ვერტმფრენში მღვდლების ყოფნის გამო პოლიციის მაღალჩინოსანი დაითხოვეს

ვერტმფრენში მღვდლების ყოფნის გამო პოლიციის მაღალჩინოსანი დაითხოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარჯიშო ფრენების დროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მღვდლების ყოფნის გამო, საიდანაც მათ ყვარლის სოფლების სკოლების მოსწავლეები აკურთხეს და კანფეტები ჩაუყარეს, სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა.

„მიმდინარე წლის 15 ნოემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენით კახეთის რეგიონის სოფელ ენისელის მიმართულებით გახორციელებული სავარჯიშო ფრენების დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. მომხდარი ფაქტის გამო, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფომ“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში, გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა ბავშვები ვერტმფრენიდან აკურთხეს და კანფეტები ჩაუყარეს. შილდის N1 სკოლის მოსწავლეების თქმით, ისინი აქციის შემდეგ სკოლაში აღარ დაბრუნდნენ და გაკვეთილები გააცდინეს. აქციის ორგანიზატორმა მამა იოანემ „რეგინფოსთან“ საუბარში განაცხადა, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით იფრინეს და ეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული იყო.

ამავე რუბრიკაში

სიახლეები პანკისიდან