06:08:17

Share |

საკრებულოს წევრ ბიზნესმენს გამგეობამ მკურნალობა 500 ლარით დაუფინანსა

საკრებულოს წევრ ბიზნესმენს გამგეობამ მკურნალობა 500 ლარით დაუფინანსათელავის საკრებულოს წევრ დავით თუშიშვილს, რომელიც რამდენიმე კერძო საწარმოს დირექტორი და მეწილეა, 2015 წლის მარტში გამგეობამ მკურნალობისთვის ბიუჯეტიდან 500 ლარი ჩაურიცხა, მაშინ როდესაც, 2016 წლის ქონებრივ დეკლარაციაში თუშიშვილი მიუთითებს, რომ პირადად მას დანაზოგის სახით ჰქონდა ნაღდი ფული 25 000 ლარი, ხოლო მის მეუღლეს - 16 000 აშშ დოლარი.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოიკვლია 2015 - 2016 წლებში, კახეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირებზე, ასევე სხვა საჯარო მოსამსახურეებსა ან მათი ოჯახის წევრებზე სამედიცინო მიზნებისთვის საბიუჯეტო სახსრების გაცემის საკითხი „სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში.


კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულ პერიოდში სულ ადგილი ჰქონდა თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მკურნალობის ბიუჯეტიდან დაფინანსების 36 შემთხვევას. ამასთან, მკურნალობის თანხების გაცემა ძირითადად გამგეობისა და საკრებულოს რიგით მოხელეებზე ხდებოდა. კვლევის სრულ ვერსიას საინფორმაციო ცენტრების ქსელი ახლო მომავალში გამოაქვეყნებს.

თელავის თემის თვითმმართველობის გამგეობიდან მიღებული ოფიციალური წერილის მიხედვით, ერთადერთი შემთხვევა რეგიონში, როდესაც მკურნალობის თანხა თანამდებობის პირზე გაიცა, იყო თელავის მუნიციპალიტეტში, სადაც საკრებულოს ფრაქცია „ძლიერი მუნიციპალიტეტის“ თავმჯდომარეს დავით თუშიშვილს მკურნალობის მიზნით 500 ლარი გამოუყვეს.

ამ წერილის მიხედვით, თავდაპირველად, 2016 წლის 13 იანვარს დავით თუშიშვილს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩაურიცხეს 400 ლარი. მოგვიანებით, - იმავე წლის 5 ივლისს კი მედიკამენტების შესაძენად კიდევ 100 ლარი ჩაერიცხა, მაშინ როდესაც, ერთი კვირით ადრე იგი ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნავდა, რომ 2016 წლის 27 ივნისის მდგომარეობით მას პირადი დანაზოგის სახით ჰქონდა ნაღდი ფული 25 000 ლარის, ხოლო მის მეუღლეს - 16 000 აშშ დოლარის ოდენობით.

დავით თუშიშვილი თელავის საკრებულოს წევრი 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ პარტიული სიით გახდა. 2016 წლის ივნისიდან იგი საკრებულოში შექმნილი ახალი ფრაქციის - „ძლიერი მუნიციპალიტეტის“ თავმჯდომარეა და მისი თანამდებობრივი სარგო თვეში 1350 ლარს შეადგენს.

ამასთან, დავით თუშიშვილი და მისი მეუღლე შემოსავლებს კერძო სექტორში საქმიანობიდანაც იღებენ - ფრაქციის თავმჯდომარის მეუღლე ეკატერინე მაჭავარიანი 2014 წლიდან შპს „მომავალის“ დირექტორი და 100 % წილის მფლობელია, ხოლო თვითონ დავით თუშიშვილი - იმავე საწარმოს ფინანსური მენეჯერი. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2015 წელს დავით თუშიშვილისა და მისი მეუღლის ერთობლივი წლიური შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდან 13 400 ლარი იყო.

გარდა ამისა, ქონებრივ დეკლარაციაში ასახული არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით თუშიშვილი თანამდებობისთვის შეუთავსებელ სამეწარმეო საქმიანობას უშუალოდ ახორციელებს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, იგი დღემდე არის შპს „კადა“-ს დირექტორი და 100 % წილის მფლობელი; შპს „ქართული საცხობის“ დირექტორი და 50 % წილის მფლობელი; მასვე დირექტორის პოზიცია უკავია შპს „გლობალტვ-კახეთში“, შპს „წინანდალი-ეკოფუდში“ და სხვა; ასევე, ფლობს სხვადასხვა ოდენობით წილებს შემდეგ საწარმოებში: შპს „თელავი XXI საუკუნე“, შპს „ჭრელა 2007“, შპს „შუამთა XXI.

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს იმპერატიული ხასიათის ამკრძალავ ნორმას - თანამდებობის პირს (მათ შორის, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს) უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში (მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი).

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა დავით თუშიშვილს ჰკითხა, რატომ ითხოვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის მიზნით 500 ლარის გამოყოფა. თუშიშვილის განმარტებით, 500 ლარის დახმარება მას 2016 წელს არ მიუღია და 2015 წელს მიიღო, როცა საკრებულოს წევრი იყო, მაგრამ ფრაქციას არ ხელმძღვანელობდა და შესაბამისად, არც თანამდებობის პირი ყოფილა.

„2016 წლის 13 იანვარს გამგეობისთვის არც მიმიმართავს და არც თანხა მიმიღია. მანამდე, 2015 წლის მარტში კი ბატონო, მაგრამ მაშინ მე საჯარო მოხელე არ ვიყავი. 2016 წელს თუ ამგვარი რაღაც ფიქსირდება, ე.ი. გაყალბებულია. ძალიან მკაცრად მოვთხოვ პასუხს. დეპუტატი ვარ 2014 წლის აგვისტოს თვიდან და ამ ხნის განმავლობაში ერთადერთხელ, 2015 წელს, სავარაუდოდ მარტში მივმართე გამგეობას. მაშინ ოპერაციას ვიკეთებდი და ნაღდი ფული არ მიმიღია. 500 ლარიანი თანადაფინანსება გამიკეთეს ოპერაციასთან დაკავშირებით. თუ დადასტურდება, რომ 2016 წელს ჩემ სახელზეა გაწერილი რაღაც თანხა და ვიღაცამ ხელი მოითბო ამით, კრიმინალია ეს და თუ საჭირო გახდება, პროკურატურასაც მივმართავ“, – განუცხადა დავით თუშიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

რატომ დააფინანსა გამგეობამ სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამიდან 500 ლარით საკრებულოს წევრი დავით თუშიშვილი, რომელიც არაერთი წელია სამეწარმეო საქმიანობას ეწევა და შემოსავალიც აქვს, ამ კითხვით თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე შათირიშვილს მივმართეთ.

„ჩვენ პროგრამაში არ გვავქვს გათვლილი ვის რამდენი აქვს ქონებრივი დეკლარაციით, ვის რა სამსახური აქვს, მაგის მიხედვით არ ვარჩევთ ადამიანებს. კომისია განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას რაღაც თანხაზე. ფაქტობრივად უარს არავის ვეუბნებით. უბრალოდ თანხის მაქსიმალური რაოდენობა 500 ლარია“, – განაცხადა გამგებელმა.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

სტატია გამოსაქვეყნებლად მზად იყო, როცა თელავის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა ტელეფონით გვაცნობა, რომ დავით თუშიშვილს 500 ლარი 2016 წელს არ მიუღია, იგი საკრებულოს სხვა წევრმა გია გორთამაშვილმა მიიღო.


ფირნიშები

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 01.05.17
10:00-12:00
Clear skyfrom north18°C0.8m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.6m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Light rainfrom east21°C2.0m/s
0.6mm
ოთხშაბათი 03.05.17 12:00-18:00
Rainfrom north14°C1.4m/s
2.5mm
ხუთშაბათი 04.05.17 10:00-16:00
Cloudyfrom northwest16°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 24 25 26
27 28