11:59:34

ფირნიშები
Share |

შატილის გზა შესაძლოა 16 აპრილამდე გაიხსნას, თუშეთის გზა ისევ მაისის ბოლოს

შატილის გზა შესაძლოა 16 აპრილამდე გაიხსნას, თუშეთის გზა ისევ მაისის ბოლოსშატილთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა წელს შესაძლოა დაგეგმილზე ბევრად ადრე, 16 აპრილამდე, სააღდგომოდ გაიხსნას. როგორც „მთის ამბებს“ შპს „საგზაო 19“–ის წარმომადგენელმა ზურა არაბულმა განუცხადა, ტექნიკას დათვიჯვრის უღელტეხილამდე 3 კილომეტრიღა დარჩა გასაწმენდი.

„გზა გასულ წელს 15 მაისს გავხსენით, მაგრამ წელს ამინდი ხელს გვიწყობს და ძალიან ვცდილობთ, რომ სააღდგომოდ გავხსნათ. უღელტეხილს იქით, ვიცით, რომ 92, 93–ე და 98–ე კილომეტრებზე ზვავებია და დროს ამის გათვალისწინებით ვვარაუდობთ“, – აღნიშნა ზურა არაბულმა.

ზამთარში გზა რეგულარულად იწმინდებოდა გუდანამდე, სადაც მუდმივად 4 ოჯახიღა ცხოვრობს. გზა უკვე ღიაა სოფლებამდე – ბისო და ხახმატი.

ზურა არაბული ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამინდი არ გაუარესდა, რაც პროგნოზით მოსალოდნელი არ არის, ლებაისკარამდე და კისტანამდე გზა 10 აპრილისთვის ღია იქნება.

პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს იკეტება. უღელტეხილი ზღვის დონიდან 2676 მეტრზეა. ზამთარში ხევსურეთის სოფლებთან დაკავშირება მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. თბილისიდან ხევსურეთში თვეში ერთხელ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დაფრინავს, რომელსაც მესაზღვრეები გადაჰყავს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სასაზღვრო პოლიციასთან შეთანხმებით ადგილობრივებიც ახერხებენ გადაადგილებას. სამოქალაქო ავიარეისები ხევსურეთში იშვიათად სრულდება. ხევსურეთის ექიმის მიხეილ ჭინჭარაულის თქმით, სამოქალაქო რეისი თვეში ერთხელ მაინც რომ სრულდებოდეს, ხევსურეთში ზამთარში მეტი ხალხი დარჩებოდა და დამკვიდრდებოდა. ზამთარში შატილში 10 ოჯახი ცხოვრობს, მუცოში ერთი და ხონეშიც ორი ან სამი.

დუშეთის რაიონის სოფელ ჩინთიდან შატილამდე 97 კილომეტრია და გზის გავლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება. შატილში ასვლა მსუბუქი ავტომობილითაც არის შესაძლებელი.

რაც შეეხება თუშეთთან დამაკავშირებელ გზას, მის მოვლა–პატრონობას 2017 წლიდან 2020 წლის 1 იანვრამდე შპს „გერალი“ ახორციელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გზის მიმდინარე და პერიოდული სამუშაოებისთვის 1 236 791 ლარს უხდის. შპს „გერალის“ წარმომადგენელი ტარიელ წიკლაური ფშაველი–ომალოს გზის გახსნას 15–20 მაისისთვის ვარაუდობს. გასულ წლებშიც ამ დროს ხსნიდა ხოლმე გზას შპს „თუშეთგზა“, რომელიც თუშეთის გზის მოვლა - პატრონობას ბოლო 5 წლის განმავლობაში ახორციელებდა. კომპანიას არასაკმარისი და ძველი ტექნიკა აქვს, რომელიც მწყობრიდან ხშირად გამოდიოდა და მის შეკეთებას რამდენიმე დღე სჭირდებოდა. ბოლო წლებში როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები გზის მდგომარეობით მკვეთრად უკმაყოფილოები იყვნენ.

„33–ე კილომეტრზე ვართ, ანუ თორღვას აბანოს 3 კილომეტრით გავცდით. 5 ტრაქტორი მუშაობს, 2 რეზერვში გვაქვს. აბანოს უღელტეხილამდე 12 კილომეტრია დარჩენილი. ცოდვიანთხევში დიდი ზვავია და შემდეგ კიდევ ორგანაა ზვავი ჩამოსული. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ 56–ე კილომეტრზე, უღელტეხილს იქით, ფიცრიჭალასთან მთა არის ჩამოშლილი. ვფიქრობთ, რომ 15–20 მაისისთვის გავხსნით გზას“, – აღნიშნა ტარიელ წიკლაურმა.

აბანოს უღელტეხილი ზღვის დონიდან 2950 მეტრზეა და დიდთოვლობის გამო თუშეთის გზა 6 თვის განმავლობაში ჩაკეტილია. წელს, პრემიერ–მინისტრის დავალებით ახმეტიდან ომალოს მიმართულებით ავიარეისები დაინიშნა, რომელიც საავტომობილო გზის გახსნამდე ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. ადგილობრივებისთვის მგზავრობა უფასოა.

ომალო-ალვანის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.


ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 19.11.17
16:00-18:00
Partly cloudyfrom southeast13°C0.5m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west9°C1.0m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom southeast13°C0.6m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast14°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 10:00-16:00
Rainfrom northwest5°C2.1m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30