმა ერთ-ერთმა პარტნიორმა დაგვიდასტურა, ბიზნესმენ გოჩა ძასოხოვს ეკუთვნოდა.  დღეს  გოჩა ძასოხოვი საქართველოდან  გაქცეულია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს იმის დაწყებისთანავე, მან რუსეთს შეაფარა თავი, საქართველოს ხელისუფლება მას ფულის გათეთრების ბრალდებით ეძებს.

ძასოხოვის მიერ წიქვილკომბინატის შესყიდვიდან 3 თვეც არ იყო გასული, რომ 2005 წლის 15 დეკემბერს „ლემისე კომპანიმ“ ეს ქონება 1 მილიონ 550ათას ლარად შეიძინა, რაც მაშინდელი სავალუტო კურსის მიხედვით 867 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

2006 წლის იანვარში „ლემისე კომპანიმ“ 100 პროცენტიანი წილით შპს „მკათათვე“ დააფუძნა და კაჭრეთის წისქვილკომბინატი შპს „მკათათვეს“ საკუთრება გახდა. შპს „მკათათვეს“ დირექტორი „ლემისე კომპანის“ ერთ-ერთი დამფუძნებული სერგი კაკალაშვილია. მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა, ამდენად, ჩვენ ვერ შევიტყვეთ „კაჭრეთში“ „ლემისე კომპანის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციების ოდენობის შესახებ.

2010 წელს „ლემისე კომპანიმ“ შპს „აგროსისტემებს“ კაჭრეთის წისქვილკომბინატი 2 360 000 დოლარად მიჰყიდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ლემისე კომპანიმ“  „კაჭრეთის" წისქვილკომბინატი თავდაპირველ ღირებულებაზე 1 492 000 დოლარით ძვირად გაყიდა.

აგროფირმა „მუხროვანი“

„ლემისე კომპანის“ შემდეგი შენაძენი შპს აგროფირმა „მუხროვანი“ იყო. აგროფირმა 2005 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრება იყო. აგროფირმის კუთვნილ 20 ჰექტარ მიწაზე შენობები, საწყობები და 4 ტბა იყო განთავსებული. ამის გარდა, აგროფირმას იჯარით ჰქონდა აღებული 1400 ჰექტარი მიწა.

2005 წლის 15 აპრილს შპს აგროფირმა „მუხროვანი“ შპს „ვორლდ ვაიდ ტრეიდინგმა“ აუქციონზე შეისყიდა. ჩვენი ინფორმაციით, „ვორლდ ვაიდ ტრეიდინგიც“ ბიზნესმენ გოჩა ძასოხოვის საკუთრება იყო. რვა თვის შემდეგ „მუხროვანით“ დაინტერესდა  „ლემისე კომპანი“ და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაც გაფორმდა. 2005 წლის 15 დეკემბერს აგროფირმა მუხროვანის 100%-იანი წილი „ლემისე კომპანიმ“ 1 150 000 ლარად შეისყიდა, რაც იმ დროს  645 000 აშშ დოლარი იყო.

მას შემდეგ, რაც „ლემისე კომპანი“ „მუხროვანის“ მეპატრონე გახდა, სახელმწიფოსგან იჯარით აღებული მიწების გამოსყიდვა დაიწყო. ჩვენ მოვიპოვეთ 931 ჰექტრის გამოსყიდვის დამადასტურებელი ოქმები, რომლებიც გაფორმებულია 2006 წლის  21 ივნისს. ფასების შეკრების შედეგად ირკვევა, რომ ჯამში „ლემისე კომპანიმ“ სახელმწიფოს 349 316 ლარი გადაუხადა, რაც მაშინდელი კურსით 196 532 დოლარი იყო.

„ლემისე კომპანიმ“ აგროფირმა „მუხროვანის“ შესყიდვასა და მიწების გამოსყიდვაში ერთად 841 532 დოლარი გადაიხადა. ცხრა თვის შემდეგ „ლემისემ“ „მუხროვანის“ მიწები არაბ ინვესტორებს მიყიდა, ისე რომ თვითონ ინვესტიცია არ განუხორციელებია.

არაბი ინვესტორები საქართველოში 2007 წელს ჩამოვიდნენ.  მათ საქართველოს მთავრობამ პომპეზური დახვედრა მოუწყო, აეროპორტში არაბებს მინისტრები დახვდნენ, მათ შორის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური პროკურორი.

არაბმა ინვესტორებმა საქართველოში რამდენიმე პროექტის განხორციელება გადაწყვიტეს და, შესაბამისად, „ლემისე კომპანისა“ და მის მიერ დაფუძნებული ფირმებისგან თითქმის ყველა ნაკვეთიც იყიდეს. მათ შორის მოხვდა შპს აგროფირმა „მუხროვანის“ ტერიტორიაც. არაბულ შპს–ს აგროფირმა „მუხროვანმა“ ყიდვა-გაყიდვის ორი  ხელშეკრულება გაუფორმა.

2007 წლის 20 მარტის ხელშეკრულებით არაბების კომპანია „რახიინ დეველოპმენტმა“ შპს „აგროფირმა მუხროვანისგან“ 13  მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 931 ჰექტარი შეისყიდა, რაშიც 15 827 000 დოლარი გადაიხადა. ყიდვა-გაყიდვის მეორე ხელშეკრულება 2007 წლის 27 აპრილს გაფორმდა. შპს „რახიინ დეველოპმენტმა“ აგროფირმისგან დარჩენილი 24 შენობა-ნაგებობა, საწყობები და ტბები იყიდა, რაშიც 344 803 დოლარი გადაიხადა. ანუ, ორივე ხელშეკრულების მიხედვით მუხროვანის გაყდივიდან შპს „აგროფირმა მუხროვანმა“ ჯამში 16 171 803 დოლარი მიიღო.

თუ გავითვალისწინებთ, რომ „ლემისე კომპანიმ“ ამ ქონებაში 841 532 დოლარი გადაიხადა, მივიღებთ რომ მუხროვანის მიწების ყიდვა-გაყიდვით, 15 330 271 დოლარი მოიგო.

შპს აგროფირმა „მუხროვანი“ მიწებიდან დარჩენილი 12 ჰექტარი „ლემისე კომპანის“ მფლობელებმა თავად დაიტოვეს საკუთრებაში. შპს აგროფირმა „მუხროვანმა“  მალევე სახელი გადაირქვა და „მეგაინვესტად“ დარეგისტრირდა. მოგვიანებით,  შპს „მეგაინვესტმა“ კუჭატნის ღვინის ქარხანაში 30 პროცენტიც შეისყიდა.

„ბათოილი“

„ლემისე კომპანის“ შემდეგი შენაძენი იყო ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა.  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარხანა აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ გააკოტრა, ხოლო შემდეგ მისი ქონება აუქციონზე გაიტანა. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვერკვია, თუ ვისი დავალიანების საფუძველზე გააკოტრა აჭარის მთავრობამ ქარხანა და ბათუმის სასამართლოდან ინფორმაცია გამოვითხოვეთ. დოკუმენტაცია მოგვაწოდეს, თუმცა მასში სასამართლომ ყველა მონაცემი წაშალა და ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელი გახდა.

2006 წლის 19 აპრილს ქიმიურ - ფარმაცევტული ქარხანა „ლემისე კომპანიმ“  სახელმწიფოსგან 1 111 ათას ლარად შეისყიდა. ფარმაცევტული ქარხნის ტერიტორია 54 000 კვადრატულ მეტრს  შეადგენს, რომელზეც 24 შენობა-ნაგებობაა განთავსებული. როგორც მაშინ გაზეთი „ბათუმელები“ წერდა, ქონება, ფაქტობრივად, მიწის ფასად გაიყიდა და ის მერაბიშვილის გარემოცვამ შეიძინა.  „ლემისე კომპანიმ“ ფარმაცევტული ქარხნის ბაზაზე ახალი შპს „ბათფარმა“ დააფუძნა და სამკურნალო საშუალებების დამზადება განაგრძო. „ბათფარმა“ ამზადებს წამლებს და ექსპორტზე გააქვს. „ლემისე კომპანის“ „ბათფარმა“ დღემდე არ გაუყიდია.

„ბათფარმამ“ 2006 წელს გამოცხადებულ აუქციონზე შეისყიდა ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსი, რომლის ფართობი 94 329 კვ მეტრია. ტერიტორიაზე განთავსებულია შენობები, რომლებიც წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსი „ბათფარმამ“ 287 000 დოლარად შეისყიდა. ამ ტერიტორიაზე მას მოდავე გამოუჩნდა. მეცხოველეობის კომპლექსი 49 წლიანი იჯარით სერგო ბერიძეს და მის მეგობრებს ჰქონდათ აღებული და ფერმას და ფაბრიკას ამუშავებდნენ.  დავა სერგო ბერიძის დაპატიმრებით დასრულდა. ამ ამბის დეტალებს ჩვენ ქვემოთ შემოგთავაზებთ.

„ბათფარმა“

„ლემისე კომპანიმ“ 2006 წლის 18 სექტემბერს 100 პროცენტიანი წილით შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ბათოილი“ დააფუძნა. შპს „ბათოილმა“ 2007 წლის 10 დეკემბრის აუქციონში გაიმარჯვა და 610 000 ლარად შეისყიდა 15 190 კვადრატული მეტრი მიწა შენობა ნაგებობებით, რომელიც 3 ნაკვეთისგან შედგებოდა. როგორც კომპანიის ვებგვერდიდან ირკვევა, „ბათოილ“-ში ინვესტირებულია 20 000 000 აშშ დოლარი . „ბათოილის“ პროდუქტია ზეთი „მზიური“.

„ბათოილმა“ აუქციონზე თბილისშიც გაიმარჯვა: 2007 წელს ერისთავის ქუჩაზე მდებარე საქართველოს რკინიგზის ავტოფარეხის ქონება ორ ნაწილად შეიძინა: ჯერ  5 667 კვადრატული მეტრი მიწა, რომელშიც „ბათოილმა“ 900 000 დოლარი გადაიხადა. 5 თვის შემდეგ იქვე, 4 075 კვადრატული მეტრი მიწაც თავისი შენობა-ნაგებობეით მიიმატა, რაშიც 680 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ამ ტერიტორიაზე დღეს დიდი სავაჭრო ცენტრი შენდება, რომელიც „პალადიუმ პალასის“ საკუთრებაა.

აღსანიშნავია, რომ „პალადიუმ პალასიც“ კომპანია „ბათოილის“ მონაწილეობითაა დაფუძნებული. „პალადუმ პალასის“ 50%-ის მფლობელი ფიზიკური პირი შმილ ოღლი ჰეიდაროვია, 50% კი შპს „ევროკლასს“ ეკუთვნის. სწორედ შპს „ევროკლასის“ 100%-იანი დამფუძნებელია „ბათოილი“.

ამის შემდეგ „ლემისემ“ სხვადასხვა კომპანიები დააფუძნა და ქონების და კაპიტალის დაგროვება სხვადასხვა ფირმების მეშვეობით განაგრძო. ერთერთი ასეთი ფირმაა „ქაუქასუს სირიალ კომპანი“.

„ქაუქასუს სირიალ კომპანი“ და მისი შენაძენები

„ქაუქასუს სირიალ კომპანი“ 2005 წელსს დაფუძნდა. მისი 50%-იანი მფლობელი „ლემისე კომპანი“ იყო, 50%-ს კი გიორგი ადეიშვილი ფლობდა. გიორგი ადეიშვილი ნაციონალური მოძრაობისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, დეპუტატ  გოგი ლიპარტელიანის სიძეა. გოგი ლიპარტელიანი პარლამენტში ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავმჯდომარეა. გოგი ლიპარტელიანს და ლუხუმ კაპანაძეს სხვა საერთო ბიზნესიც აქვთ, კერძოდ, ისინი გაზის გასამართ სადგურებს ფლობენ.

2011 წელს „ლემისე კომპანიმ“ გიორგი ადეიშვილისგან 50%-იც გამოისყიდა და „ქაუქასუს სირიალ კომპანის“ 100%-იანი მეწილე გახდა. 2005 წლიდან „ქაუქასუს სირიალ კომპანიმ“ სახელმწიფოსგან რამდენიმე ობიექტი შეისყიდა, კერძოდ, „ვარძია ტურისტი“, მიწის ნაკვეთები თბილისში, დიღმის ტერიტორიაზე და  ძველი სავადმყოფო აჭარაში, გონიოს დასახლებაში. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ შესყიდვიდან მოკლე ხანში ეს ობიექტები ბევრად უფრო სარფიანად გაყიდა.

„ვარძია ტურისტი“ - 2005 წლის 27 დეკემბერს „ქაუქასუს სირიალ კომპანიმ“ შპს „ვარძია - ტურისტი“ სახელმწიფოს მიერ გამართულ აუქციონზე 141 677  დოლარად შეიძინა.  „ვარძია ტურისტი“ იყო ასპინძის რაიონში ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან  ახლოს მდებარე სასტუმრო. 31 500 კვმ-ის ოდენობის მიწის ფართზე განთავსებული ამ ობიექტის საკუთრებაში იყო სამეუნეო კორპუსი, საცხოვრებელი სახლი, მინერალური აბანო.

„ქაუქასუს სირიალ კომპანიმ“ ერთი წლის შემდეგ, 2007 წლის 22 მაისს ისე, რომ ინვესტიცია არ განუხორციელებია, ობიექტი გაყიდა. მყიდველი ამჯერადაც არაბ ინვესტორებთან დაკავშირებული კომპანია შპს „რახიინ დეველოპმენტ“ იყო, რომელმაც „ვარძია - ტურისტში“ 2 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. ამ გარიგებით „ქაუქასუს სირიალ კომპანიმ“ ერთ წელში 1 858 323 დოლარის სარგებელი ნახა.

დიღმის მიწები - „ქაუქასუს სირიალ კომპანის“ შემდეგი შენაძენი დიღმის ტერიტორიაზე 4 მიწის ნაკვეთი გახდა. კომპანიამ 2006 წლის 9 იანვარს მცხეთის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე გაიმარჯვა და 76,700 კვადრატულ მეტრ მიწაში 3 451 500  დოლარი გადაიხადა. ამ ადგილზე ადრე პოლიციის ტეკი იყო განთავსებული და შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრებაში იმყოფებოდა.

შესყიდვიდან ცხრა თვის შემდეგ, 2006 წლის ოქტომბერში, „ქაუქასუს სირიალ კომპანიმ“ „რახიინ დეველოპმენტს“ დიღომში 72 836 კვადრატული მიწა 7 283 600  დოლარად მიჰყიდა. ამ ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვით „ქაუქასუს სირიალ კომპანიმ“ 3 832 100 დოლარი მოიგო. სწორედ ამ ტერიტორიაზე არაბმა ინვესტორებმა „რაკიინ აფთაუნი“ ააშენეს.

დიღმის მიწის ნაკვეთებიდან „ქაუქასუს სირიალ კომპანიმ“ 3 900 კვადრატული მეტრი მიწა საკუთრებაში დაიტოვა და დღესაც ფლობს.

გონიო - „ქაუქასუს სირიალ კომპანიმ“ 2006 25 მაისს სახელმწიფოსგან გონიოს საავადმყოფო 210 000 აშშ დოლარად შეისყიდა. საავადმყოფო ზედ ზღვისპირზე მდებარეობდა, 3 900 კვმ მიწაზე განთავსებული იყო საავადმყოფოს ძველი შენობა. სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების მეოთხე მუხლის მიხედვით, „ქაუქასუს სირიალ კომპანის“ გონიოს საავადმყოფოს განვითარებისათვის 2 მლნ დოლარის ინვესტიცია 24 თვის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა. ინვესტიციის განხორციელების შედეგად 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი და 300 კვადრატული მეტრი ამბულატორია უნდა აეშენებინა და თანამედროვე საოფისე და სამედიცინო აპარატურით აღეჭურვა.

24 თვიდან 22 თვე ისე გავიდა, რომ „ქაუქასუს სირიალ კომპანიმ“ ინვესტიცია არ  განახორციელა. საბოლოოდ, გონიოს საავადმყოფო ისე გაიყიდა, რომ „ქაუქასუს სირიალ კომპანის“ არანაირი ინვესტიცია არ განუხორციელებია. 2008 წლის 15 თებერვალს გონიოს საავადმყოფოც არაბულმა კომპანიამ - „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიამ“ შეიძინა. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მიხედვით, ობიექტში მყიდველმა 1 267 499 დოლარი გადაიხადა. ამ გარიგებიდან „ქაუქასუს სირიალ კომპანიმ“ 1 057 499 დოლარი მოიგო.

მოგების ჯამი

„ლემისე კომპანისა“ და მის მიერ ასპროცენტიანი მეწილეობით დაფუძნებული შვილობილი კომპანიების მოგების დასათვლელად თითოეული გარიგების მოგებები უნდა შევკრიბოთ. მოგება თითოეული ობიექტის გაყიდვისა და შესყიდვას შორის ფასთა სხვაობაა, რამაც სულ 26 498 193 ასშ დოლარი შეადგინა.

„ლემისე კომპანის“ ოფშორში

2007 წლის 3 სექტემბერს „ლემისე კომპანის“ მეწილეებმა საკუთარი წილები ოფშორში დარეგისტრირებულ ფირმებზე გადააფორმეს. „ლემისე კომპანის“ მეწილეები გახდნენ პანამაში დარეგისტრირებული კომპანიები: „არგილსტოუნ ინვესტმენტი“ - 60% და „რემაქსი“- 40%. საგულისხმოა, რომ ორივე კომპანია 2006 წლის 27 დეკემბერს დაფუძნდა და ორივე კომპანიის დამფუძნებლები ერთიდა იგივე პირები არიან: 1. იზეთ სამუდიო ტაპია 2. ივან ანტონიო მოლინო ალვარეზი 3. იადირა ინეს მორენო მორალესი.

ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ ფირმებზე საკუთრების გადაცემა რომ ფიქტიური იყო, ადასტურებს ერთი ფაქტი. ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე, რომელზეც დაზარალებულის სტატუსით შპს „ბათმარმაც“ მონაწილეობდა, „ბათმარმას“ იურისტმა დაადასტურა, რომ ლუხუმ კაპანაძე შპს „ბათფარმას“ პარტნიორია. ეს სასამართლო პროცესი 2008 წელს, ანუ მაშინ ჩატარდა, რაც „ლემისე კომპანის“ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულმა ფირმებებზე გაყიდვიდან ერთი წელი იყო გასული.

„ბათოილი“ და „ბანკი ქართუ“

„ლემისე კომპანიმ“ ქონების ერთი ნაწილი გაყიდა, ხოლო მეორე ნაწილი კი გირაოთი დატვირთა და ბანკიდან კრედიტების ასაღებად გამოიყენა. ერთ-ერთი ბანკი, რომლისგანაც „ლემისე კომპანიმ“ კრედიტი აიღო ბიძინა ივანიშვილის ბანკი „ქართუა“.

კერძოდ, შპს „ბათოილსა“ და „ქართუს“ შორის 17 მილიონ დოლარზე გაფორმდა ხელშეკრულება. გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა, როგორც ბანკში გვითხრეს, სრულად არ იქნა ათვისებული. „ბათოილმა“ დაახლოებით 12 მილიონი დოლარი გაიტანა ბანკი „ქართუდან“, სანაცვლოდ კი დააგირავა „ბათოილი“, ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსი, დიღმის მიწა რომელიც „ქაუქასუს  სირიალ კომპანის“ საკუთრებაშია, „ქართულ ღვინოებში“ 30%-იანი წილი და შპს „ხოხობი“.

2011 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ, რაც ბანკის მეპატრონემ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის განცხადება გააკეთა, საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილება მიიღო. ცვლილების მიხედვით, საგადასახადო სამსახურს უფლება ენიჭება წარსულში ჩადენილი დარღვევის გამო დააყადაღოს და აუქციონზე გაყიდოს ის ქონება, რომელიც ბანკშია ჩადებული კრედიტის უზრუნველსაყოფად.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი კომპანიას აღმოაჩნდება სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება, სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი ვალის დაფარვისათვის გაყიდოს ის ქონებაც კი, რომელიც კომპანიას ბანკში აქვს იპოთეკით დატვირთული. თუ ასე მოხდა, დაიფარება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ვალი, ბანკს კი აღარ რჩება რეალური ბერკეტი, რომ სესხად გაცემული ფულის  ამოღება უზრუნველყოს.

ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ „აღმოჩნდა“, რომ „ბათოილს“ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო ვალდებულებები შეუსრულებელი ჰქონდა. კანპონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ბანკ „ქართუს“ მიერ იპოთეკით დატვირთული  ქონება სახელმწიფომ წაიღო. „ქართუს“ ახლა უკვე აღარ აქვს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც „ბათოილზე“ სესხად გაცემულ 12 მილიონ დოლარს ამოიღებს.

ბანკი „ქართუს“ გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ეს სქემა ხელისუფლებამ ბანკის გასაკოტრებლად მოიფიქრა: „ჩვენ გვქონდა ისეთ სესხები, რომლებსაც ვერ მოუძებნიდნენ დავალიანებას. იმიტომ, რომ იყო ნულოვანი ორგანიზაციები. ჩვენი ამ ორგანიზაციებს სესხით შევაძენინეთ სახელმწიფო ქონება და იმავე დღეს ჩავიდეთ გირაოში. ანუ, ამ ორგანიზაციებს არ შეიძლებოდა აღმოჩენოდა რაიმე დავალიანება სახელმწიფოს წინაშე. თუმცა, ამ ნულოვანმა ორგანიზაციებმა დაკავშირებულ კომპანიებს წინა დღეს მიყიდეს ის ქონება, რომლებიც ჩადებული იყო გირაოში და რომლებსაც მეორე დღეს აღმოუჩნდა უზარმაზარი დავალიანება. ეს 2-3 დღეში ხდება. ეს გადაყიდვაც ერთწლიანი განვადებით განხორციელდა, ვინ გადაიხდის და როდის გადაიხდის, არავინ იცის. 100 მლნ დავალიანება რომ გაქვს, რა თანხა უნდა გადაიხადოს. და მეორე კიდევ, 100 მილიონი დავალიანება რომ აღმოუჩინე და ერთი კაციც რომ არ დაგიჭერია, არა უშავს?“

„ბანკი ქართუს“ ამ კანონის ამოქმედებისთანავე დაახლოებით 67 მილიონი ზარალი მიადგა. ნიშანდობლივია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კვლავ შეცვალა კანონი და ძველი ვერსია აღადგინა.

დაახლოებით 12 მილიონი დოლარი ეს ის თანხაა, რომელიც „ბათოილმა“ ბანკი „ქართუდან“ გაიტანა და მას ვეღარ დააბრუნებს, რადგან სახელმწიფომ მთელი ქონება ჩამოართვა. სახელმწიფომ საგადასახადო დავალიანების იძულებით დასაფარად „ბათოილისგან“ ყველაფერი წაიღო, რაც ბანკი ქართუს სესხს უზრუნველყოფდა: ზეთის ქარხანა, ერისთავის ქუჩაზე დაწყებული მშენებლობა, წილი ქართულ ღვინოებში, გლდანში მათ საკუთრებაში არსებული 2,5 ჰექტრი მიწა და ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსი.

ნინო ზურიაშვილი | სტუდია „მონიტორი“


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

რედაქტორის რეკომენდაციით

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 19.11.17
20:00-00:00
Fairfrom west-southwest7°C1.5m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom southeast13°C0.6m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast14°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 10:00-16:00
Rainfrom northwest5°C2.1m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 22 23 24 25 26
27 28 29 30 31