12:24:58

ფირნიშები
Share |

ახმეტის გამგებლისა და მისი მოადგილის მეუღლეები ისრაელში ოფიციალური სტატუსით


ახმეტის გამგებლისა და მისი მოადგილის მეუღლეები ისრაელში ოფიციალური სტატუსით

ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური სპორტული სკოლის მოჭიდავეებთან ერთად ისრაელში გაემგზავრა. მოჭიდავეთა გუნდის უშუალო მწვრთნელის ადგილი დელეგაციის შემადგენლობაში არ აღმოჩნდა, სამაგიეროდ მასში ოფიციალური პირების სტატუსით გამგებლისა და მისი მოადგილის მეუღლეებიც არიან.

2016 წლის 24 - 28 მარტს ისრაელის ქალაქ თელავივში ტარდება საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში ჭაბუკთა შორის. ჩვენი ინფორმაციით, ამ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად საქართველო ორი გუნდით იქნება წარმოდგენილი - ქალაქ თბილისში არსებული ძიუდოს კლუბი „ჯორჯია“ და ახმეტის ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სპორტული სკოლა.

ძიუდოს კლუბ „ჯორჯიას“ დელეგაცია 8 სპორტსმენითა და 2 მწვრთნელით (კარენ არუთინიანი და გია გაგნიძე) დაკომპლექტდა, ხოლო ახმეტის დელეგაციის შემადგენლობა გაცილებით სოლიდურად არის წარმოდგენილი; მასში ასევე 8 მოჭიდავე და 2 მწვრთნელია - მამუკა აბრამიშვილი (სპორტსკოლის დირექტორი) და ზეზვა შათირიშვილი, თუმცა, იმავე დელეგაციის შემადგენლობაში ოფიციალური პირის სტატუსით კიდევ 4 პირია წარმოდგენილი: ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური; მისი მეუღლე მეგი ლაგაზაური; გამგებლის მოადგილის ვანო ნასყიდაშვილის მეუღლე ხათუნა თურმანაული, რომელიც „ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გარეგანათების სამსახურის“ თანამშრომელია; ზეზვა შათირიშვილის მეუღლე ფატი ჭიჭიაშვილი – ახმეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარის არჩილ შათირიშვილის დედა.

გამგეობის ერთ–ერთმა თანამშრომელმა, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვამჟღავნებთ, კახეთის საინფორმაციო ცენრტს განუცხადა: „ზვიადაურის სახელობის სპორტსკოლიდან ტურნირზე 8 ბავშვი იღებს მონაწილეობას, თუმცა მათი უშუალო მწვრთნელი ზაზა კოტორაშვილი ისრაელში არ წაიყვანეს. სამაგიეროდ, ისრაელში გაემგზავრნენ გამგებლისა და მისი მოადგილის, ასევე მეორე მწვრთნელის ცოლები, რომლებსაც სპორტთან არავითარი კავშირი არა აქვთ. მათი მოგზაურობის მიზანი აღდგომის დღესასწაულის წინ წმინდა ადგილების მონახულებაა.“ იგივე წყარო ამბობს, რომ ახმეტის გამგებელი საზღვარგარეთული ვოიაჟების დიდი მოყვარულია და ამ თვალსაზრისით ყველა წინამორბედს ბევრად გადააჭარბა. ისრაელიდან დაბრუნების შემდეგ იგი კანადაში, ქალაქ ტორონტოში აპირებს გამგზავრებას.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი სპორტსკოლის მწვრთნელს ზაზა კოტორაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ისრაელში ოჯახური პირობების გამო ვერ წავიდა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბექა ბაიდაურს ტელეფონი გამორთული აქვს. შესაბამისად, ამ ეტაპზე მისგან კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.

გამგებლის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილი, რომლის მეუღლე ხათუნა თურმანაული დელეგაციის შემადგენლობაშია, ამბობს: „მეზობლები ვართ მე და ზაზა შათირიშვილი. ჩემი მეუღლე მის მეუღლესთან მეგობრობს. გადაწყვიტეს, რომ აღდგომამდე ისრაელში წმინდა ადგილები მოელოცათ. იყიდეს ბილეთები და წავიდნენ. ბიუჯეტიდან ამაში ფული არ დახარჯულა. ვიზაც არ სჭირდება. არავითარი პრივილეგია არ მიგვიღია“.

- ბატონო ვანო, შესაძლოა, ისრაელში თქვენი მეუღლის ვიზიტზე საბიუჯეტო თანხა არ დაიხარჯოს, მაგრამ მასპინძელი მხარის მიერ ოფიციალურად მიწვეულ პირთა სიაში, დოკუმენტში როგორ მოხვდა? პირთა სია ხომ წინასწარ ეგზავნება და თანხმდება ხოლმე მეორე მხარესთან?

- ბიუჯეტიდან ფული არ დაგვიხარჯავს.

საინფორმაციო ცენტრების ქსელისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ საიდან ხდება ხარჯების ანაზღაურება ისრაელში წასული დელეგაციის წევრებისათვის.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრის საჯარო მმართველობის მონიტორინგის მიმართულების ხელმძღვანელი, იურისტი გელა შაშიაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო, მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის ვიზის მიღებისათვის გაწეული ხარჯებისაგან. კონკრეტულად ისრაელის შემთხვევაში, მოკლევადიანი მივლინებისას სადღეღამისო ნორმა 49 აშშ დოლარს შეადგენს, საცხოვრებელი ფართობის დაქირავების დღიური თანხა 117 აშშ დოლარს, ხოლო მგზავრობის ღირებულება - 800 ლარს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში სპორტის განვითარებისთვის 717,7 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამ თანხაში შედის სპორტული სკოლის დაფინანსებაც. არასამუშაო დღეების გამო, ჩვენ ვერ შევძელით იმის დაზუსტება, ზუსტად რამდენია გამოყოფილი მსგავს ტურნირებში სპორტული სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობის დასაფინანსებლად. თუმცა, ტურნირის მონაწილეთა მშობლებთან დავაზუსტეთ, რომ თითოეულ ბავშვს დამატებით 100 აშშ დოლარი გადაახდევინეს.

შეგახსენებთ, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 2015 წლის 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც საუბარი იყო, რომ ახმეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის ვიზიტებზე საზღვარგარეთ (ამერიკის შეერთებული შტატები, პოლონეთი, მოლდოვა, ლიტვა, ლატვია, საფრანგეთი), რომელთა დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ათეულობით ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა ვიზიტების ერთადერთ მიზანს სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებებზე დასწრება წარმოადგენდა.

გარდა ამისა, 2015 წლის 22 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში ახმეტის გამგებელი მხილებულ იქნა კორუფციულ ქმედებაში, როდესაც მან საკუთარი ცოლისძმა შმაგი ლაგაზაური, რომელიც მისი პირადი მძღოლიცაა, ერთკვირიანი „კულტურული დასვენების“ მიზნით ლატვიაში მიავლინა, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს 2300 ლარი დაუჯდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი მასპინძელი მხარის მიერ იყო დაფინანსებული. მოგვიანებით გამოირკვა, რომ გამგებლის ცოლისძმა მისთვის ზედმეტად გაწერილი სამივლინებო თანხით ქალაქ რიგის ღამის კლუბში ატარებდა დროს.



ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
17:00-18:00
Partly cloudyfrom northeast27°C2.6m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast26°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.0m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast24°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 27
28 29 30 31