04:40:32

ფირნიშები
Share |

პაატა ბატიაშვილის კლანი კახეთში – გუბერნატორის მოადგილედ ირაკლი შიოშვილი ინიშნება

სახალხო დამცველი – ყვარლის ავარულ სოფლებში გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა დადასტურდა

კახეთის გუბერნატორის მოადგილედ ირაკლი შიოშვილი ინიშნება. შიოშვილი „ბილაინის“ კახეთის რეგიონულ ოფისში მუშაობდა, ამჟამად კი ღვინისა და ტურიზმის ბიზნესშია ჩართული. იგი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ირმა შიოშვილის ძმაა, ორივეს ერთად კი, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს) დირექტორის ყოფილი მოადგილე პაატა ბატიაშვილი ლობირებს, რომელიც ამჟამად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსია.

პაატა ბატიაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად 2016 წლის აგვისტოდან მუშაობს. მანამდე ის სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა. 2012-2015 წლებში ბატიაშვილი შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო 2015 წლიდან 2016 წლის აგვისტომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილია, რომ და–ძმა ირმა და ირაკლი შიოშვილები პაატა ბატიაშვილთან მეგობრობენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, პაატა ბატიაშვილსა და ირაკლი შიოშვილს საერთო ბიზნესიც აქვთ.

ვებგვერდზე http://shiocellar.ge მითითებულია, რომ ირაკლი შიოშვილი შპს „შიოს მარანის“ აღმასრულებელი დირექტორია. კომპანიის საქმიანობის სფერო ღვინისა და კონიაკის წარმოებაა. კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ირაკლი შიოშვილმა განაცხადა, რომ კომპანიას ამ დროისთვის საქმიანობა შეჩერებული აქვს. მისი თქმით, ამჟამად „შიო თრეველს“ ხელმძღვანელობს, რომლის საქმიანობის სფეროც ტურიზმია.

გუბერნატორის ადმინისტრაციაში წარდგენილი CV–ის მიხედვით, ირაკლი შიოშვილი საქართველო – რუსეთის მოქალაქეა. პროფესიით იურისტი და ინჟინერ – ტექნოლოგია. 1992 წელს მუშაობდა აშშ–ში კორპორაცია „L&K“ გაყიდვების მენეჯერად; სხვადასხვა დროს მუშაობდა თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების სხვადასხვა სამსახურებში; იყო შპს „მადლის“ გენერალური დირექტორი; რუსეთში ჰოლდინგი „სიფ-ტრეიდის“რეგიონალური დირექტორი; 1999–2000 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოება „დავით სარაჯიშვილი და ენისელის“ ჯერ წარმოების, ხოლო შემდეგ აღმასრულებელ დირექტორად; 2000–2005 წლებში იყო რუსეთში შპს „რუსსკაია უსადბას“ რეგიონალური დირექტორი; 2007–2009 წლებში ტელევიზია „გლობალ თი ვის“ გენერალური დირექტორი; 2009–2010 წლებში შპს „ქართული ლიმონათის“ გენერალური დირექტორი; 2010-2013 წლებში ხელმძღვანელობდა სამთავრობათაშორისო საქართველო-ბელარუსიის სავაჭრო-ეკონომიკური სააგენტოს პროექტს; 2014–2016 წლებში იყო „ბილაინის“ კახეთის რეგიონული ფილიალის დირექტორი.

კითხვაზე, რა ურთიერთობა აქვს პაატა ბატიაშვილთან, ირაკლი შიოშვილი განმარტავს:

„პაატა ბატიაშვილთან, როგორც სხვა თელაველებთან მაქვს ურთიერთობა, ზოგი კლასელია, ზოგი მეგობარია და ა.შ. პაატა ჩემი მეგობარია, საერთო სამეგობრო წრე გვყვავს.

- მისი დახმარებით არ ხდება თქვენი თანამდებობაზე დანიშვნა?

- არანაირად. პაატა ბატიაშვილმა მე მგონი არც იცის“.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ირაკლი შიოშვილს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ბიზნესპროექტების წარმატებით განხორციელებაში. „მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ კახეთში უნდა მოხდეს საინვესტიციო კლიმატის მაქსიმალური ხელშეწყობა. ეს მთავრობის ერთ–ერთი ამოცანაა და ჩვენც, გუბერნიამ ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღებასა და გააქტიურებას. ირაკლი სარგებლობს ნორმალური ავტორიტეტით.

- ირაკლი შიოშვილი უკვე დაინიშნა თქვენს მოადგილედ?

- ბრძანება გამოიცემა ახლა, მიმდინარეობს პროცედურები.

- ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ირაკლი შიოშვილი თანამდებობაზე პაატა ბატიაშვილის ლობირების შედეგად ინიშნება.

- ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას. მე პირადად არც კი ვიცნობ პაატა ბატიაშვილს, აქამდე არ მქონია ამ ადამიანთან ურთიერთობა და კონტაქტი. ირაკლი შიოშვილთან მე ჩემი ძიების შედეგად მივედი. პაატა ბატიაშვილს მონაწილეობა არც პირდაპირ და არც ირიბად ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიუღია. რაც შეეხება სხვა საკადრო ცვლილებებს, ჯერ ამ ცვლილებას განვახორციელებ და მერე ნაბიჯ – ნაბიჯ, როგორც საქმე გვიჩვენებს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

და – ძმა შიოშვილებს პაატა ბატიაშვილი რომ ლობირებთ, ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს, საჯარო სამსახურში დასაქმებულმა არაერთმა თანამდებობის პირმა დაუდასტურა, მათ შორის კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაშიც.

ერთ–ერთ ფაქტად კი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები შეგვახსენეს.

2013 წლის ნოემბერში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობდა, მათ შორის იყო ირმა შიოშვილიც. კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე, რექტორობის კანდიდატებმა დავით მახაშვილმა, ელიზბარ ელიზბარაშვილმა, გელა ყიფიანმა და დარეჯან მაისურაძემ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. გელა ყიფიანმა დარბაზშივე განაცხადა, რომ მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიაკითხეს და კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვეს. რექტორის არჩევნებში 3 ხმით ავთანდილ ღელაღუტაშვილმა გაიმარჯვა, 2 ხმა კი ირმა შიოშვილმა მიიღო.

არჩევნების შემდეგ რექტორობის ყოფილი კანდიდატი გელა ყიფიანი განათლების მინისტრთან შეხვედრასაც ითხოვდა. მინისტრი მას არ შეხვდა და შეხვედრა მამუკა ბერიაშვილთან შედგა, რომელიც სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მამუკა ბერიაშვილთან შეხვედრისას გელა ყიფიანმა განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა სუს–ის დირექტორის მოადგილის პაატა ბატიაშვილის მხრიდან იმ მიზნით, რომ რექტორის არჩევნებში კანდიდატურა მოეხსნა. გელა ყიფინი ამ დროისთვის აღნიშნულ ფაქტებზე საუბრისგან თავს იკავებს.

ავთანდილ ღელაღუტაშვილი, რომელმაც 2013 წელს რექტორის არჩევნებში გაიმარჯვა, ამბობს, რომ ირმა შიოშვილი და მისი ლობისტები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ყიფიანის, მახაშვილის და სხვების მიერ კანდიდატურების მოხსნის შემდეგ, არჩევნებში ირმა შიოშვილი გაიმარჯვებდა.

„არჩევნებამდე, ჩემთან, სახლში რამდენჯერმე მოვიდა ირმა შიოშვილი და მითხრა, რომ რექტორად მისი არჩევის საკითხი შეთანხმებული იყო განათლების მინისტრთან. მთხოვა, რომ კანდიდატურა მომეხსნა. მე უარი ვუთხარი. მერე კიდევ შემხვდა და მითხრა, რომ უკვე პრემიერთან იყო საკითხი შეთანხმებული. მე მაინც არ მოვხსენი კანდიდატურა. ბოლოს დარწმუნებულები იყვნენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვებდნენ, მაგრამ ერთი ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი“, – ამბობს ავთანდილ ღელაღუტაშვილი.

ღელაღუტაშვილი რექტორად 4 წლის ვადით აირჩიეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ, 2014 წლის დეკემბერში, აკადემიურმა საბჭომ, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე უნივერსიტეტის რექტორს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ ავთანდილ ღელაღუტაშვილს 2009 წელს სადოქტორო დიპლომი კანონის დარღვევით ჰქონდა მიღებული. კანონის თანახმად კი პირი, რომელსაც დოქტორის აკადემიური ხარისხი არ აქვს, უმაღლესი სასწავლებლის რექტორი ვერ იქნება.

ღელაღუტაშვილის გათავისუფლების შემდეგ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირმა შიოშვილი გახდა.

ავთანდილ ღელაღუტაშვილმა მისითვის რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა სასამართლოში გაასაჩივრა.

2015 წლის მარტში, უნივერსიტეტის რექტორად ირმა შიოშვილი აირჩიეს.

2015 წლის ოქტომბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ავთანდილ ღელაღუტაშვილს აკადემიურმა საბჭომ რექტორის უფლებამოსილება შეუწყვიტა. განათლების ეროვნულ ცენტრს საკითხის სრულყოფილი გამოკვლევა და ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ და უნივერსიტეტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა, რის შემდეგაც სამინისტრომ და უნივერსიტეტმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს. უზენაესი სასამართლოს სპიკერმა ნათია ჯუღელმა გვითხრა, რომ ორივე სარჩელს ხარვეზი დაუდგინდა და კასატორებს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა აქვთ მიცემული. უზენაესი სასამართლო ამის შემდეგ გადაწყვეტს საკასაციო სარჩელები განიხილოს თუ დაუშვებლად ცნოს.

უნდა აღინიშნოს, რომ თელავში პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟის“ დირექტორია ირმა შიოშვილის ქმარი, კონსტანტინე დოლიძე.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პაატა ბატიაშვილის კლანის წევრია პაატა გიორგობინიაც, რომელიც თელავის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა. პაატა გიორგობიანი აქტიურად ეხმარებოდა ბატიაშვილს, რომლის კანდიდატურაც განიხილებოდა თელავში, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად „ქართული ოცნებიდან“. ამ მიზეზით, ირაკლი სესიაშვილმა, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ შეაჩერა არჩევანი თელავში კენჭისყრის მიზნით, პაატა გიორგობიანი აქტიურად აღარ ჩართო წინასაარჩევნო პროცესებში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ამ საკითხებზე თავისი პოზიციის დაფიქსირება პაატა ბატიაშვილსაც შესთავაზა გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საშუალებით. თუ ბატიაშვილი განმარტებას გააკეთებს, ჩვენ მას აუცილებლად გამოვაქვეყნებთ.

გელა მთივლიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი


ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 23.07.17
09:00-12:00
Clear skyfrom north-northeast26°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast29°C2.5m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom north29°C3.4m/s
0mm
ორშაბათი 24.07.17 12:00-18:00
Fairfrom east28°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 25.07.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast25°C1.7m/s
0mm
ოთხშაბათი 26.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east27°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ნოემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30