15:57:57

Share |

გამგებელმა რამდენიმე თანამშრომელს გოგირდის აბანოები და ცხვირის ოპერაცია ბიუჯეტიდან დაუფინანსა

გამგებელმა რამდენიმე თანამშრომელს გოგირდის აბანოები და ცხვირის ოპერაცია ბიუჯეტიდან დაუფინანსადუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროსს ბალნეოლოგიური თერაპია (გოგირდის აბანოები და სამკურნალო ტალახი), სოციალური სამსახურის მოხელეს და მის შვილს, - წონის რეგულირებასთან დაკავშირებული ანალიზები, საკრებულოს მთავარ სპეციალისტს - ცხვირის ძგიდის გასწორების ოპერაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაუფინანსა.

დუშეთის მუნიციპალიტეტში აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად საჯარო რესურსების გაფლანგვისა და უყაირათოდ ხარჯვის არაერთი ფაქტი გამოვლინდა. რამდენიმე მათგანი აშკარად შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო თუ სხვა დანაშაულის ნიშნებს.

გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საჯარო მოხელეებზე უკანონოდ იქნა გაცემული სამკურნალო თანხები, - ჯამში 2 800 ლარი. მათ შორის, საფინანსო სამსახურის განყოფილების ყოფილი უფროსის ირაკლი წიკლაურისთვის (იგი ამჟამად გამგებლის მრჩეველია) დაფინანსებულია ანალიზები და ბალნეოლოგიური თერაპია (გოგირდის აბანოები და სამკურნალო ტალახი) - 494 ლარი, ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის მთავარ სპეციალისტს თამილა ნადირაშვილს და მის შვილს ანი ნათელაშვილს, - წონის რეგულირებასთან დაკავშირებული ანალიზებზე - 740 ლარი, საკრებულოს მთავარ სპეციალისტს ეკა აფციაურს - ცხვირის ძგიდის გასწორების ოპერაციაზე - 584 ლარი, იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტს ლაშა სალბიშვილს - თვალის მიკროქირურგიული მკურნალობისთვის გადაერიცხა 518 ლარი და სხვა.

აუდიტორული შემოწმების მასალებში აღნიშნული ზოგიერთი დარღვევა, სახელმწიფო შესყიდვებში და სოციალური პროგრამის თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ნაწილში, მანამდეც იქნა გამოვლენილი დუშეთის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, თუმცა ამას შედეგად სამსახურის მაშინდელი უფროსის პაატა მიღდისელის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა. მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 24 ივლისის №713 ბრძანებაში პაატა მიღდისელის გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად მითითებულია სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება. პაატა მიღდისელმა სამსახურში აღდგენის მოთხოვნით დავა დაიწყო, თუმცა მალევე სასამართლოდან სარჩელი უკან გაიხმო.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმების ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტი 2014-2015 წლების პერიოდს მოიცავს.

აუდიტის დასკვნაში მითითებული ძირითადი ხარვეზებისა და კანონდარღვევების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

- 2013-2014 წლებში დუშეთის ხევის კალაპოტის გამაგრების სამუშაოებში მუნიციპალიტეტმა შპს „მშენებელი XXI+“-ს გადაადა 869 400 ლარი, მშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია და გამოსულია მწყობრიდან. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის მიხედვით, უხარისხო იყო როგორც ხევის გამაგრების პროექტი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 21 400 ლარი, ასევე მიმწოდებლის მიერ შესრულებული ბეტონის სამუშაოები, რაშიც გადახდილია 323 700 ლარი.

„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2015 წელს შედგენილი დასკვნის მიხედვით, ქ. დუშეთში, იოსელიანისა და რაზიკაშვილის ქუჩებზე შპს „ინჟინერის“ მიერ შესრულებული სამუშაო იყო უხარისხო. მიუხედავად ამისა, გამგეობამ მაინც ჩაიბარა ობიექტები, სადაც ჯამში გადახდილია 387 200 ლარი.

ამასთან, იოსელიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე შემსრულებელს დაუსაბუთებლად გადაუწიეს მიწოდების ვადები, რის შედეგადაც მას არ დაეკისრა ჯარიმა 20 500 ლარის ოდენობით, ასევე სამუშაოები ჩაბარდა 118 დღიანი დაგვიანებით და შემსრულებელს დამატებით უნდა დარიცხვოდა 14 000 ლარი, ასევე 2015 წლის 13 აგვისტოდან არ დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 180 ლარის ოდენობით.

რაზიკაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტმა შემსრულებელს დაუსაბუთებლად გადაუწია მიწოდების ვადები, რის შედეგადაც მას არ დაეკისრა ჯარიმა 22 800 ლარის ოდენობით, ასევე 2015 წლის 1 სექტემბრიდან არ დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 239 ლარის ოდენობით.

2014 წელს დაბა ფასანაურში ნაპირსამაგრ სამუშაოებზე შპს „გუმბათი 7“-ს სრულად აუნაზღაურდა შესრულებული სამუშაოების ღირებულება, - ჯამში 367 300 ლარი, მიუხედავად იმისა, რომ მან უარი განაცხადა შესრულებული ბეტონის სამუშაოების ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენაზე. მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის მიუხედავად, გამგეობამ არ გამოიყენა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რის შედეგადაც დაკარგა 38 000 ლარის მიღების შესაძლებლობა.

2015 წელს ახატანი-ბიწმენდის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მიმწოდებელმა - შპს „ინჟინერმა“ სრულად არ შეასრულა დემონტირებული მასალის გატანისა და გზის სავალი ნაწილის გვერდულების მოწყობის სამუშაო, რაშიც ჯამში გადახდილია 49 300 ლარი. გარდა ამისა, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევისათვის ფირმას არ დაერიცხა ჯარიმა, რომლის ოდენობაც 40 900 ლარს შეადგენდა.

დუშეთის ხევის კალაპოტის გამაგრების სამუშაოების უხარისხოდ შესრულების მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რის გამოც დაკარგა 88 500 ლარის მიღების შესაძლებლობა.

2015 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი ოშპიტლის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, სავარაუდო ღირებულებით 130 700 ლარი. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ტექსერვისი“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება საერთო ღირებულებით 118 500 ლარი. ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა უკვე არსებული ხიდის გაფართოვება მისი დემონტაჟისა და გზის გადაკეტვის გარეშე. საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებულია ის მანქანა-მექანიზმები, რომელთა გამოყენების შემთხვევაში შემსრულებელი ჩაატარებდა რეკონსტრუქციის სამუშაოებს ხიდის გადაკეტვისა და ალტერნატიული გზის მოწყობის გარეშე. 2015 წლის 4 ნოემბერს პროექტში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა მოსახლეობისთვის ალტერნატიული ხიდისა და ნაგებობამდე მისასვლელი გზის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება, ჯამში 12 300 ლარი, მოაკლდა ოშპიტლის ხიდის გაფართოების სამუშაოებს -კერძოდ, შემცირდა გამოსაყენებელი ლითონის მოცულობა. შემოწმებით გამოვლინდა, რომ ცვლილება გამოწვეული იყო არა ობიექტური საჭიროებით, არამედ იმით, რომ მიმწოდებელ ფირმას არ გააჩნდა არსებული პროექტით ხიდის გაკეთების რესურსი, კერძოდ, ფირმამ ვერ მოახერხა მშენებლობისთვის საჭირო ყველა მასალის შესყიდვა. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ხელშეკრულების კორექტირების ობიექტურ საფუძვლად ვერ ჩაითვლება.

2014-2015 წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გაფორმებული 382 ხელშეკრულების ფარგლებში შეისყიდა 3 533 100 ლარის სამშენებლო სამუშაოები, რომელთა ღირებულების ანაზღაურება არ მომხდარა ფაქტობრივი დანახარჯების გათვალისწინებით.

2015 წელს ხევის კალაპოტის გაწმენდა-დაღრმავების, დამბური ტიპის მიწაყრილის, გაბიონებისა და ხიდ-ბოგირის მოწყობის სამუშაოების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის მიმწოდებელს არ დაერიცხა პირგასამტეხლო, რის გამოც მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო 85 400 ლარი.

2014 წლის 30 სექტემბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტმა გააფორმა ორი ხელშეკრულება. სამუშაოების მიმდინარეობისას შემსრულებელს დაუსაბუთებლად გაეზარდა მიწოდების ვადა, რის გამოც შემსრულებელ ფირმას არ დაეკისრა პირგასამტეხლო 39 400 ლარის ოდენობით.

2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტს ყველა სამშენებლო სამუშაოზე შესყიდული აქვს შესაბამისი ტექნიკური ზედამხედველობა, რაშიც ჯამში გადახდილია 71 000 ლარი. არც ერთ შესწავლილ შემთხვევაში ტექნიკურ ზედამხედველებს სრულად არ აქვთ შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა მიმწოდებლებზე თანხები სრულად არის ანაზღაურებული.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 59 600 ლარი დღგ-ის სახით ანაზღაურებულია ისეთი მიმწოდებლებისთვის, რომლებიც არ არიან აღნიშნული გადასახადის გადამხდელები.

2014 წელს მუნიციპალიტეტის მიერ მიმწოდებლებზე დარიცხულმა და ამოუღებელმა ჯარიმებმა 7 100 ლარი (სულ მისაღები ჯარიმის 50%), ხოლო 2015 წელს - 41 500 ლარი (სულ მისაღები ჯარიმის 89%) შეადგინა.

2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენაში ჯამში გადახდილია 514 200 ლარი. შესყიდული პროექტების თითქმის ნახევარს ექსპერტიზა ჩაუტარა საპროექტო ფირმასთან დაკავშირებულმა მხარემ.

2014 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად მთლიანობაში გამოვლინდა 21 900 ლარის დანაკლისი, მათ შორის, 18 400 ლარი შემოსავლების სამსახურის მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული სხვადასხვა დასახელების ფასეულობებია.

2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ საიჯარო ქირის სახით მიუღებელმა შემოსავლებმა შეადგინა 51 600 ლარი და 2 800 აშშ დოლარი.

საკრებულოს არაანაზღაურებად დეპუტატებზე ხარჯების ანაზღაურების მიზნით 2014-2015 წლებში სულ გაცემულია 128 700 ლარი. აღსანიშნავია, რომ ყველა არაანაზღაურებად დეპუტატს სადღესასწაულო დღეებში დამატებით მიღებული აქვს 32 000 ათასი ლარი დახმარების სახით.

2014-2015 წლებში გამგებლის მიერ სამსახურიდან კანონის დარღვევით გათავისუფლებულ 3 საჯარო მოსამსახურეს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, განაცდურისა და კომპენსაციის სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან აუნაზღაურდათ 69 700 ლარი.

აუდიტის შემოწმების მასალებში ასევე ნათქვამია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2014-2015 წლებში საკრებულოსა და გამგეობაში, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე გაწეულია მთლიანი ხარჯების 57%.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მითითებული არ არის გადაეგზავნა თუ არა იგი შემდგომი რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოებს. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური სახის კანონდარღვევის ჩადენის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2016 წლის თებერვალში ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე დააკავა.

ამ საკითხებზე საინფორმაციო ცენტრების ქსელი მუშაობას აგრძელებს.



ფირნიშები

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
20:00-00:00
Clear skyNNW3°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 12:00-18:00
Clear skyNNW10°C2.8m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 12:00-18:00
Clear skyfrom east9°C2.5m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom northeast11°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
27 28 29 30 31