11:26:44

ფირნიშები
Share |

რაში იღებს კახეთის საოლქო პროკურორი პრეზიდენტსა და პრემიერზე ბევრად მაღალ გასამრჯელოს

კახეთის საოლქო პროკურორი პრეზიდენტსა და პრემიერზე ბევრად მაღალ გასამრჯელოს იღებსკახეთის საოლქო პროკურორის ვაჟა ფანოზიშვილის წლიური გასამრჯელო 100 000 ლარზე მეტია. ეს თანხა მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და უკლებლივ ყველა მინისტრის თანამდებობრივ სარგოს.  კახეთის საოლქო პროკურორად ვაჟა ფანოზიშვილის მუშაობის პერიოდში, რეგიონში ათეულობით მძიმე დანაშაული მოხდა, მათ შორის არაერთი გახმაურებული საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

ვაჟა ფანოზიშვილი კახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე 2014 წლის 12 სექტემბერს დაინიშნა. მანამდე მას სხვადასხვა თანამდებობები ეკავა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ქალაქ თბილისის პროკურატურაში.

საჯარო სამსახურის ბიუროში წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვაჟა ფანოზიშვილმა 2015 წელს შრომის ანაზღაურების სახით (პრემიებისა და დანამატების ჩათვლით) მიიღო 100 765 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს თანხა თითქმის 3-ჯერ აღემატება საოლქო პროკურორისათვის კანონმდებლობით დადგენილ ხელფასს. კერძოდ, პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №35 ბრძანებით, რომლის მიხედვითაც ქალაქ თბილისის პროკურორის, აჭარისა და აფხაზეთის ა/რ პროკურორების, ასევე საოლქო პროკურორების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2930 ლარია, რაც წელიწადში 35 160 ლარს შეადგენს. საინტერესოა, რომ ვაჟა ფანოზიშვილის თანამდებობრივი შემოსავალი მხოლოდ 2525 ლარით ჩამორჩება საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის მიერ იმავე პერიოდში მიღებული შრომით ანაზღაურების ოდენობას.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პრემია გულისხმობს ყველა სახის ფულად წახალისებას, გარდა სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ფულადი პრემიებისა, ხოლო დანამატი მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს.

კახეთის საოლქო პროკურორად ვაჟა ფანოზიშვილის მუშაობის პერიოდში, რეგიონში ათეულობით მძიმე დანაშაული მოხდა, მათ შორის არაერთი გახმაურებული საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

მაგალითად, 2016 წლის 7 აგვიტოდან 18 აგვისტომდე პერიოდში, ერთ კვირაში კახეთში სამი მკვლელობა მოხდა. მოკლეს პარლამენტის ყოფილი წევრი, ამერიკელი ტურისტი და მარტოხელა ქალბატონი.

2015 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით, 10 თვეში 6 გახმაურებული მკვლელობა მარტო თელავში მოხდა. მოკლეს ყოფილი და მოქმედი პოლიციელებიც, 30 წლის ახალგაზრდა მოკლა პოლიციელმაც.

ამ დრომდე გაუხსნელია 35 წლის არჩილ მაისურაძის, მეტსახელად „სტარიჩოკას“ მკვლელობის საქმე. ის 2014 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 24:00 საათისთვის, ქალაქ თელავის ცენტრში, ერეკლე მეორეს გამზირზე ჩაცხრილეს.

კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ასევე გამოუძიებელია საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე. 30 წლის ქალი მეუღლის ნათესავებმა დაიჭირეს, ქმრის ღალატი დააბრალეს, ფეხსაცმელი, წინდები გახადეს და სოფელ ლამბალოში ჩამოატარეს, „უნამუსოაო“. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცები ქალს აგინებდნენ და ცემდნენ კიდეც.

საოლქო პროკურატურას ამ დრომდე არ დაუდგენია ბოლო პერიოდში, რეინჯერებზე განხორციელებულ გახმაურებულ თავდასხმებში მონაწილე პირების ვინაობა.

საოლქო პროკურატურის მიერ არ არის გამოძიებული რეგიონში პოლიციის უფროსების ან თანამშრომლების მიერ მოქალაქეების ცემის, არაადამიანური მოპყრობის, ეთნიკურ ნიადაგზე შეურაცხყოფის არცერთი ფაქტი.

სახელმწიფოსგან მორალური და მატერიალური კომპენსაციის სახით, 70 ათასი ლარის გადახდას ითხოვს კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი. ამ მოთხოვნით მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სიბაშვილს ბრალი 2013 წლის 30 იანვარს წაუყენეს. თელავის სასამართლო მის საქმეს 2 წლის განმავლობაში იხილავდა.  პროკურატურა სიბაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება – გაფლანგვაში ადანაშაულებდა. საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა 2014 წლის 23 სექტემბერს დასრულდა. განაჩენის გამოტანამდე დარჩენილი იყო მხოლოდ მხარეების მიერ დასკვნითი სიტყვის წარდგენა და კამათი, თუმცა საოლქო პროკურატურის პროკურორი გიორგი ლილუაშვილი პროცესებზე აღარ ცხადდებოდა რის გამოც სასამართლო პროცესი 16–ჯერ გადაიდო. მოსამართლემ რამდენჯერმე მიწერა საოლქო პროკურატურას, რომ პროკურორი პროცესებზე გამოცხადებულიყო. 2015 წლის 11 მარტს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გიორგი სიბაშვილი წარდგენილ ბრალდებაში, ხუთივე ეპიზოდში სრულად გაამართლა. განაჩენი ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომ.


ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირები

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების ოდენობის მონიტორინგი, თანამდებობის პირთა მიერ საჯარო სამსახურის ბიუროში წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებზე დაყრდნობით განახორციელა.

საოლქო პროკურორთან შედარებით დაახლოებით 2,7-ჯერ ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ რაიონული პროკურორები. მაგალითისთვის, თელავის პროკურორის ირაკლი ჩაჩანიძის მიერ 2015 წელს მიღებული შემოსავალი მხოლოდ 37 085 ლარი იყო.

ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა ინფორმაცია საოლქო და რაიონული პროკურორების მოადგილეების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ, ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მათ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება არ ეკისრებათ. 

წელიწადში საშუალოდ 75 600 ლარს შეადგენს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეების შრომის ანაზღაურება. მაგალითად, თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა წიკლაურის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობა 2015 წლის განმვალობაში 75 619 ლარი იყო, ხოლო ირაკლი ბონდარენკოსი, რომელიც სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს, 75 531 ლარი. კანონის თანახმად, რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასი 4600 ლარია, მოსამართლეებისა კი 4000 ლარი.

73 750 ლარს შეადგენდა კახეთის რეგიონში ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის წლიური შრომითი გასამრჯელო. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 იანვრის №97 დადგენილების შესაბამისად, გუბერნატორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 5900 ლარით არის განსაზღვრული (2950 ლარის ოდენობის ხელფასი და იმავე ოდენობით ყოველთვიური დანამატი).

შედარებისთვის: საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის წლიური ანაზღაურება 82 800 ლარს შეადგენს, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა კი 80 000 ლარს. 2015 წელს მხოლოდ 51 000 ლარი შეადგინა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებულმა წლიურმა შემოსავალმა (ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ქონებრივი დეკლარაცია ჯერჯერობით არ წარუდგენია). საქართველოს მთავრობის წევრების - მინისტრების მიერ თანამდებობრივი საქმიანობის გამო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი დაახლოებით 75 000 ლარია.  

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალ ანაზღაურებას  მარეგულირებელი კომისიების თავმჯდომარეები და წევრები იღებენ. მაგალითად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ვახტანგ აბაშიძის შრომის ანაზღაურების ოდენობამ 255 425 ლარი შეადგინა, ამავე კომისიის წევრის კახა ბექაურისა - 242 685 ლარი; ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას წლიური გასამრჯელო 147 750 ლარი იყო, იმავე კომისიის წევრ გოჩა შონიასი კი 146 550 ლარი. გარდა ამისა, ბოლო დეკლარაციის მიხედვით, 154 485 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, ხოლო ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ - 150 000 ლარი.

2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში სრულწლოვანი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 157,3 ლარს შეადგენს.

შემოსავლების სამსახურის 2016 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში 100 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს 25 001 ადამიანს, საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი 62 681-ს, ხოლო ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალი კი 130 282 ადამიანს.



ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 25.09.17
15:00-18:00
Heavy rain showersfrom east-southeast21°C1.8m/s
3.0mm
18:00-00:00
Rainfrom south-southeast16°C0.8m/s
1.4mm
სამშაბათი 26.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east17°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 27.09.17 12:00-18:00
Rainfrom east13°C1.9m/s
1.1mm
ხუთშაბათი 28.09.17 10:00-16:00
Heavy rainfrom east9°C2.8m/s
11.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< ნოემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30