20:45:25

ფირნიშები
Share |

შსს–ს მიერ ტერორისტად გამოცხადებული მიკაილ კადიევის საქმე

„არ გადასცე მიკაილ კადიევი რუსეთს! უთხარი არა წამებას!“საქართველოს ხელისუფლება აპირებს რუსეთის პროკურატურას გადასცეს დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტი, 32 წლის მიკაილ კადიევი. საქართველოში კანონიერად მყოფი კადიევი შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა 2012 წლის დეკემბერში მოიტაცეს და საბუთები ჩამოართვეს. კადიევმა გაქცევა მოახერხა. 6 თვის შემდეგ ის თბილისში „ტერორისტული აქტების ჩადენის მცდელობის“ ბრალდებით დააკავეს. კადიევს ეს დანაშაული არ დაუმტკიცდა, თუმცა სასამართლომ მას 2 წლით პატიმრობა მაინც მიუსაჯა, საქართველოს მთავრობამ კი უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

მოტაცება ბათუმში

საქართველოში კანონიერად მყოფი მიკაილ კადიევი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა 2012 წლის 13 დეკემბერს ბათუმში მოიტაცეს და პასპორტი ჩამოართვეს. კადიევის მოტაცების შესახებ ინფორმაცია დაღესტნელმა მოჯაჰედმა მაგომედ მაგომედოვმა 16 დეკემბერს მომაწოდა, როცა მე მას გლდანის N8 საპყრობილეში შევხვდი. მაშინ სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრი ვიყავი. მაგომედოვმა მითხრა, რომ კადიევის მოტაცების დროს მასთან ერთად იმყოფებოდა. მისივე თქმით, მათ კიდევ ერთი პირი, ბათუმელი თემურ ბახუნტარიძე ახლდათ. შსს–ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მაგომედოვი საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ბრალდებით დააკავეს. 15 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

17 დეკემბერს, როცა მიკაილ კადიევის გაუჩინარებასთან დაკავშირებით საქართველოს შსს–ს მივმართე, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განმიცხადა: „კადიევი დაკავებული არ ყოფილა. მას ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა. უკანონოდ არ გადმოუკვეთავს საზღვარი. ალბათ საქართველოში იქნება. მეორეს დაკავებას ვადასტურებთ“.

შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა ირაკლი ჩიმაკაძემ წერილობით გვაცნობა: 2012 წლის 13 დეკემბერს, შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ ქალაქ ბათუმში მაგომედ მაგომედოვის და მიკაილ კადიევის მიმართ პროცესუალური საგამოძიებო მოქმედება დაკავება არ განხორციელებულა და შესაბამისად, არც დაკავების ოქმი იქნა შედგენილი ქალაქ ბათუმში“ [წერილი N251595].

შს სამინისტრო დაღესტნელების დაკავებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას რომ ავრცელებდა, ეს კადიევის მოტაცების და მაგომედოვის დაკავების დროს მათთან ერთად მყოფმა თემურ ბახუნტარიძემაც დაგვიდასტურა. თავის წერილობით ახსნა – განმარტებაში ბახუნტარიძე აცხადებს: კადიევი და მაგომედოვი ბათუმში სტუმრად ჩემთან იმყოფებოდნენ. ორივეს სურდა თურქეთში გადასვლა. მე ვეხმარებოდი. დავაკავშირე მძღოლს, რომელსაც თურქეთში უნდა გაყოლოდნენ. 2012 წლის 13 დეკემბერს, შუადღის ნამაზის შემდეგ, მე, მიკაილი და მაგომედი აფთიაქში გავედით წამლების საყიდლად. ჩვენ ვმოძრაობდით ავტომანქანით ლეონიძის ქუჩაზე, რა დროსაც გაგვაჩერეს სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პირებმა. გადმოგვიყვანეს ავტომანქანიდან, მე ცალკე გამიყვანეს, მაგომედოვი და კადიევი წაიყვანეს. დაახლოებით 4 საათის შემდეგ სახლიდან დამირეკა ჩემმა მეუღლემ და მითხრა, რომ ბინის გასაჩხრეკად იყვნენ მისულები პოლიციიდან. წაიღეს კადიევის და მაგომედოვის ნივთები, კადიევის პასპორტიც. ადგილზე ჩხრეკის ოქმი არ შეუდგენიათ. მეორე თუ მესამე დღეს დამიკავშირდნენ პოლიციელები და მითხრეს, რომ მიკაილ კადიევი თბილისში გადაყვანისას გაიქცა. დამიბარეს, თუ გამოჩნდებოდა, მათთვის უნდა მეცნობებინა“.

2012 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს მთავარი პროკურორის დადგენილების თანახმად, მაგომედ მაგომედოვს ამნისტია შეეხო და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. ამავე დროს, მაგომედოვმა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა. 14 იანვარს მაგომედოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მასთან საქართველოში მისი მეუღლე ქალიმან ბაგდანი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდა. ისინი თბილისში, კაკაბაძის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ერთ ოთახში ქირით ცხოვრობდნენ. 2013 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 12:40 საათზე მაგომედ მაგომედოვი კაკაბაძის ქუჩიდან გაუჩინარდა. მისთვის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ლტოლვილის სტატუსი მინიჭებული არ ჰქონდა.

2013 წლის 14 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ – მინისტრს ბიძინა ივანიშვილს გაუჩინარებულ დაღესტნელებთან დაკავშირებით ვკითხე.

„დაღესტნელებზე საერთოდ ვერაფერს ვერ გეტყვით. ამას მე აუცილებლად გავიკითხავ და დავინტერესდები, როდესაც დამთავრდება პრესკონფერენცია. გავარკვევ რამდენად ობიექტურია თქვენი შეკითხვაც ამ შემთხვევაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მანანა თოქმაჯიშვილი, პრემიერ – მინისტრის პრესსამსახურის თანამშრომელი: გელა, მე შემიძლია ჩევერთო. როგორც შსს–ს პრესსამსახურმა გვაცნობა, არავინ არ არის გაუჩინარებული და ეს ფაქტი შსს–ს მიერ არ დასტურდება.

ბიძინა ივანიშვილი: დაუკავშირდნენ სანამ თქვენ გპასუხობდით, იმხელა კითხვა გქონდათ, რომ მთელი სამინისტრო ფეხზე დადგა.

მაგომედ მაგომედოვის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. მაგომედოვის დედის ჰარულენ აბდულკადიროვას ცნობით, ოჯახს აქვს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ მაგომედოვი ქალაქ სტავროპოლში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მე–6 განყოფილებაშია. გაუჩინარებული მოჯაჰედის დედა ვარაუდობს, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის „ფარული ექსტრადირების“ პრაქტიკა განახლდა.

 

დაკავება ტერორისტული აქტების ჩადენის მცდელობის ბრალდებით

კადიევის გაუჩინარებიდან 6 თვის შემდეგ, 2013 წლის 13 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია მისი დაკავების თაობაზე. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. დღეს, გამთენიისას, თბილისში დაკავებულ იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.

გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს.

ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების - ხელშემწყობებისა და მფარველების - გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში.

ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე და გვსურს დაგარწმუნოთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს ტერორიზმის საფრთხისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის მიზნით“.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

„ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობის ბრალდებით“ დაღესტნელების დაკავების შესახებ ინფორმაციას მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდნენ საერთო ეროვნული ტელეკომპანიები. იმავე დღეს, სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ ნინო გიორგობიანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერაქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დაღესტნელი სააკაშვილის მფრინავის, ვერტმფრენების კომპანია „თუშეთის“ მფლობელის ზაურ ქორთოშიძის სახლში ცხოვრობდა.

ტერორიზმთან დაკავშირებული განცხადებების მიუხედავად, საქართველოს პროკურატურამ კადიევსა და ომაროვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. კადიევმა და ომაროვმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნეს. მათი თქმით, იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა, ნაქირავებ ბინაში, დაკავების დროს, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ჩაუდეს.

 

მტკიცებულებები ბრალდების წინააღმდეგ

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ შს სამინისტროს პრესსპიკერმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, პროკურატურის ბრალდებას კი სადავოს ხდის.

საქმის მასალების მიხედვით, „ჯგუფურად ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტზე“, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 18–323 მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გამოძიება 2013 წლის 12 ივნისს დაიწყო. სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო  კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ირაკლი ჩიმაკაძის სახელზე, ამავე ცენტრის მე–2 სამმართველოს უფროსის შოთა ჭანუყვაძის პატაკი.

„მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ეროვნებით დაღესტნელები რიზვან ომაროვი, დაბადებული 08.07.1973 წელს და მიკაილ კადიევი, დაბადებული 28.09.1982 წელს, ამჟამად იმყოფებიან საქართველოში და საქართველოს მოსახლეობაში შიშის დათესვის მიზნით განზრახული აქვთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აფეთქების გზით ტერორისტული აქტების მოწყობა. დასახული მიზნის მისაღწევად, შერჩეული აქვთ საცხოვრებელი ბინა მდებარე თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N50/18, სადაც უკანონოდ ინახავენ დიდი რაოდენობით ასაფეთქებელ ნივთიერებებს, მოწყობილობებსა და ცეცხლსასროლ იარაღს. ამასთან, აღნიშნული პირები არიან კარგად გაწვრთნილი მეომრები და სამართალდამცავ ორგანოებთან კონტაქტის შემთხვევაში მათი მხრიდან მოსალოდნელია შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა. ამავე ინფორმაციის თანახმად, რიზვან ომაროვს და მიკაილ კადიევს საცხოვრებელი ბინის მოძიებასა და საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაში დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეები კობა მიშიძე, ზაურ ქორთოშიძე, თორნიკე ქორთოშიძე და რუსლან გასანოვი“, – აღნიშნულია პატაკში.

საქმის მასალების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მიკაილ კადიევის და რიზვან ომაროვის დაკავებამდე, იმის მიუხედავად, რომ თითქოს ისინი „ტერორისტული აქტების მოწყობას აპირებდნენ“, არ განუხორციელებიათ მათი თვალთვალი, მოსმენა, გადაადგილების მარშრუტების და კავშირების დადგენა ან შესწავლა (სხვა დამნაშავეების გამოვლენის მიზნით), არამედ პირდაპირ დააკავეს. კადიევმა და ომაროვმა ბინის კარი თავად გააღეს მას შემდეგ, რაც დაუკაკუნეს და უთხრეს, რომ პოლიციიდან იყვნენ. დაკავებისას არ გაუწევიათ წინააღმდეგობა.

ბოჭორმის ქუჩა N50/18–ში მდებარე ბინა, სადაც კადიევი და ომაროვი დროებით ცხოვრობდნენ, 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზეა. კორპუსს საკუთარი დაცვის სამსახური ჰყავს. ტერიტორიაზე ორი ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, სადარბაზოს შესასვლელსა და ეზოში. ბინის მესაკუთრეთა თანხმობით, დაწესებულია 24 საათიანი მეთვალყურეობა. კადიევის და ომაროვის დაკავების შემდეგ ჩანაწერები სამართალდამცავებმა წაიღეს. სისხლის სამართლის საქმეში ვიდეოკამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით არანაირი მასალა არ არის.

ბინის მეპატრონე მერი ლომიძე ამბობს, რომ გაქირავების შემდეგ, მას ბინაში შესასვლელად გასაღები ჰქონდა და დამქირავებლებმა ამის შესახებ იცოდნენ. შესაბამისად, საეჭვოა, კადიევს და ომაროვს იქ ასაფეთქებელი მოწყობილობები და იარაღი შეენახათ. გამოძიებას  ბინის მეპატრონე ამ საკითხზე დაკითხული საერთოდ არ ჰყავს.

მიკაილ კადიევის მეშვეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ჩვენ მოვიპოვეთ საქართველოში მისი შემოსვლისა და გასვლის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი. წერილის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მიკაელ კადიევი საქართველოში 2011 წლის 7 იანვარს შემოვიდა, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით და მას შემდეგ საქართველო არ დაუტოვებია. ეს დოკუმენტი სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს საქართველოს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნინო გიორგობიანს, რომელმაც კადიევის და ომაროვის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს“.

მიკაილ კადიევის ძმამ რამაზ კადიევმა 2013 წლის 23 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები დაკავების შემდეგ მისი ძმისგან პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ითხოვდნენ: „ჩემს ძმას და მასთან ერთად დაკავებულ რიზვან ომაროვს ეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილზე ჩვენება მიეცათ, რომ მათ კავშირი ჰქონდათ პრეზიდენტთან და მათ გაათავისუფლებდნენ“. ეს ინფორმაცია მიკაილ კადიევმაც დაადასტურა. „მე მორწმუნე ადამიანი ვარ. ცრუ ჩვენებას ვერავის წინააღმდეგ ვერ მივცემ. პრეზიდენტის მფრინავის სახლში ცხოვრობდაო რომ გამოაცხადეს, ქორთოშიძეებს დაღესტანში ნათესავები ჰყავთ და საქართველოში ბინის დაქირავებაში დამეხმარნენ. ვიდრე ბინას ვიქირავებდი კი დროებით ზაურ ქორთოშიძის შვილის თორნიკე ქორთოშიძის სახლში ვცხოვრობდი და ეს დანაშაული არ არის“, – აღნიშნა მიკაილ კადიევმა.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ კადიევის და ომაროვის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღება მოხდა შიშველი ხელებით, სპეციალური ხელთათმანის გარეშე. გამოძიებას არ ჩაუტარებია დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა. გამოძიება არ დაინტერესებულა აღმოჩნდებოდა თუ არა იარაღზე და ასაფეთქებელ ნივთიერებებზე კადიევის ან ომაროვის ხელის ანაბეჭდები.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას კონტრტერორისტული ცენტრის გამომძიებელმა უსუფ თვალიაშვილმა განაცხადა: „იარაღზე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა იმიტომ არ ჩავატარე, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე, მაკაროვის პისტოლეტი ისეთი კონსტრუქციისაა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მისგან ანაბეჭდები არ ამოდის“.მიკაილ კადიევისადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის კითხვაზე, ზოგიერთ შემთხვევაში თუ არ ამოდის ანაბეჭდების კვალი, ე.ი ზოგიერთ შემთხვევაში ამოდის და ხომ შეიძლებოდა ამ შემთხვევაში ამოსულიყო, რატომ არ დანიშნე ექსპერტიზა, გამომძიებელმა განაცხადა: „არ დავნიშნე ექსპერტიზა იმიტომ, რომ ამ პისტოლეტიდან არ ამოვიდოდა დაკავებულების ანაბეჭდების კვალი“. ადვოკატის კითხვაზე, რატომ არ დანიშნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ცელოფანზე, რომელშიც ბრალდების მტკიცებით ასაფეთქებელი ფხვნილი იყო გახვეული, გამომძიებელმა უპასუხა: „ცელოფანზე ექსპერტიზა არ დავნიშნე იმიტომ, რომ არ დავნიშნე“.

მიკაილ კადიევის მეშვეობით ჩვენ გამოვითხოვეთ შს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრიდან, რეგისტრირებულია თუ არა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი N TH 2340 ან ხომ არ დგას აღიცხვაზე ძებნილ იარაღთა ბაზაში. შსს–ს ოფიციალური პასუხის თანახმად, ამ მონაცემების იარაღი არც რეგისტრირებულია და არც ძებნაშია.

საქმის სასამართლო განხილვისას კადიევის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა იშუამდგომლა მოწმის სახით მომხდარიყო მოქალაქე გიორგი სუხიაშვილის დაკითხვა. შუამდგომლობის დაყენებამდე ადვოკატმა წერილობითი ახსნა – განმარტება ჩამოართვა იარაღების სპეციალისტს გიორგი სუხიაშვილს, სადაც ის ამბობს, რომ ამოიცნო იარაღი, რომელიც კადიევის დაკავების დროს ტელევიზიით აჩვენეს. სუხიაშვილის განმარტებით, მანამდე მაკაროვის აღნიშნული პისტოლეტის ჩადება კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მის ბინაში სცადეს.

„ტელევიზიით აჩვენეს თითქოსდა ე.წ. ტერორისტების ბინაში აღმოჩენილი „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი. მე მაშინვე ვიცანი ეს პისტოლეტი. 1995–2003 წლებში ვმუშაობდი სახელმწიფო სამხედრო ცენტრ „დელტაში“, სადაც ამზადებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს. ამ დაწესებულებაში მეკავა ცეცხლსასროლი იარაღების წამყვანი კონსტრუქტორის თანამდებობა, ანუ ვარ ცეცხლსასროლი იარაღების კონსტრუქტორი და სპეციალისტი, რის გამოც კარგად ვერკვევი ნიუანსებში. როდესაც ტელევიზიით აჩვენეს პისტოლეტი, მე მაშინვე ვიცანი. 2013 წლის 29 იანვარს ჩემს საცხოვრებელ ბინაში ანტიტერორისტული ცენტრის წარმომადგენლების მიერ ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც მათ ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო ვერ აღმოაჩინეს. ბოლოს, ერთ–ერთმა მათგანმა, ანტიტერორისტული ცენტრის უფროსმა ირაკლი ჩიმაკაძემ, მაგიდის გვერდით, საუთოვებელზე პირდაპირ დადო სწორედ ეს იარაღი. როცა ბინის ჩხრეკა დაამთავრეს, შემომედავნენ რომ „კარაბინი“ მქონდა დატოვებული ბიძის სახლში და კიდევ „გეკოს“ 11 ცალი ვაზნა მაგიდის უჯრაში. პისტოლეტი, რომელიც თვითონ დამიდეს, უკან წაიღეს, ოქმშიც არ დაუფიქსირებიათ. ალბათ იფიქრეს, რომ სახლში ჩხრეკის დროს იყვნენ დედაჩემი და ჩემი მეუღლე, რომლებიც დაადასტურებდნენ იარაღის დადების ფაქტს. როგორც ჩანს, ამას მოერიდნენ. ეს პისტოლეტი ამოვიცანი შემდეგი ნიშნებით: იარაღს ჩამკეტზე აქვს სპეციფიური ლაქები, ქიმიური ოქსიდირება. ალაგ – ალაგ არის გაქერცლილი, სიძველისგან და მოუვლელობისგან აქვს ჟანგის წინწკლები. ჩიმაკაძემ, როცა ეს იარაღი მე დამიდო, პისტოლეტიდან ამოიღო მჭიდი, რომელშიც იყო 5 – 6 ვაზნა, რომლებსაც დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა. ვაზნაზე, იმ ადგილზე, სადაც გილზა მთავრდება და ტყვიის თავი იწყება, მელნისფერი ჰერმეტული საღებავი ჰქონდა. როცა იგივე იარაღი დაღესტნელების ბინაში ამოიღეს, მე შევედი ინტერნეტში და ვიდეო კიდევ ერთხელ ყურადღებით ვნახე. დავაკვირდი და დავრწმუნდი, რომ ეს სწორედ ის პისტოლეტი და ტყვიები იყო, რომელიც ჩემთან ჩხრეკის დროს დადეს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა. თუ გავრცელებულ ვაზნებს აქვს წითელი ან მწვანე ჰერმეტული საღებავი, ამ ტყვიებს როგორც აღვნიშნე ჰქონდა იასამნისფერ – მელნისფერი ჰერმეტული საღებავი. ეს ვაზნები გაცილებით იშვიათად გვხვდება და მას „სტეჩკინის“ ვაზნებს ეძახიან“, – განმარტავს ადვოკატისთვის მიცემულ ჩვენებაში გიორგი სუხიაშვილი.

მისივე თქმით, მისი ბინის ჩხრეკაში მონაწილეობდნენ ირაკლი ჩიმაკაძე, შოთა ჭანუყვაძე, უსუფ თვალიაშვილი, ლევან სადუნიშვილი და ირაკლი კოკაია, ზუსტად ის პირები, ვინც კადიევის და ომაროვის საქმეშიც ფიგურირებენ.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გიორგი სუხიაშვილის დაკითხვაზე შუამდგომლობა დააკმაყოფილა, პროკურატურა წინააღმდეგი იყო. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო პროცესზე გიორგი სუხიაშვილი აღარ გამოცხადდა, არადა თავის ახსნა – განმარტებაში ის წერს, რომ მზად იყო სასამართლოსთვის დეტალური ჩვენება მიეცა. სუხიაშვილი აღარც კადიევის ადვოკატის სატელეფონო ზარებს პასუხობდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად მას ვერც ჩვენ დავუკავშირდით. გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, ის პროკურატურაში დაიბარეს და უთხრეს, რომ მიკაილ კადიევის საქმეზე სასამართლოსთვის ჩვენება არ მიეცა. პროკურორმა ქრისტინე კვეკვეციამ მოწმეზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია უარყო.

არასაკმარისი და საეჭვო მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ კადიევი და ომაროვი დამნაშავეებად ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

 

უარი თავშესაფარზე და საქართველოს ხელისუფლების არგუმენტი – რუსეთის პროკურატურამ გარანტია მოგვცა, რომ კადიევს არ აწამებენ

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მიკაილ კადიევის ექსტრადირების მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლებას უკვე 2–ჯერ მიმართა. კადიევს რუსეთის პროკურატურა 2009 წელს, მოსკოვში მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს. კადიევი მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს. მისი თქმით, მკვლელობის დღეს ის არა მოსკოვში, არამედ დაღესტანში იმყოფებოდა, სამსახურში და ამას არაერთი პირი ადასტურებს. მისივე თქმით, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები მას განსხვავებული მოსაზრებების და სამოქალაქო აქტიურობის გამო დევნიან, რასაც დაღესტნის რესპუბლიკაში მოქმედი უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

„მასობრივ გამოსვლებში კონსტიტუციის დასაცავად ხშირად გამოდიოდა მიკაილ კადიევი. თანამშრომლობდა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან არამარტო ხასავიურტში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ. ყოველთვის გვეხმარებოდა იგი ხალხის დაცვაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყველა ის ბრალდება, რაც კადიევის მიმართ არის, გამოწვეულია დაღესტანში მისი უფლებადაცვითი საქმიანობიდან გამომდინარე. 2010 წელს ის იძულებული გახდა რუსეთის ტერიტორია დაეტოვებინა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 7 უფლებადაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი აწერს.

ერთ–ერთი მათგანი, დაღესტნელი უფლებადამცველი მამათ ბაისულთანოვი საქართველოშიც ჩამოვიდა და თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, უარი უთხრან რუსეთის პროკურატურას მიკაილ კადიევის ექსტრადირებაზე.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, დარახველიძის მინისტრობის პერიოდში, უარი უთხრა მიკაილ კადიევს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. სამინისტროს დასკვნაში აღნიშნულია:

„საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება უნდა განახორციელოთ რუსეთის შესაბამის სტრუქტურებში;

თქვენ მიერ გამოთქმულ შიშს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში სპეცსამსახურების თანამშრომლები მოგკლავენ, ჩვენს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან თქვენი საკითხი  განიხილება ექსტრადიციის კუთხით და სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში გემუქრებათ პატიმრობა.

რაც შეეხება ციხეებში არსებულ პირობებს, ადგილი აქვს წამებასა და ადამიანის ღირსების შემლახველ მოპყრობას, მაგრამ აღნიშნული არ იძლევა მტკიცების საფუძველს, რომ ეს მეთოდები გამოყენებული იქნება კონკრეტულად თქვენს წინააღმდეგ.

ამას ამყარებს 2013 წლის 16 ივლისით დათარიღებული, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილის გ. ბ. ლოპატინის დიპლომატიური გარანტია, რომლითაც რუსეთის ფედერაცია იღებს ვალდებულებას, რომ თქვენ გექნებათ დაცვის გამოყენების უფლება და არ დაექვემდებარებით წამებას, არაადამიანურ და ადამიანის ღირსების შემლახველ  მოპყრობას“.

მიკაილ კადიევმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 

მიკაილ კადიევის პასპორტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ არის გაცემული, ძალაში 2014 წლის 25 დეკემბრამდეა. ვადის გასვლის და სასჯელის მოხდის შემდეგ, მას საქართველოდან გაძევება ემუქრება, თუ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება არ შეცვალა.

მიკაელ კადიევის რუსეთში ექსტრადირება დაუშვებლად მიაჩნია საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს.

არ გადასცე მიკაილ კადიევი რუსეთს! უთხარი არა წამებას! ამ მოწოდებით საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებმა კამპანია დაიწყეს. უახლოეს დღეებში თბილისში დაღესტნიდან უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც აპირებენ ჩამოსვლას და აქ მომუშავე არასამთავრობოებთან შეხვედრას. ისინი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს სთხოვენ, ახლიდან შეისწავლოს კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი და 32 წლის ახალგაზრდა რუსეთში წამებისთვის არ გაწიროს.

გელა მთივლიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

 

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 22.01.18
01:00-06:00
Partly cloudyfrom west-southwest0°C1.9m/s
0mm
06:00-12:00
Cloudyfrom southwest5°C0.6m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast8°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest5°C1.3m/s
0mm
სამშაბათი 23.01.18 12:00-18:00
FairNNW9°C0.3m/s
0mm
ოთხშაბათი 24.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom northwest7°C2.2m/s
0mm
ხუთშაბათი 25.01.18 10:00-16:00
Snowfrom east-northeast-1°C2.0m/s
2.8mm
yr.no

ავტორიზაცია

< სექტემბერი 2014 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30