17:17:14

ფირნიშები
Share |

3 მილიონამდე პრემია – დანამატები კახეთის გამგეობებში 2015-2016 წლებში

3 მილიონამდე პრემია – დანამატები კახეთის გამგეობებში 2015-2016 წლებში2015 – 2016 წლებში კახეთის გამგეობებში პრემია – დანამატების სახით 3 მილიონამდე ლარი გაიცა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მოკვლევის შედეგად გამოირკვა, რომ ყველაზე მეტ პრემია-დანამატებს თანამდებობის პირები ქალაქ თელავის მერიასა და ახმეტის გამგეობაში იღებენ.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა 1–ელ სექტემბერს კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია გამგეობების (მერიის) ცალკეულ თანამდებობის პირებზე და სხვა საჯარო მოხელეებზე 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემული პრემიების და დანამატების შესახებ.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პრემია ფულად წახალისებას გულისხმობს და მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შეიძლება გაიცეს (სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულება; ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახური, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულება), ხოლო დანამატი მოიცავს არასამუშაო საათებში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში ზეგანაკვეთური მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს.

მუნიციპალიტეტების გამგეობებიდან (მერიიდან) ინფორმაცია მოთხოვნილ იქნა შემდეგ საკითხებზე:

1) 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე რა ოდენობის თანხა იქნა გაცემული პრემიის და დანამატის სახით მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებზე; გთხოვთ თითოეულ შემთხვევაში პერსონალურად მიუთითოთ: თანამდებობის პირის ვინაობა და დაკავებული თანამდებობის დასახელება; პრემიის (დანამატის) ოდენობა და გაცემის თარიღი; პრემიის (დანამატის) გაცემის სამართლებრივი საფუძველი;

2) 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე რა ოდენობის თანხა იქნა გაცემული პრემიის და დანამატის სახით მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეებზე; გთხოვთ, მიუთითოთ გაცემული პრემიისა და დანამატის ჯამური ოდენობა (ცალ-ცალკე) გამგეობის/მერიის ცალკეული სამსახურების მიხედვით, პრემიის და დანამატის გაცემის თარიღი; პრემიის (დანამატის) გაცემის სამართლებრივი საფუძველი.

ინფორმაცია კანონით დადგენილ მაქსიმალურ, 10-დღიან ვადაში მოგვაწოდეს გურჯაანის, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის გამგეობებმა.

განცხადების კითხვარის შესაბამისად ზუსტი ინფორმაცია მივიღეთ მხოლოდ გურჯაანისა და საგარეჯოს გამგეობებიდან. დანარჩენ შემთხვევაში საჯარო მოხელეებზე გაცემული პრემია-დანამატების ოდენობა მითითებულია მხოლოდ ჯამური თანხით. ამასთან, მუნიციპალიტეტების ნაწილმა ცალ-ცალკე არ მიუთითა გაცემული პრემიებისა და დანამატების ოდენობა, ასევე მათი გაცემის სამართლებრივი საფუძვლები (ახმეტის გამგეობა, ქალაქ თელავის მერია). გარდა ამისა, ქალაქ თელავის მერიამ წერილობით ინფორმაციაში პერსონალურად არ ასახა კონკრეტული თანამდებობის პირებისა და ცალკეული სამსახურების მოხელეთა მიერ მიღებული თანხის ჯამური ოდენობები. 

აღსანიშნავია, რომ საჯარო ინფორმაცია მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ გასცა ახმეტის გამგეობამ. პასუხი ამ დაწესებულებიდან მივიღეთ 2016 წლის 11 ნოემბერს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გამგეობიდან გამოგზავნილი წერილი დათარიღებულია 14 სექტემბრით და რეგისტრაციაშიც იმავე დღეს არის გატარებული.

 

პრემიებისა და დანამატების ჯამური ოდენობა 2015-2016 წლებში

კახეთის რეგიონის ცალკეული მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ დაწესებულებებში (გამგეობა/მერია) 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემული პრემიებისა და დანამატების ჯამური ოდენობა ასე გამოიყურება:

თელავის (თემი) გამგეობა - 624 707 ლარი;

გურჯაანის გამგეობა - 368 937 ლარი;

სიღნაღის გამგეობა - 344 204 ლარი;

ყვარლის გამგეობა - 342 150 ლარი;

ქ. თელავის მერია - 329 400 ლარი;

ახმეტის გამგეობა - 297 690 ლარი;

საგარეჯოს გამგეობა - 297 330 ლარი;

დედოფლისწყაროს გამგეობა - 280 413 ლარი;

ლაგოდეხის გამგეობა - 267 510 ლარი.

საერთო ჯამში კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და ქალაქ თელავის მერიაში თანამდებობის პირებსა და სხვა მოხელეებზე 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ პრემია-დანამატების სახით გაცემულია 2 822 941 ლარი.

 

თანამდებობის პირების პრემიები და დანამატების ჯამური ოდენობა

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის თანამდებობის პირები არიან: გამგებელი/მერი, მათი პირველი მოადგილე და მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) ხელმძღვანელები.

მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციების შესაბამისად, 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ თანამდებობის პირებზე გაცემულია შემდეგი ოდენობის პრემია და დანამატი:

ქალაქ თელავის მერია - 108 000 ლარი (32,8 %);

ახმეტის გამგეობა - 81 550 ლარი (27,4 %);

თელავის (თემი) გამგეობა - 81 010 ლარი (12,9 %);

სიღნაღის გამგეობა - 72 750 ლარი (21,1 %);

ყვარლის გამგეობა - 71 550 ლარი (20,9 %);

გურჯაანის გამგეობა - 56 525 ლარი (15,3 %);

დედოფლისწყაროს გამგეობა - 55 000 ლარი (19,6 %);

ლაგოდეხის გამგეობა - 46 950 ლარი (17,5 %);

საგარეჯოს გამგეობა - 41 050 ლარი (13,8 %).

პროცენტული თანაფარდობის თვალსაზრისით, ყველაზე მეტ პრემია-დანამატებს თანამდებობის პირები იღებენ ქალაქ თელავის მერიასა (32,8 %) და ახმეტის გამგეობაში (27,4 %), ყველაზე ნაკლებს კი თელავის გამგეობასა (12,9 %) და საგარეჯოს გამგეობაში (13,8 %).

 

დანამატების გაცემის პრაქტიკა

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კახეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, თანამდებობის პირებსა და სხვა მოხელეებზე ძირითადად გაიცემა პრემიები, რომელთა გაცემაც თითქმის ყველა შემთხვევაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ხდება სადღესასწაულო თარიღებთან დაკავშირებით (ახალი წელი, აღდგომა, მარიამობა, გიორგობა, ნათლისღება) და, როგორც წესი, საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა საჯარო მოსამსახურეზე.

რაც შეეხება დანამატებს, მისი ხვედრითი წილი შედარებით უმნიშვნელოა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დანამატების გაცემის შემთხვევას ადგილი საერთოდ არ ჰქონია (გურჯაანი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო), ხოლო სიღნაღის გამგეობაში დანამატი არ გაცემულა თანამდებობის პირებზე.

დანამატების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გასცეს ახმეტის გამგეობამ და ქალაქ თელავის მერიამ.

სხვა მუნიციპალიტეტებში კი დანამატის სახით გაცემულია შემდეგი ოდენობის თანხა:

თელავის (თემის) გამგეობა - 35 822 ლარი (მათ შორის, თანამდებობის პირებზე - 19 000 ლარი);

ყვარლის გამგეობა - 10 450 ლარი (მათ შორის, თანამდებობის პირებზე - 250 ლარი).

 

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების პრემიები და დანამატები

კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2650 ლარს. გამონაკლისია მხოლოდ დედოფლისწყარო, სადაც გამგებლის ხელფასი განსაზღვრულია 2500 ლარით. ქალაქ თელავის მერის თანამდებობრივი სარგოს ოდენობაა 2750 ლარი.

ცალკეული მუნიციპალიტეტების გამგებლების მიერ 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ მიღებული პრემიების ჯამური ოდენობა ასეთია:

დავით ჯანიკაშვილი (სიღნაღი) - 13 250 ლარი (პრემია);

ილია მზექალაშვილი (ყვარელი) - 12 720 ლარი (პრემია);

ალექსანდრე შათირიშვილი (თელავის თემი) - 10 600 ლარი (პრემია და დანამატი);

ნიკოლოზ ჯანიაშვილი (დედოფლისწყარო) - 10 000 ლარი (პრემია);

გივი გერგიძე (გურჯაანი) - 9275 ლარი (პრემია);

ბექა ბაიდაური (ახმეტა) - 7 950 ლარი (პრემია);

კარლო ჯამბურია (ლაგოდეხი) - 7 950 ლარი (პრემია);

გიორგი გზირიშვილი (საგარეჯო) - 7 950 ლარი (პრემია).

ქალაქ თელავის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში მერის პლატონ კალმახელიძის მიერ მიღებული პრემიის და დანამატის ოდენობა პერსონალურად არ არის მითითებული. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესაბამისად, მარტო 2015 წლის განმავლობაში პლატონ კალმახელიძის მიერ მიღებული პრემია-დანამატის ოდენობამ 8 250 ლარი შეადგინა.

 

სხვა თანამდებობის პირების პრემიები და დანამატები

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა ყველაზე მეტი პრემია და დანამატი, კახეთის რეგიონში, ახმეტასა და თელავში მიიღეს.

ახმეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ვანო ნასყიდაშვილმა პრემია-დანამატის სახით მიიღო 14 800 ლარი, თელავის გამგებლის პირველმა მოადგილემ დავით ნაპირელმა - 12 350 ლარი. 10 400 ლარის პრემია-დანამატი აქვს მიღებული ახმეტის გამგებლის მოადგილეს დავით ფოცხვერიშვილს, ხოლო იმავე გამგებლის კიდევ ერთ მოადგილეს თამაზ ქავთარაშვილს - 9750 ლარი. თელავის გამგებლის მოადგილემ ზურაბ სვიმონიშვილმა 8 450 ლარის ოდენობით პრემია და დანამატი მიიღო.

ყვარლის გამგებლის პირველმა მოადგილემ ოთარ ბუჯიაშვილმა და გამგებლის მოადგილე მალხაზ ხიზანიშვილმა მიიღეს 7540 ლარი პრემია, ხოლო იმავე გამგებლის მოადგილემ ქეთევან ზაუტაშვილმა - 6625 ლარი;

6500 ლარის ოდენობით პრემიები მიიღეს გურჯაანის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყვირალაშვილმა, ასევე სიღნაღისა და დედოფლისწყაროს გამგებლების ყველა მოადგილემ;

გურჯაანის გამგებლის მოადგილეს დიმიტრი კალატოზიშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 5825 ლარი; ლაგოდეხის გამგებლის პირველ მოადგილეს გიორგი ბოკერიას - 5200 ლარი.

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ნაწილობრივ მოხერხდა ქალაქ თელავის მერის მოადგილეების მიერ მიღებული პრემია-დანამატების ოდენობის დადგენა. გამოირკვა, რომ მხოლოდ 2015 წელს მერის მოადგილემ ლევან ლილუაშვილმა მიიღო 9128 ლარი, მერის პირველმა მოადგილემ თენგიზ მთვარელიშვილმა - 7500 ლარი, ხოლო მოადგილე ალექსანდრე საჩიშვილმა - 6600 ლარი.

გამგებლის მოადგილეებზე ყველა მცირე ოდენობის პრემია - თითოეულზე 3900 ლარი, - გაცემულია საგარეჯოს გამგეობაში.

სამსახურის უფროსების წახალისების პრაქტიკა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში არაერთგვაროვანია. მუნიციპალიტეტების ერთი ნაწილი ამ თანამდებობის პირთა პრემირებას ახორციელებს „თანაბრობის პრინციპით“. მაგალითად, დედოფლისწყაროში ყველა სამსახურის უფროსს პრემიის სახით მიღებული აქვს 6000 ლარი, სიღნაღში - 5000 ლარი, საგარეჯოში - 3000 ლარი.

განსხვავებული ტენდენცია შეინიშნება სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც ზოგიერთი სამსახურის ხელმძღვანელები სხვებთან შედარებით გაცილებით მეტ პრემია-დანამატებს იღებენ.

ამ თვალსაზრისით ყველაზე კონტრასტული ვითარებაა ახმეტის გამგეობაში. მაგალითად, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ქორეულაშვილმა მიიღო პრემია-დანამატი 7000 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსს ნათელა ექვთიმიშვილს მხოლოდ 2050 ლარი აქვს მიღებული.

სტრუქტურული ერთეულის ხელმღვანელთა შორის, მთლიანად კახეთის რეგიონის მასშტაბით, ყველაზე მეტი პრემია და დანამატი მიღებული აქვს თელავის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს მიხეილ შაშიაშვილს - 9500 ლარი, საიდანაც დანამატის თანხა შეადგენს 3500 ლარს. იმავე გამგეობაში 7725 ლარი მიიღო ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო აფციაურმა (აქედან დანამატია 3500 ლარი).

ამ შემთხვევაშიც ქონებრივი დეკლარაციების შესაბამისად იქნა დადგენილი ქალაქ თელავის მერიის სამსახურის უფროსების მიერ მიღებული პრემია-დანამატების ოდენობა. 2015 წელს ყველაზე მეტი თანხა მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი კიკნაძემ მიიღო - 8940 ლარი, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნათია ვაყელიშვილმა - 7206 ლარი. 4470 ლარი მიიღეს ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ალექსი აგურაშვილმა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა ვახტანგ პაატაშვილმა. სხვა სამსახურების ხელმძღვანელებს მიღებული აქვთ შედარებით ნაკლები ოდენობით პრემია-დანამატი.


ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 18.11.17
21:00-00:00
Fairfrom west-southwest6°C1.6m/s
0mm
კვირა 19.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east13°C0.2m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southwest12°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ნოემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30